in

ფერების ფსიქოლოგია: როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე

სახლში ფერების გამოყენება არა მხოლოდ აცოცხლებს სივრცეს, არამედ ძლიერად ზემოქმედებს მაცხოვრებლის ემოციურ მდგომარეობაზე. დღეს ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ფერი სწორად და იზრუნოთ საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

თეთრი

თეთრი სისუფთავესა და სიმსუბუქესთან ასოცირდება. ის შესანიშნავია პატარა სივრცეებისთვის, რადგან თეთრი ხელს უწყობს ოთახის ფართობის ვიზუალურად გაზრდას. გარდა ამისა, ღია ელფერები ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს: ისინი ადამიანებს ენერგიას მატებს, მათ შიშებთან და არათავდაჯერებლობასთან გამკლავებაში ეხმარება, ასევე, ასტიმულირებს ენდოკრინულ სისტემას. და მაინც, ყველაფერში უნდა დაიცვათ ზღვარი – თეთრის სიჭარბე დაღლილობასა და სწრაფ გაღიზიანებას იწვევს.

წითელი

გასაკვირია, რომ მკვეთრი და, ერთი შეხედვით, აგრესიული წითელი, რეალურად, ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ეს ფერი კეთილდღეობის განცდას ქმნის და ადამიანს აქტიური მუშაობისთვის განაწყობს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ წითლის სიჭარბე მტრულ და დამთრგუნველ გარემოს აყალიბებს. ამიტომ, თუ მშფოთვარე ბუნება გაქვთ, გირჩევთ, აქცენტი უფრო თიხისფერ ტონებზე გააკეთოთ.

ყვითელი

ყვითელი ტვინის აქტივობას ასტიმულირებს და განწყობას აუმჯობესებს, ასევე, ის დახარჯული ემოციური რესურსების აღდგენას უწყობს ხელს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ, შესაძლოა, ეს ფერი ოჯახის პატარა წევრებს არ მოსწონდეთ – ყვითელი ბავშვების ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერს, შეიძლება, სამართლიანად ვუწოდოთ ანტიდეპრესიული ფერი. ამ ტონის ყველა ელფერი სტრესისა და გაღიზიანების დონეს ამცირებს, ზრდის შრომისუნარიანობას და აძლიერებს ნერვულ სისტემას. ასევე, ნარინჯისფრის ტონები ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებას და სახლში მხიარული ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს. პრაქტიკულად, ამ ფერს გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს, თუმცა სჯობს ამ შემთხვევაშიც ზღვარი დავიცვათ: ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მისი ყველაზე ნათელი ელფერების გარემოცვაში ყოფნამ, შესაძლოა, შაკიკი გამოიწვიოს.

მწვანე

აღმოსავლური ფილოსოფიის თანახმად, მწვანე ფინანსური კეთილდღეობისა და აყვავების ფერია. აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ ინტერიერში მალაქიტის ტონების გამოყენება სახლში წარმატებას იზიდავს. გარდა ამისა, ეს ფერი სიმშვიდის განცდას ქმნის და გვეხმარება, რომ ზედმეტ მღელვარებასა და შფოთვას დავემშვიდობოთ. თუმცა, ინტერიერში მწვანე ფერის სიჭარბეს, შესაძლოა, ჰიპნოზური ეფექტი ჰქონდეს, ამიტომ უმჯობესია, რომ ეს ფერი კაბინეტისა და მისაღები ოთახის დიზაინში არ გამოიყენოთ.

ლურჯი

ლურჯი იდეალურია საბავშვო ოთახისთვის – განსაკუთრებით ჰიპერაქტიური ბავშვების შემთხვევაში. ლურჯი ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ამცირებს აგრესიის დონეს და ადამიანს პოზიტიურად განაწყობს. გარდა ამისა, წყლისა და ცის ტონები ყურადღების ფოკუსირებას უწყობს ხელს. ლურჯი დადებითად მოქმედებს მოზარდებზეც, მათ არტერიული წნევისა და სიცხის მომატებასთან გამკლავებაში ეხმარება. თუმცა, ამ ფერის სიჭარბე უარყოფითად მოქმედებს ჰარმონიულ ფონზე, ამიტომ, უმჯობესია, ზომიერება დაიცვათ.

შავი

ინტერიერში მუქი ელფერების გაბატონება, შესაძლოა, დეპრესიისა და სერიოზული ნერვული აშლილობის გამომწვევი მიზეზი იყოს, ამიტომ შავს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. მიუხედავად ამისა, ის შეიძლება ელეგანტურად და მოდურად გამოიყურებოდეს – განსაკუთრებით სხვა აქცენტურ ფერებთან შერწყმისას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსი ის არის, რომ შავი ფერის გამოყენება ხელს უწყობს არათანაბარი კედლების ან დაუდევრად დაგებული პარკეტის დამალვას.

ვარდისფერი

ეს ფერი ქალურობასთან, ნაზ გრძნობებთან, ფაქიზ სიყვარულთან და სენტიმენტალურობასთან ასოცირდება. ნაზი ვარდისფერი ტონები იდეალურია საბავშვო ოთახის მოსაწყობად – ის ბავშვს დაცულობისა და სიმშვიდის განცდას მიანიჭებს. გარდა ამისა, ვარდისფერი ხელს უწყობს მოდუნებას, დადებითად მოქმედებს ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე, მხედველობასა და სმენაზე. გარდა ამისა, ვარდისფერი ხსნის თავის ტკივილს და აძლიერებს იმუნიტეტს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

შუშაბანდიანი ბინის კონცეფციის გადააზრება – Around the studio-ს ნამუშევარი მარჯანიშვილზე

საღებავი თუ შპალერი – რომელი უფრო ეკონომიურია?