in

6 წესი, რომლებიც ინტერიერში ფერების შერჩევისას უნდა გამოვიყენოთ

50 წლის წინ უბრალოდ მაღაზიაში გასვლა და ღია მწვანე ან მტრედისფერი საღებავის პირდაპირ შეძენა არ იყო შესაძლებელი, რადგან ეს მხოლოდ წინასწარ დაკვეთითა და რამდენიმე ფერის ერთმანეთთან შერევით ხდებოდა. პროცესი გრძელდებოდა მანამ, სანამ მომხმარებელი სასურველ ელფერს არ მიიღებდა. დღეს კი ბაზარზე საღებავების მრავალფეროვნებაა და თითქმის არ არსებობს ისეთი ტონი, რომელიც ჩვენს გემოვნებასა და ინტერიერს არ ერგება. იმის გათვალისწინებით, რომ შთაგონებას ყველაფრისგან ვიღებთ – ჩვენ გარშემო არსებული ბუნებიდან, წარსულის მოგონებებიდან, ჟურნალებიდან, წიგნებიდან და ასე შემდეგ – ახლა იმაზე ბევრად დიდი რაოდენობის ფერია ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, აღარ ვართ დამოკიდებულები ისეთ ცივ და მკაცრ ტონებზე, როგორებიცაა, მაგალითად, კლასიკური ლურჯი, მწვანე, ნაცრისფერი და სხვა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ფერთა ექსპერტები და ინტერიერის დიზაინერები გვთავაზობენ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც საღებავების შერჩევის პროცესში გამოგვადგება.

ფერების თეორიები და წესების უგულებელყოფა

ფერი ნებაყოფლობითი და ამოუხსნელი ფენომენია, რადგან ის უსასრულოა და მუდმივად შეიძლება შეიცვალოს. სასიამოვნოა ფერების შესახებ გარკვეული წესების ცოდნა, მაგრამ არ არსებობს წესი, რომლის დარღვევაც არ შეიძლება. ადამიანები ჯერ კიდევ იყენებენ გარკვეულ ტონებს, რომლებიც თითქმის არასდროს გადადის მოდიდან, მაგალითად, კლასიკური თეთრი, მაგრამ სინამდვილეში, თითოეული თეორია და წესი აგებული უნდა იყოს მხოლოდ იმაზე, თუ რა გვსურს ჩვენ და რომელი ტონების დახმარებით ვიღებთ ჩვენთვის უფრო კომფორტულ და საინტერესო ინტერიერს. ასე რომ, არ იფიქროთ რაიმე ელფერის დავიწყებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პოვნა არ შეგიძლიათ. გახსოვდეთ, დღეს ნებისმიერი ფერისა და ტონის მიღებაა შესაძლებელი. ამავდროულად, ასეთი გაბედულობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად მკვეთრი და ნათელი ფერები უნდა გამოიყენოთ, უბრალოდ შეარჩიეთ ფერთა სისტემა, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენს გემოვნებას.

გემოვნება თავისუფალი ინსტინქტია

სცადეთ და თავი აარიდეთ იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ ფერებს სხვები. მნიშვნელობა არ აქვს როგორ მოაწყობდა სხვა ადამიანი თქვენი სახლის ინტერიერს, ამის ნაცვლად ენდეთ თქვენს თანდაყოლილ გემოვნებასა და გრძნობებს და შექმენით ის, რაც ნამდვილად გსურთ. ფრანგული სტილი დღემდე ყველაზე გამორჩეული და პოპულარული სწორედ იმის ხარჯზეა, რომ ამ შემთხვევაში ადამიანები არ ფიქრობდნენ ზედმეტი დეკორაციების, ფერებისა და ნივთების შესახებ და სახლებს იმაზე დაყრდნობით აწყობდნენ, რაც სინამდვილეში მოსწონდათ. თქვენ არ გჭირდებათ კარის ჩარჩოს კონტრასტული ფერით შეღებვა მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც გინახავთ და ფიქრობთ, რომ ეს თანამედროვე ტენდენციაა, რომელიც ყველასთვის უნდა იყოს მისაღები. თქვენ არც ის გჭირდებათ, რომ მთელი სახლი ერთ ფერში შეღებოთ, ან პირიქით – უამრავი ფერი გამოიყენოთ მაშინ, როდესაც ეს არ გინდათ.

მთლიანობა არ არის აუცილებელი

ერთიანობის შეგრძნება ინტერიერში საინტერესოა, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი თავს კომფორტულად და მშვიდად გრძნობს, მაგრამ, მაგალითად, ნიუ-იორკში, მაღაზიებისა და სახლების მოწყობის დროს არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა ფერის შენობები დგას მახლობლად. ეს ქუჩები ფერებით არის გაჟღენთილი, რაც მთლიანი ქალაქის ხიბლს ქმნის. იგივე შეიძლება ეხებოდეს სახლსაც. ზედმეტმა ფიქრმა შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ არეული და მოსაწყენი გარემო. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დერეფანი და კიბე ერთ ფერად შეღებოთ, ან ამის საპირისპიროდ, შეგიძლიათ თითოეულ სართულსა და ოთახს ფერთა განსხვავებული სისტემა მიანიჭოთ.

განსხვავებული ფერები სახლს მდიდრულ ელფერსა და კლასიკურ შტრიხებს ვერ შემატებს

თუ თქვენ ცხოვრობთ მოდერნისტულ ან თანამედროვე სახლში, შეგიძლიათ ფერებით გააკეთოთ ყველაფერი, რაც მოგწონთ. ამ დროს შეიძლება მთელი ოთახი ერთ ფერში შეღებოთ, მათ შორის ჭერი და კედლებიც. სინამდვილეში, როდესაც ჭერს განსხვავებულ ფერში გადავწყვეტთ, იგი შეიძლება ძალიან უხერხულადაც კი გამოიყურებოდეს. აქედან გამომდინარე, დიზაინერები გვირჩევენ, რომ არ ვეცადოთ კლასიკური და მდიდრული დიზაინის მოწყობას განსხვავებული ფერებისა და კომბინაციების გამოყენებით.

კედლების აღდგენა მათი შეღებვისთვის აუცილებელი არ არის

როდესაც კედელს უსწორმასწორო ზედაპირი ან დაზიანებები აქვს, როგორც წესი, ადამიანები ცდილობენ მის გასწორებას, შემდეგ კი შეღებვას. სინამდვილეში, როდესაც ფერს უსწორმასწორო ზედაპირზე ვუსვამთ, ის გარკვეულ ტექსტურას იღებს, რომელიც შეიძლება ძალიან საინტერესოდ და დახვეწილად გამოიყურებოდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ შეარჩევთ საღებავს, რადგან გარკვეული ტიპის საღებავები სწორედ ამ შედეგზეა ორიენტირებული.

იხელმძღვანელეთ საკუთარი გემოვნებით 

ნებისმიერი ფერი შეიძლება თქვენთვის ცუდად ან კარგად გამოიყურებოდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებთ მას. მაგალითად იასამნისფერს კედლის შესაღებად ძალიან იშვიათად იყენებენ, მაგრამ თუ ის ჩვენი საყვარელი ფერია და ჩვენს საყვარელ ნივთებსაც შევუთავსებთ, კედლებზე დიდებულად გამოიყურება.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

4 დიზაინ პროექტი საქართველოდან, სადაც დომინანტურ როლს ხის მასალა ასრულებს

ფერადი ინტერიერი სტოკჰოლმის ერთ-ერთ სხვენში