სრულყოფილი და მიმზიდველი ინტერიერის შექმნაში ფერი უმთავრეს როლს ასრულებს, თუმცა მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მხოლოდ ესთეტიკური დატვირთვისა, რადგან ფერები ზემოქმედებს ადამიანის შინაგან სამყაროზე, ემოციებსა თუ ქცევებზე და შესაბამის განწყობას ქმნის, რაც პროდუქტიულობის ზრადასა თუ მოდუნებაში ეხმარება. შესაბამისად, დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ფერების ფსიქოლოგიაზე და მათ გავლენაზე ინტერიერის დიზაინში, ამის შესახებ საინტერესო ინფორმაციას კი დიზაინერი ნუცა ბახტაძე გაგვიზიარებს.
„ფერის ფსიქოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიზაინის განწყობის შექმნასა თუ შესაბამისი ატმოსფეროს განსაზღვრაში. ფერი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე. სხვადასხვა ტონალობას შეუძლია გამოიწვიოს გრძნობების ფართო სპექტრი. ინტერიერის დიზაინერები იყენებენ ამ ცოდნას იმისათვის, რომ შექმნან სივრცეები, რომლებიც გადმოსცემს კონკრეტულ განწყობას ან ემოციას. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ღია ან ბუნების ფერის სივრცეები სიმშვიდის განცდას იძლევა, ხოლო მკვეთრი და ფერადი ინტერიერი აღელვებას ან მოზღვავებულ ენერგიას აღძრავს? ეს იმიტომ ხდება, რომ სხვადასხვა ფერი განსხვავებულად მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. ზოგიერთი ფერი თავს ბედნიერად, პოზიტიურად გვაგრძნობინებს, ზოგი კი განწყობას გვიქვეითებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შესაფერისი ფერების შერჩევა თქვენი სივრცის დიზაინისთვის, იქნება ეს სახლი, ოფისი, კაფე, რესტორანი თუ სასტუმრო. ფერების ფსიქოლოგიის გასაანალიზებლად, ქვემოთ ვისაუბრებ რამდენიმე ფერის მნიშვნელობასა და მათი გამოყენების შესახებ ინტერიერის დიზაინში, რათა თქვენი გარემო უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო გახადოთ“, — ნუცა ბახტაძე.
წითელი
დიზაინერი გვიხსნის, რომ წითელი ფერი დაკავშირებულია ენერგიასთან, ვნებასთან და ამბიციასთან, ამიტომ ქმნის ცოცხალ, მიმზიდველ გარემოს და თბილ ატმოსფეროს. ის აუმჯობესებს კონცენტრაციას და ზრდის პროდუქტიულობას, შესაბამისად მისი გამოყენება უმჯობესია მისაღებ, სასადილო, სამზარეულო ზონებში. ასევე დაბალანსებულად სამუშაო სივრცეში და აქცენტის სახით საძინებელ ოთახებშიც, მეტი ინტიმურობისა და ენერგიის შესატანად.
ყავისფერი
ჩვენი რესპონდენტის თქმით, ყავისფერს თავისი ბუნებრივი ტონებითა და რბილი, დამამშვიდებელი არსით, შეუძლია სასწაულების მოხდენა და სტაბილურობისა და სიმყარის შეგრძნების შექმნა ინტერიერში. ყავისფრის აქტიური გამოყენება საცხოვრებელში ბუნებასთან სიახლოვეს უსვამს ხაზს და სივრცეში თბილ, სასიამოვნო და ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის. ის კარგად ერწყმის სხვა ფერებს და იდეალური არჩევანია სხვადასხვა სტილის (კლასიკური, თანამედროვე თუ სკანდინავიური) შესაქმნელად . ყავისფრის დაბალანსებული ტონების გამოყენება შესაძლებელია საძინებლებში, მისაღებ ოთახებსა თუ კაბინეტებში. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუქი ყავისფერი სივრცეს ვიზუალურად ამცირებს, ამიტომ უმჯობესია, უპირატესობა მის ღია ტონებს მიანიჭოთ.
ნარინჯისფერი
ნუცა ბახტაძე გვიხსნის, რომ ნარინჯისფერი ასოცირდება სითბოსთან, ენთუზიაზმთან და შემოქმედებითობასთან. მას შეუძლია შექმნას ოპტიმიზმისა და პოზიტივის გრძნობა ინტერიერში და კრეატიულობის ზრდასა და შემოქმედებითი აზროვნების წახალისებას შეუწყოს ხელი. ასევე, ნარინჯისფერი დადებითად აისახება სოციალურ ურთიერთობებზე და ცოცხალი, ენერგიული გარემოს ჩამოყალიბებას განაპირობებს. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მოაწყოთ სამზარეულოები, სასადილო ოთახები, სამუშაო სივრცეები, ასევე აქცენტის სახით, კარგია მისი გამოყენება საბავშვო ოთახებშიც.
ყვითელი
ეს ფერი ასოცირდება ბედნიერებასთან, სიხარულთან და დადებით განწყობასთან. მას შეუძლია აღძრას სითბოსა და ხალისის გრძნობა. ყვითელი ფერი ხელს უწყობს ინტერიერში პოზიტიური გარემოს შექმნას, აუმჯობესებს კონცენტრაციას და სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ამასთანავე, ის იდეალურია დიდი ვიტრაჟების მქონე ოთახებში და მზის სხივებთან სინთეზით საოცრად მიმზიდველ, სინათლით სავსე, ცოცხალ გარემოს უზრუნველყოფს.
მწვანე
როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მწვანე ბუნების ფერია, რომელიც ნაყოფიერებას, ზრდასა და ახალ პერსპექტივას გამოხატავს. ის ასოცირდება ბალანსთან, ჰარმონიასთან და მშვიდი, სასიამოვნო, მომხიბვლელი ინტერიერის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მწვანე ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ინტერიერებში, სადაც მთავარია ბუნებასთან ჰარმონიული კავშირი და ექსტერიერისა და ინტერიერის ორგანული სინთეზი. ამიტომ ის დიდი აქტუალობით სარგებლობს, მაგალითად, სკანდინავიურ დიზაინსა და მინიმალისტურ სტილში, ასევე ეკლექტურ და ბოჰო ინტერიერებში.
ლურჯი
„ეს ფერი ასოცირდება სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან. მას შეუძლია შექმნას დამამშვიდებელი ეფექტი გონებისთვის და სხეულისთვის. ფერის ფსიქოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისით, ლურჯი არეგულირებს გულისცემას, მეტაბოლიზმს, არტერიულ წნევას და ჰიპერტენზიას“, — ამბობს ნუცა. ამავდროულად, ეს ტონი ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, განტვირთვისა და დასვენებისთვის ქმნის იდეალურ პირობებს, ამასთანავე კი გონებას პროდუქტიულობის შენარჩუნებაში ეხმარება. ლურჯის ტონები ბუნებასთან კავშირის განცდასაც ამძაფრებს და წყლისა და ცის ასოციაციას ქმნის. მისი გამოყენება რეკომენდებულია სააბაზანო ოთახებში, საძინებლებში და სამუშაო სივრცეებში.
იისფერი
დიზაინერი გვიხსნის, რომ იისფერი ასოცირდება ფუფუნებასთან და დაკავშირებულია კრეატიულობასა და სულიერებასთან. მას შეუძლია იდუმალებისა და სიმყუდროვის შეგრძნების გამოწვევა, ასევე მისტიკური ატმოსფეროს შექმნა და ინტერიერის ელეგანტურობის ხაზგასმა. ის იდეალურია სახასიათო აქცენტების შესაქმნელად და კონკრეტული ზონების გამოსაკვეთად, ასევე შემოქმედებითი გარემოს მოსაწყობად და მედიტაციისა თუ დასვენებისთვის საინტერესო კუთხის შესაქმნელად.
“გირჩევთ, არ მოერიდოთ ინტერიერში სხვადასხვა ფერის ერთმანეთთან შეხამებას და საინტერესო კომბინაციების შერჩევას, რადგან თამამი ფერებითა და არატრადიციული მიდგომებით შესაძლებელია უნიკალური, განსხვავებული ესთეტიკის მიღება და სახასიათო ატმოსფეროსა და სასიამოვნო განწყობის შექმნა სივრცეში”, – ნუცა ბახტაძე.