in

რომელია საუკეთესო და ყველაზე ცუდი ფერები თქვენი საძინებლისთვის?

თქვენ მიერ შერჩეულ ფერს შეუძლია ინტერიერი გაალამაზოს ან დააუშნოოს, თუმცა, იცოდით, რომ ფერები თქვენს ემოციებსა და ზოგად კეთილდღეობაზეც მოქმედებს? ეს უკვე დადასტურებულია. ამიტომაც საძინებლისთვის ფერის შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ესაა სივრცე, სადაც იძინებთ და იღვიძებთ. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ საუკეთესო და ყველაზე ცუდ ფერებს საძინებლისთვის.

საუკეთესო ფერები

საძინებლის გასაფორმებლად საუკეთესო ვარიანტია ბუნებრივი, ე. წ. „მდუმარე“ ფერები, რომლებიც ზედმეტად ბევრ ემოციას არ იწვევს. მწვანე და ლურჯი, ასევე რბილი ტონები, მაგალითად, ვარდისფერი, საამისოდ შესანიშნავი არჩევანია.

ხაკისფერი

მწვანე ფერი განასახიერებს ბუნებას, ზრდასა და ნაყოფიერებას, შესაბამისად, საძინებლის გასაფორმებლად ის იდეალური არჩევანია. შეგიძლიათ ბუნების სიმშვიდე ოთახში მდიდარი ხაკისფერი ტონით ან მცენარეებით შემოიტანოთ. ეს უკანასკნელი ესთეტიკურ სიამოვნებასაც მოგგვრით და თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს.

ლურჯი

ლურჯი საძინებლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფერია, რადგან დადასტურებულია, რომ ტვინზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ზოგადად, ლურჯი ტონების უმეტესობა მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, თუმცა, მშვიდი ძილისთვის ღია ლურჯი უფრო გონივრული არჩევანია.

ვარდისფერი

ნაზ, პასტელურ ვარდისფერს შეუძლია, დასვენებისთვის შესაბამისი გარემო შექმნას. უპირატესობა მიანიჭეთ მკრთალ, „რბილ“ ვარდისფერს, რადგან მკვეთრი ტონები ხელს უშლის ჩაძინებას.

ყველაზე ცუდი ფერები

თავი აარიდეთ მკვეთრ წითელსა და იასამნისფერს, ასევე, პირქუშ ფერებს, მაგალითად, მუქ ნაცრისფერს. საძინებელი მშვიდი უნდა იყოს, ეს ფერები კი პირიქით, აღვიძებს ენერგიას და მოსასვენებელ სივრცეს არამიმზიდველად აქცევს.

წითელი

დადგენილია, რომ წითელი ზრდის ტვინის აქტივობას და ხელს უწყობს სიფხიზლეს, ამიტომ, თუ მშვიდი ძილი გინდათ, ამ ფერის გამოყენებისგან თავი შეიკავეთ.

მუქი ნაცრისფერი

მიუხედავად იმისა, რომ ღია ნაცრისფერი შეიძლება დამამშვიდებლად მოქმედებდეს, მისი მუქი ტონები საძინებელში ცივ, დამთრგუნველ ატმოსფეროს ქმნის.

მკვეთრი იასამნისფერი

იქიდან გამომდინარე, რომ მკვეთრი იასამნისფერი წითელ ნახევარტონებს შეიცავს, ზრდის ენერგიის დონეს და ხელს უშლის ჩაძინებას. თუ საძინებელში ამ ფერის გამოყენებას მაინც აპირებთ, შეარჩიეთ „მდუმარე“ ტონები, მაგალითად, ლავანდისფერი.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

 

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სად შევიძინო სააღდგომო დეკორი? – 11 ადგილი თბილისში

როგორ მოვაწყოთ საბავშვო საძინებელი სხვადასხვა სქესის ბავშვებისთვის