in

ფერებით გადიდებული ინტერიერის პატარა სივრცეები

ხშირად ადამიანებისთვის ფერი განწყობასა და ემოციებთან არის დაკავშირებული. ბევრმა არც კი იცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფერების სწორი არჩევანი და მათი სივრცეში გააზრებულად გამოყენება.

თუ სახლში ადგილი არ გყოფნით და გსურთ, რომ ოთახი უფრო დიდი იყოს, საუკეთესო გამოსავალი თქვენი კედლის ფერის ჭკვიანურად შერჩევაა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თეთრი ფერი ამ პრობლემის მარტივი გადაჭრის გზაა, ის არ არის ერთადერთი ვარიანტი.

თამამი და მუქი ფერებიდან დაწყებული, მსუბუქი და ნათელით დამთავრებული, სტატიაში მოცემული კედლის ფერები დაგეხმარებათ თქვენი მცირე ზომის ოთახები და კუთხეები საინტერესოდ გაადიდოთ და გაალამაზოთ.

1.იისფერი და მეწამული ფერი

ცოცხალი ფერები, როგორიც იისფერი და მეწამულია, შეიძლება კარგი არჩევანი იყოს პატარა სივრცეებში. წარმოგიდგენიათ, როგორ გამოიყურება ამ ფერებში მისაღები ოთახი? სახლში შესვლისთანავე თქვენ დაინახავთ კაშკაშა ფერს, რაც არ გადატვირთავს თქვენს ინტერიერს და საუცხოო სანახაობას დაახვედრებს თქენს სტუმრებს.

2. მუქი ნაცრისფერი

რაც უფრო პატარაა სივრცე, მით უფრო ბნელ ტონალობაში შეგიძლიათ გადასვლა. ამის არ შეგეშინდეთ. ნაცრისფერი არის თანამედროვე და დახვეწილი, მაგრამ ინარჩუნებს სიმყუდროვეს და ელეგანტურობას.

3.მუქი ლურჯი

ჩრდილი შეიძლება თქვენი  მეგობარი გახდეს, განსაკუთრებით მცირე სივრცეში. ოთახის მუქ ფერში შეღებვა მალავს იმ ფაქტს, რომ ის მცირეა და ამასთანავე ქმნის სიღრმის ილუზიას.

4. კრემისფერი

ნეიტრალური ფერი არასდროს გამოდის სტილიდან. საუკეთესოა მაშინ, როდესაც გვინდა სადა ინტერიერი, ამასთანავე ღია ფერი ყოველთვის ადიდებს სივრცეს.

5. მწვანე

ეს ფერი ტროპიკულ გარემოს მოგაგონებთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან კლასიკურიცაა. ასეთ ფერთან კონტრასტული ფორმისა და ფერის ავეჯით, პატარა სივრცეში დინამიური განწყობა ჩნდება.

6.კაშკაშა თეთრი

თეთრი ფერი კედლებს შეუმჩნეველს ხდის, რაც ავეჯს და ინტერიერის სხვა დეტალებს უფრო გამოკვეთს. ის არ არის უხეში და ცივი, უბრალოდ მსუბუქი და ჰაეროვანია.

7. ღია ვარდისფერი

ვარდისფერის ძალიან რბილი ტონალობა პატარა ოთახს სითბოს მატებს. გამოიყენეთ ის ნაცრისფერ და შავ დეტალებთან, რომ შედარებით გაამკაცროთ ინტერიერი.

8. რბილი ყვითელი

ყვითელის ეს შეფერილობა შესანიშნავია თქვენი ბავშვების ოთახის მოსაწყობად, მიუხედავად ამ ფერის ხალისიანი და ნათელი ხასიათისა, ის მაინც ინარჩუნებს სოლიდურობას.

ყვითელი ფერი სახლის დანარჩენ ინტერიერსაც ყოველთვის აცოცხლებს.

აკუსტიკური კედლები სიმშვიდის შესანარჩუნებლად

სახლი ზეთისხილის ხეებში