ვარდისფერი ინტერიერში განწყობის ასამაღლებლად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რომელიც წარმატებით ერგება დიზაინის ცვალებად ტენდენციებს და მუდმივად პოპულარული რჩება. ამას გარდა, იგი საკმაოდ მრავალმხრივი ტონია იმისთვის, რომ შესანიშნავად მოერგოს ნებისმიერი სტილის საცხოვრებელს და გახადოს ის ბევრად უფრო გამორჩეული და საინტერესო.
როდესაც ინტერიერში ფერებს განიხილავთ, შესაძლოა ვარდისფერმა შეგაშინოთ, მაგრამ ინტერიერის დიზაინერები გვარწმუნებენ, რომ ეს არის ფერი, რომელსაც შეუძლია თითქმის ყველა სივრცის უკეთესობისკენ შეცვლა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ფერთა რამდენიმე ტონს, რომელიც შეგიძლიათ ვარდისფერს შეუხამოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მყუდრო და საინტერესო შედეგი მიიღოთ.
ლურჯი და სპილენძისფერი
ასეთი ბალანსის შერჩევა ხელს შეუწყობს სახლში მსუბუქი და ჰაეროვანი შეგრძნების შექმნას. მოწითალო ვარდისფერი კარადები და თაროები განსაკუთრებით კარგად ეხამება მკვეთრ ლურჯ და სპილენძისფერ აქცენტებს, რაც ინტერიერში ფერად და ცოცხალ განწყობას უზრუნველყოფს.
წითელი, თეთრი და შავი
ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, რომ არ არსებობს ცნება „ზედმეტად ბევრი ვარდისფერი“, რადგან ამ ტონის დაბალანსება ნებისმიერი ფერის გამოყენებითაა შესაძლებელი. შავ-თეთრი ფარდები კარგია მზის სხივების სახლში საჭირო რაოდენობით შემოსაშვებად, მკვეთრი წითელი კი დაგეხმარებათ ვარდისფერთან სასიამოვნო კონტრასტის შექმნაში.
თაფლისფერი და შინდისფერი
ქსოვილისა და თბილი ფერების შეხამება ქმნის ერთიან და ჰარმონიულ საძინებელს, სადაც კარგად იგრძნობა ბუნებრივი ფერები. თაღოვანი ჭერისა და ხის მასალის შემთხვევაში, კიდევ უფრო უკეთ გამოიკვეთება ოთახის სიმაღლე და სივრცე. თაფლისფერს შეუძლია თბილი აქცენტების წინა ფონზე გამოტანა, რაც ოთახში მყუდრო და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.
ლავანდა და ღია ცისფერი
ფერთა ასეთი ბალანსის ფონზე ვარდისფერი კიდევ უფრო უკეთ არის გამოკვეთილი. შედეგად, ოთახში მშვიდი და მყუდრო გარემო იქმნება, რომელიც ძალიან მოწესრიგებულად გამოიყურება და იდეალურია განტვირთვისა და დასვენებისთვის.
შავი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ხისფერი
ამ ფერების ერთიანობა განსაკუთრებით საინტერესოა აბაზანაში, სადაც შეგიძლიათ კერამიკული ფილების გამოყენება. შედეგად, აბაზანა იყოფა ისე, რომ ღია ვარდისფერი სივრცე სავსეა ხასიათით და გამოირჩევა დამატებითი აქცენტებისა და დეკორაციების გარეშეც.
იასამნისფერი და სპილენძისფერი
იისფერი და სპილენძისფერი ძალიან რომანტიულად და ელეგანტურად გამოიყურება, როდესაც ვარდისფერ აქცენტებთან არის შეხამებული. ამ ფერების გამოყენება განსაკუთრებით საინტერესოა აბაზანაში. ფერები შეგიძლიათ გამოიყენოთ კერამიკული ფილებისა და ავეჯის დახმარებით.
ყვითელი
ყვითელს სივრცეში მზის და სინათლის აქცენტები შემოაქვს და ფერადი ინტერიერის შექმნაზეა პასუხისმგებელი. ეს ფერი ძალიან კარგად გამოიყურება ვარდისფერთან მიმართებაში და გვეხმარება ფერადი და ცოცხალი დიზაინის შექმნაში.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი