დღეს ბრაზილიაში მდებარე სახლის შესახებ გიამბობთ, რომლის ფართობი 700 კვადრატული მეტრია და მნახველთა ყურადღებას გამორჩეული არქიტექტურული სტილითა და ლანდშაფტით იპყრობს. პროექტი 2023 წელს არქიტექტურული სტუდია David Guerra Arquitetura e Interiores-ის მიერ შეიქმნა, როდესაც სოიოს ერთ-ერთი ფერმის მფლობელმა ახალი სახლის აშენება გადაწყვიტა.
ამ ტერიტორიაზე ძველი სახლი უკვე არსებობდა, რომელსაც ორი რესტავრაცია ჰქონდა გაკეთებული, რადგან ხის კონსტრუქცია საგრძნობლად იყო დაზიანებული. იდეის მიხედვით, ახალი სტრუქტურა ძველის მსგავსი უნდა ყოფილიყო, თუმცა განახლებული იერსახით. არქიტექტორებთან შეხვედრა მალევე ჩაინიშნა. პროექტის ავტორებმა მიზნად დაისახეს ახალი გეგმის განსაზღვრა, რომელშიც ხაზგასმული იქნებოდა ბრაზილიის სიმწვანე და ლანდშაფტი. ამასთან, მიწის ნაკვეთს ახლოს აქვს ტბა და ლეღვის ასწლოვანი მცენარეები, ამას კი ახალ პროექტში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეესრულებინა.
გარდა იმისა, რომ ბუნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ სახლს ჰქონოდა დიდი სახურავი, უხვი განათება და ჯვარედინი ვენტილაციის სისტემა. არქიტექტორებმა სახლი შედარებით შემაღლებულ ადგილას დააპროექტეს, რათა ხედი არ დაკარგულიყო, მაგრამ შეინარჩუნეს ძველი სახლის გეგმარირებაც. შეიცვალა მხოლოდ სახელოსნოს ნაწილი, ავტოფარეხები და მოსასვენებელი სივრცე. ამგვარად, მშენებლობა რაც შეიძლებოდა სწრაფად დაიწყო და მაქსიმალურად ნაკლებად იმოქმედა ბუნებასა და უკვე არსებულ კონსტრუქციებზე.
რაც შეეხება შიდა სივრცეს, ოთახებს ერთმანეთთან დიდი აივანი აკავშირებს, რომელსაც მოჰყვება სამზარეულო, სასადილო ოთახი, მისაღები და ოთხი საძინებელი. აივანი იდეალური ადგილია სახლის გარშემო არსებული სიმწვანით დასატკბობად.
არქიტექტურული სტუდია: David Guerra Arquitetura e Interiores
ფოტოები: R, R Rufino
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”