in

ფერებით თამაში ინტერიერში – 7 პროფესიული რჩევა

ფერი ინტერიერში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და კედლების ხელახლა შეღებვისას ეს არ უნდა დავიწყოთ. სხვადასხვა ელფერები სხვადასხვა გრძნობასა და ემოციას იწვევს: ზოგი ენერგიით გვავსებს, ზოგი ანტიდეპრესანტის როლს ასრულებს, ზოგიც კი განტვირთვის საშუალებას გვაძლევს. ფერის დახმარებით შეგიძლიათ თქვენს სახლში სრულიად განსხვავებული ატმოსფერო შექმნათ. ჩვენი რჩევები კი ამის ლამაზად და გემოვნებიანად გაკეთებაში დაგეხმარებათ.

სწორად შეარჩიეთ პალიტრა

ტონები გონივრულად შეარჩიეთ და არა მოდის ტენდენციებზე დაყრდნობით. ყველა მოდური ელფერი თქვენი ინტერიერისა და განათებისთვის შესაფერისი არ არის. გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანი ჰარმონიული სივრცის შექმნაა.

რჩევა: ლურჯი, მწვანე და ყვითელი არის ჯადოსნური კომბინაცია, რომელშიც თითოეული ფერი მეორეს ავსებს. ეს ფერები განსაკუთრებით ნატურალური ხის მასალებსა და ოთახის მცენარეებს უხდება.

აქცენტის კედელი

აქცენტის კედელი დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად თავისი კლასიკური ფორმით – არა მთელი ყურადღების საკუთარი თავისკენ მისაპყრობად, არამედ ჰარმონიული მთლიანობის შესაქმნელად.

რჩევა: თეთრი კარნიზი ჭერთან ახლოს მოათავსეთ. ის ლამაზად გაუსვამს ხაზს განსხვავებული ფერიდან თეთრზე გადასვლას და, იმავდროულად, ჭერის სიმაღლეს ვიზუალურად გაზრდის.

კედლები სხვადასხვა ტონებში შეღებეთ

ყოველთვის დიდი სურათი წარმოიდგინეთ. სახლის ყველა ოთახის ერთ ფერში შეღებვა აუცილებელი არ არის. თუ ოთახები ერთმანეთის პირდაპირ არის განლაგებული და ერთი ოთახიდან მეორე კარგად მოჩანს, შეგიძლიათ ისინი ისეთ ტონებში შეღებოთ, რომლებიც ერთმანეთს კარგად ერწყმის.

მდიდარი ფერები

ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული წითელი მოცვის ფერია. ის შესანიშნავი არჩევანია როგორც პატარა ოთახისთვის, ასევე, გასახდელისთვის – ინტერიერი სიღრმესა და ქარიზმას შეიძენს. გსურთ სივრცეს ელეგანტურობა წესრიგის მსხვერპლად გაღების გარეშე შემატოთ? იმუშავეთ ჭერზე.

შეღებეთ ყველაფერი

ახლა მოდურია არა მარტო კედლების, არამედ ყველაფრის – როზეტების, ბათქაშის, ჭერის მორთულობის, თაროების და თუნდაც ჭერის ერთ ფერში შეღებვა. სივრცე ერთგვაროვანი და მყარი გამოდის. ეს გამოსავალი განსაკუთრებით კარგად შეეფერება მცირე სივრცეებს (მაგალითად, შესასვლელი ან გასახდელი ოთახი).

რჩევა:

პატარა დერეფანში შეგიძლიათ თაროები კარის ზემოთ დაკიდოთ და ისინი კედლების ფერში შეღებოთ, დარჩენილი საღებავი კი შესანახი ყუთებისთვის გამოიყენეთ.

შეარჩიეთ ჰარმონიული ფერები

საძინებელში დიდ დროს ვატარებთ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ოთახში არაფერი გვაღიზიანებდეს. პირიქით, აქ ისეთი ფერთა პალიტრა უნდა შექმნათ, რომელიც სიმშვიდეს მოგგვრით და დასვენების საშუალებას მოგცემთ. შეარჩიეთ ფერი, რომელიც ოთახში ჰარმონიას შემოიტანს. ამისთვის იდეალურია ნაცრისფერი ან გრილი მწვანე ელფერები, რომლებიც სტრესს ხსნის და ფსიქიკაზე სასარგებლოდ მოქმედებს.

შეარჩიეთ დეკორი

კედლებისთვის შერჩეულ ფერს ინტერიერის დეტალები შეუხამეთ. კარგად იფიქრეთ დეკორსა და აქსესუარებზე – შეარჩიეთ ისეთი ფერთა გამა, რომელიც ფონს კარგად ერწყმის. ეს ოთახს ინდივიდუალობასა და პიკანტურობას შესძენს.

რჩევა: ნათელი ფერები ბუნებრივი მასალებით შეავსეთ. ბუნებრივი ხე, ბამბუკი, ნაქსოვი ნაკეთობა ან ლარნაკში ჩასმული ლამაზი ტოტი თქვენს ინტერიერს სითბოს და კომფორტს შემატებს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

სახლი ტაბახმელას ველში – მერი გურულის დახვეწილი ინტერიერი

Cesar-ის სამზარეულოები: დიზაინი, ერგონომიკა და ინდივიდუალური მიდგომა