in

ფერთა 4 კომბინაცია, რომელთა გამოყენებას ინტერიერის დიზაინერები არ გვირჩევენ

გაბედულმა და თამამმა გადაწყვეტილებებმა ფერის შერჩევის პროცესში შეიძლება ინტერიერი ბევრად უფრო საინტერესო, დახვეწილი და ინდივიდუალური გახადოს. სწორედ ამიტომ, ადამიანები თავდაჯერებულები და შემოქმედებითები ხდებიან, როდესაც საქმე ფერთა სისტემის შერჩევას ეხება. მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავებულად გსურთ გამოიყურებოდეს თქვენი ოთახი, უნდა დარწმუნდეთ, რომ ფერს სივრცე ერთიანობაში მოჰყავს და თვალისთვის მარტივად აღსაქმელ ატმოსფეროს ქმნის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას აუცილებლად ინანებთ. დღევანდელ სტატიაში ფერთა რამდენიმე კომბინაციის შესახებ გიამბობთ, რომელთა გამოყენებასაც ინტერიერის დიზაინერები რეკომენდაციას არ უწევენ.

წითელი და მწვანე

უხდება თუ არა ეს ორი ფერი ერთმანეთს? ამ შეკითხვაზე პასუხი ორგვარია და ყველაფერი კონკრეტულ ტონებზე, ფერთა ინტენსივობაზე და მათი გამოყენების ტექნიკაზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, ასეთი კომბინაცია ყველაზე ხშირად ახალი წლის განწყობასთან არის კავშირში, რის გამოც დიზაინერები მის გამოყენებას ერიდებიან. უფრო მეტიც, ეს ენერგიული წყვილი არც ისე მიმზიდველია ყოველდღიურობაში და თვალისთვის მოსაბეზრებელი საკმაოდ მარტივად ხდება.

თუმცა, სტანდარტული მწვანე და წითელი ტონები შეიძლება მართლაც ახალი წლის განწყობას ქმნიდეს, მაგრამ ამ ფერების განსხვავებული ჩრდილები ხშირად საკმაოდ ლამაზად და საინტერესოდ გამოიყურება. ამ შემთხვევაში, შეარჩიეთ ისეთი ტონები, რომლებიც უფრო ღია და მშვიდი ფერისაა და დააბალანსეთ ისინი შესაბამისი ფერის ავეჯითა თუ დეკორაციებით. დაამატეთ ისეთი ფერის აქცენტები, როგორებიცაა შინდისფერი, ტერაკოტა, ზეთისხილის ფერი და სხვა.

ყვითელი და თეთრი

ყვითლისა და თეთრის კომბინაცია კიდევ ერთი წყვილია, რომელსაც დიზაინერები არ გვირჩევენ. ამგვარი ფერთა სისტემა შეიძლება ძალიან პრობლემური აღმოჩნდეს, რადგან თვალისთვის ზედმეტად გამაღიზიანებელი და არაკომფორტულია, რაც იწვევს დაძაბულობას და უსიამოვნო შეგრძნებას. ასეთი კომბინაციის გამოყენების შემთხვევაში, იფიქრეთ მესამე ფერის დამატებაზე, რომელიც შეიძლება იყოს ვარდისფერი, მწვანე ან სადა ნაცრისფერი. თითოეული ეს ტონი კარგად ეხამება ყვითელს და ქმნის უფრო დახვეწილ იერს სივრცეში.

წითელი და იასამნისფერი

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, იასამნისფერი წითელს ძალიან უხდება, ორივე მათგანის ერთად გამოყენებამ, შესაძლოა, ძალიან ინტენსიური ფონი შექმნას, რომელიც სიმყუდროვეს დაარღვევს. წითელი და იასამნისფერი საკმაოდ რთული კომბინაციაა, რადგან ორივე მათგანი მკვეთრი და თამამი ფერია და ურთიერთქმედების დროს არასასიამოვნო კონტრასტს ქმნიან. იმის გამო, რომ ორივე ძალიან ღრმა ტონია, მათი გამოყენება, (განსაკუთრებით მცირე სივრცეებში) უნდა მოხდეს მოკრძალებული რაოდენობით. განიხილეთ ისეთი რბილი ტონების დამატებაც, როგორიცაა მაგალითად, კრემისფერი, რომელსაც შეუძლია ჩრდილების დაბალანსება და ინტერიერის დათბობა.

ყვითელი და ვარდისფერი

როდესაც საქმე ეხება ფერებს, რომლებიც ინტერიერში არ უნდა გამოიყენოთ, მუქი და მკვეთრი ყვითელი ერთ-ერთი პირველია. ეს ტონი არის მკვეთრი და ენერგიული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების გადაღლა და გააფუჭოს მთელი ოთახის ესთეტიკა. ყვითლისა და ვარდისფრის კაშკაშა ტონები ქმნიან ზედმეტ ენერგიას, იწვევენ ბრაზს და აჟიოტაჟს.

იმისთვის რომ ასეთი კომბინაცია “დაათბოთ” და “დაამშვიდოთ”, შეგიძლიათ უფრო რბილი და მშვიდი ჩრდილების დამატება, ან ყვითლისა და ვარდისფრის მხოლოდ აქცენტების სახით დამატება. მაგალითად, გამოიყენეთ ისინი დერეფნის ან კიბის გასაფორმებლად. ამგვარად, არ დაგჭირდებათ ამ ფერებთან დროის ხანგრძლივი რაოდენობით გატარება, მაგრამ, თავის მხრივ, ისინი მაინც დაგეხმარებიან ხშირად მივიწყებული სივრცეების გაცოცხლებაში.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

მხატვრის ბინა ქიაჩელის ქუჩაზე — „Objects Studio“-ს ნამუშევარი

პატარა ბინა ფერადი აქცენტებით