in

როგორ შევარჩიოთ იდეალური ფერი კედლისთვის?

კედლებისთვის ფერის შერჩევა საპასუხისმგებლო და რთული ამოცანაა, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენს თქვენი ინტერიერის „ჩარჩოს“. როგორც წესი, მოპირკეთებასთან დაკავშირებული ძირითადი სამუშაოები კედლების შეღებვით იწყება და ბევრი ადამიანი სივრცის შექმნას საღებავის შერჩევით იწყებს. მნიშვნელოვანია, რომ ოთახი კომფორტული და მყუდრო იყოს, ფერები კი — ჰარმონიულად შერწყმული. დღეს კი შემოგთავაზებთ 10 სასარგებლო რჩევას, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

გაითვალისწინეთ განათება

ოთახის განათებამ შეიძლება კედლის ფერის აღქმაზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. თუ ოთახი პატარაა, სინათლე კი — სუსტი, უმჯობესია უფრო ღია ფერები შეარჩიოთ, ასე სივრცე ვიზუალურად უფრო ფართო გამოჩნდება. დიდი ოთახებისთვის, რომლებიც ბევრი ბუნებრივი განათებით სარგებლობს, შეგიძლიათ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე პრეტენზიული ფერები გამოიყენოთ.

ასევე ყურადღება მიაქციეთ ოთახში ფანჯრების ადგილმდებარეობას. თუ ფანჯრები ჩრდილოეთის ან აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, კედლები ცივ ელფერებს იძენს, სამხრეთით და დასავლეთით განლაგებული ფანჯრების შემთხვევაში — თბილს.

შექმენით 3D გეგმა

საღებავის შეძენამდე თანამედროვე ტექნოლოგიებით ისარგებლეთ და ოთახის 3D გეგმა შეადგინეთ. ამისათვის არსებობს რამდენიმე პროგრამა უფასო ბეტა ვერსიით: Sweet Home 3D, Homestyler, Planoplan, PRO100, ArchiCAD, SketchUp.

გაანაწილეთ ავეჯი, დაფიქრდით სად დამონტაჟდება ფანჯრები და რამდენად განათებული იქნება ოთახი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ფერის მოსინჯვა. ამასთან, ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, ზოგჯერ თამამი გადაწყვეტილებები ყველაზე წარმატებულია.

თუ 3D გეგმის შესადგენი პროგრამის სრულ ვერსიას შეიძენთ, შეგიძლიათ თითოეული ოთახის ვიზუალი უმცირეს დეტალებამდე შეიმუშაოთ — შეარჩიოთ ავეჯი, მოპირკეთება და ტექსტურები.

ორიენტირდით ავეჯის ფერსა და მთლიან ინტერიერზე

როგორც წესი, ელეგანტური ინტერიერი არა მხოლოდ ოთახის გაფორმებაში, არამედ მის უმცირეს დეტალებშიც მდგომარეობს. კედლების ფერის შერჩევისას საერთო სტილი, ავეჯი და დეკორის ელემენტები არ დაივიწყოთ.

ბევრი დეკორატორი გვირჩევს, რომ ჯერ ოთახის მთავარი ფერი, შემდეგ კი დამატებითი ტონები შევარჩიოთ.

არ დაივიწყოთ ოთახის დანიშნულება

როგორი ფერებიც არ უნდა იყოს ახლა ტრენდში, საღებავის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ ოთახის დანიშნულება არ დაივიწყოთ. მაგალითად, მოციმციმე ან ნეონის ფერები საძინებლისთვის შესაფერისი არ არის. ეს არის დასასვენებელი სივრცე, სადაც არაფერი უნდა გძაბავდეთ. თუმცა, სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში ნათელი ფერების დამატება სავსებით შესაძლებელია, ისინი სწორი განწყობის შექმნას შეუწყობს ხელს.

ჰარმონიული და იმავდროულად არამოსაწყენი სივრცის შესაქმნელად, შეგიძლიათ „60-30-10“ წესი გამოიყენოთ. ეს ნიშნავს, რომ ფერების მოცულობების თანაფარდობა ასეთი უნდა იყოს:

  • 60% ერთი ფერი,
  • 30% მეორე ფერი,
  • 10% აქცენტ ფერი.

გაითვალისწინეთ ოთახის ზომები და მისი ფუნქციურობა

დღეს სხვადასხვა ფუნქციური ოთახების ერთ სივრცეში გაერთიანებაა მოდაში. მაგალითად, სამზარეულო მისაღები ოთახით, საძინებელი სველი წერტილით. ბევრი ირჩევს სტუდიოს ტიპის ბინებს, სადაც სინამდვილეში მხოლოდ ერთი ოთახია. ასეთ შემთხვევებში, ფერის პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე შერჩევა კარგი გადაწყვეტილებაა.

თუ სტუდია დიდია, შეგიძლიათ გადასვლებისთვის ტექსტურები და სხვადასხვა ელფერები გამოიყენოთ. მაგრამ პატარა ოთახებში უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ძირითადი და ნათელი ელფერების კომბინაციას. ძირითადი მსუბუქი ტონები ხელს შეუწყობს ოთახის ვიზუალურად გაფართოებას, ხოლო ნათელი ფერი ინტერიერს ხალისს შემატებს.

გამოიყენეთ იტენის ფერთა ბორბალი

თუ ერთ ინტერიერში რამდენიმე ელფერის შერწყმას გეგმავთ, მაგრამ არ იცით, რომელი ფერები აირჩიოთ, იტენის ფერთა ბორბალი გამოიყენეთ. შესატყვისი ფერები ერთმანეთის საპირისპიროდ, ფერთა პალიტრის იმავე ხაზში ან მეზობლად მდებარეობს.

ცადეთ სხვადასხვა ელფერები

კედლის საცდელად შეღებვას შეუძლია სერიოზული შეცდომებისგან გიხსნათ. ამისათვის შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სხვადასხვა საღებავის რამდენიმე ქილა მოიმარჯვოთ. თითოეულ კედელზე წაუსვით ზოლები და ბოლომდე გაშრობას დაელოდეთ. არ იღელვოთ, თუ ფერი არ გამოდგება ისეთი, როგორსაც იმედოვნებდით. ზოგიერთი საღებავი ნამდვილ ფერს მხოლოდ სრული გაშრობის შემდეგ იძენს.

ფერს გამომჟღავნების საშუალება მიეცით

არის სიტუაციები, როდესაც ფერი შეარჩიეთ, გამოცადეთ და ის შესაფერის ვარიანტად გეჩვენებათ, თუმცა კედელზე წასმის შემდეგ მოულოდნელად ძალიან კაშკაშა ხდება ან პირიქით, მონაცრისფრო ელფერს იძენს. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ! ზოგიერთი ფერის განვითარებას დრო სჭირდება. კედლებს გასაშრობად რამდენიმე დღე მიეცით. შესაძლებელია, რომ ამ დროის შემდეგ ფერი „გაიფურჩქნოს”.

ზოგადი შთაბეჭდილება ოთახის შესახებ

ფერის შერჩევისას მთავარია, არ იჩქაროთ. ბევრი ადამიანი, სახლის გასაღების აღებისთანავე ავეჯისა და საღებავის შესაძენად გარბის. საბოლოოდ კი ისინი იმედგაცრუებულნი რჩებიან და ხელახალ რემონტზე დიდ ფულს ხარჯავენ.

ამიტომ, პირველ რიგში, იფიქრეთ დეტალებზე და საერთო კონცეფციაზე, შეამოწმეთ შესაძლო პალიტრები. კედლების ფერი ინტერიერის საერთო შთაბეჭდილებაზე ყოველთვის მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. თბილი ტონები ოთახს მეტ კომფორტსა და სიმშვიდეს ანიჭებს. ცივი კი ოთახს ფართოსა და სუფთას გახდის. ნათელი და მუქი ფერები მთელ ყურადღებას თავისკენ მიმართავს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ატმოსფერო მოსაწყენი და მძიმე გახადოს. ნაცრისფერი და თეთრი კარგი საფუძველია, მათ ფონზე ინტერიერის „აშენება“ უფრო ადვილია თუ აპირებთ, რომ ოთახში, დეკორის დახმარებით, განწყობა ხშირად შეცვალოთ.

ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები

დღეს მოდაში ბუნებრივი ელფერები ბრუნდება. განსაკუთრებით პოპულარულია მწვანე, ლურჯი, ტერაკოტა. ყველა კედლის ერთდროულად შეღებვა აუცილებელი არ არის, დაიწყეთ ერთი აქცენტით.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ახალგაზრდა წყვილის პასტელური ინტერიერი ზემო ვაკეში – სტუდია “დუეს” ნამუშევარი

სახლი, რომელიც ას წელზე მეტია, რაც ჩეხეთის მთებს ამშვენებს