in

1850-იანი წლების ფერმერული სახლის ახალი სიცოცხლე ნიუ-იორკში – “White Arrow”-ს ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

როდესაც „White Arrow“-ის მფლობელებმა, კერენ და ტომას რიხტერებმა ეს სახლი შეიძინეს, აქ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის ჩატარებას გეგმავდნენ, საბოლოოდ კი პროცესს შეჰყვნენ და აქაურობა მთლიანად შეცვალეს.

დიზაინერები კერენ და თომას რიხტერები (Keren and Thomas Richter) ბრუკლინში ცხოვრობენ. აქვეა მათი სტუდიაც – „White Arrow“, რომლის ნამუშევრები დიდი პოპულარობით ნიუ-იორკის ფარგლებს გარეთაც კი სარგებლობს. პაუნტ-რიჯის ამ ძველი ფერმერული სახლის ყიდვის დროს, წყვილი აქაურობას მუდმივ საცხოვრებლად არ განიხილავდა. აქ დროდადრო, მხოლოდ უქმეებზე და დასვენების დღეებში ჩამოსვლა იგეგმებოდა. თუმცა, პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ოჯახი საცხოვრებლად საბოლოოდ აქ გადმობარგდა.

ყიდვის მომენტში სახლი 1850 წლის სამსართულიან ნაგებობას წარმოადგენდა, რომელსაც დროის კვალი საკმაოდ ეტყობოდა. ჩანდა, რომ ბოლოს ეს სახლი ნახევარი საუკუნის წინ გარემონტდა. დიზაინერები მხოლოდ კოსმეტიკური რემონტით შემოფარგვლას გეგმავდნენ, თუმცა რეალობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა: მილები, ელექტრობა, კანალიზაცია და იატაკები გლობალურ რემონტს საჭიროებდა.

რეკონსტრუქციაში დიზაინერებს ბრუკლინის არქიტექტურული ფირმა “INCA“ ეხმარებოდა. სახლის იერის აღსადგენად მეპატრონეებმა ძველი ფოტოები მოიპოვეს და თავდაპირველი სახის გაცოცხლებას შეუდგნენ. დემონტაჟი ჩაუტარდა ყველა მიშენებულ, არათავდაპირველ ნაგებობას და სახლს ორიგინალური გეგმარება დაუბრუნდა. აღდგა მთავარი შესასვლელი, რომელიც ამ დროისთვის მოშლილი იყო. დიზაინერებმა ფანჯრებიც გადააკეთეს, სახურავი აამაღლეს და სველი წერტილები მთლიანად მოაწესრიგებს.

„ჩვენი მიზანი, ინგლისური აგარაკებითა და კოლონიალური ამერიკით შთაგონებული მყუდრო, კომფორტული სახლის შექმნა იყო“ – ამბობენ დიზაინერები. ასე გაჩნდა ინტერიერში „შეიკერის“ სტილის ავეჯი, „რეტრო“ სტილის ქურა „AGA“, ლომის ფეხებიანი აბაზანები, გრეხილი ხის საწოლები და სასტუმროში მძიმე „პორტიეები“.

საერთო სივრცეებისთვის დიზაინერებმა ნათელი, დრამატული პალიტრა აირჩიეს: გაჯერებული მუქი ლურჯი სამზარეულოსა და სასადილოსთვის, ზურმუხტისფერი პატარა სასტუმროსთვის, ფაქიზი პასტელური ფერები სახლის ოთხივე საძინებლისა და საბავშვო ოთახისთვის. უკანასკნელის ყვავილოვანი შპალერი 1850-იანი წლების ინგლისურ ინტერიერებს ეხმიანება.

მასპინძლების ერთ-ერთი საამაყო და მათი აქ გადმოსვლის მთავარი მიზეზი ვრცელი და ნათელი სათამაშო ოთახია. ეს მათი 4 წლის ქალიშვილის – მირას და ახლადშეძენილი ლაილას საყვარელი ადგილია.

კერენი და თომასი იმედოვნებენ, რომ სახლი არამარტო მათი ოჯახის საყვარელი ბუდე, არამედ ნიუ-იორკელი მეგობრებისთვის სტუმრობის სასურველი ადგილი იქნება, რომლებიც დასვენების დღეებში ქალაქს აქ გამოექცევიან.

#Homeisინსპირაცია – სამზარეულოსა და სასტუმრო ზონების გაერთიანების 10 საინტერესო მაგალითი

ბრუტალისტური ინტერიერი დახვეწილი აქცენტებით კრწანისში – ლაშა ადიკაშვილისა და მიშა მარის ნამუშევარი