ინტერიერის დიზაინში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფერების სწორად შერჩევას და მათ ჰარმონიულ შეხამებას. სრულყოფილი და დახვეწილი სივრცის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ელემენტის ფერი ერთმანეთს ორგანულად ერწყმოდეს და ერთიან სახეს ქმნიდეს. ამიტომ სანამ კონკრეტული ოთახის მოწყობას გადაწყვეტთ, აუცილებელია წინასწარ შეარჩიოთ ფერთა პალიტრა, მასალებისა თუ დეკორაციის ტონალობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ სარემონტო პროცესი. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც სასურველი ფერთა გამის შერჩევაში დაგეხმარებათ.
1. შექმენით ე.წ. „Mood Board“ („განწყობის დაფა“) თქვენი ოთახისთვის
რემონტის დაწყებამდე უმჯობესია, მოამზადოთ ე.წ. Mood Board“, სადაც უკეთ დაინახავთ და გააანალიზებთ განსხვავებულ ტონალობებს, მათ ურთიერთკავშირს და სასურველ სტილსა თუ დიზაინს მარტივად მიაგნებთ. გირჩევთ, პირველ რიგში, ძირითადი ელემენტების ფერებზე იფიქროთ და წინასწარ განსაზღვროთ კედლის, ჭერის, იატაკის, კარისა და ავეჯის პალიტრა, შემდეგ კი მათ დეკორაციები მიუსადაგოთ. ასევე უმჯობესი იქნება, შექმნათ სხვადასხვა კოლაჟი თქვენი რჩეული ინტერიერებისგან, რათა ერთგვარი შთაგონება მიღოთ და კრეატიული დიზაინის შესაქმნელად საინტერესო იდეები გაგიჩნდეთ. „Mood Board“ აუცილებლად დაგეხმარებათ სურათის ერთიანად აღქმაში და სარემონტო პროცესს გაგიმარტივებთ, რადგან წინასწარ გექნებათ წარმოდგენა ოთახის სტილისტიკასა და დიზაინზე.
2. გათვალისწინეთ ავეჯისა და ტექსტილის ფერები
ძირითადი ფერების შერჩევისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ავეჯისა და ტექსტილის ტონალობა თუ სტილი, რათა კედლის, იატაკისა თუ მასალების პალიტრა ამის მიხედვით შეარჩიოთ. თუ უპირატესობას ფერად ნივთებს ანიჭებთ, მაშინ უმჯობესია, ფონურ ტონალობად ღია ფერები შეარჩიოთ. სადა, ნეიტრალური ტონალობის ავეჯის შემთხვევაში კი აქცენტი ფერად კედლებსა და კონტრასტულ იატაკზე გააკეთოთ. შესაძლოა, ავეჯის ყველა ელემენტი წინასწარ ვერ გათვალოთ, მაგრამ ძირითადი ობიექტების დიზაინი სასურველია, რემონტის საწყის ეტაპზევე შეარჩიოთ, რათა ინტერიერის ძირითად ფერებთან აცდენა არ მოხდეს.
3. ყურადღება მიაქციეთ ბუნებრივ განათებას
ფერების შერჩევისას ბუნებრივ განათებას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის მნიშვნელოვნად განსაზღვრას თავად ფერის ხასიათს და მის გამოვლინებას ინტერიერში. მაგალითად, ნათელ ოთახებში თავისუფლადაა შესაძლებელი მუქი აქცენტების გამოყენება, რადგან ბუნებრივი სინათლე კონტრასტულ ტონალობებს დააბალანსებს და ოთახს სასიამოვნო განწყობას შეუნარჩუნებს. შედარებით ბნელ სივრცეებში კი რეკომენდებულია ღია, ნათელი ფერების გამოყენება, რათა სივრცე გაანათოს და მეტად ეფექტური გახადოს. ასევე ფერთა პალიტრის შერჩევისას გასათვალისწინებელია კონკრეტული ტონალობის განათებასთან შეხამება, რადგან ხელოვნურ განათებაზე შესაძლოა შერჩეული ფერი განსხვავებულად გამოჩნდეს და ინტერიერს სახე შეუცვალოს.
4. გაითვალისწინეთ ოთახის ზომა
ოთახის ფერების შერჩევაზე გავლენას ახდენს ოთახის ზომაც, ამიტომ ამ დეტალის გათვალისწინება პალიტრის შედგენისას არ დაგავიწყდეთ. უმჯობესია, მცირე ზომის ოთახები თეთრ ტონალობაში გადაწყვიტოთ, რადგან ღია ფერები ვიზუალურად ზრდის სივრცეს, ხოლო დიდ ოთახებში არ მოერიდოთ დაბალანსებულ მუქ აქცენტებს, რადგან მუქი ფერთა პალიტრა ვიზუალურად ამცირებს სივრცეს. ასევე, დიზაინერები გვირჩევენ, ვიხელმძღვანელოთ 60/30/10 წესის პრინციპით, სადაც ინტერიერში მთავარი ფერი 60%-ით გამოიყენება, მეორადი 30%-ით, განსხვავებული ფერები კი 10%-ით.
5. დაუკვირდით, რომელი ფერები შეესაბამება თქვენს სტილს
კომფორტული და მაქსიმალურად სასიამოვნო ინტერიერის შესაქმნელად აუცილებელია იმ ფერების შერჩევა, რომლებიც დადებითად ზემოქმედებს თქვენზე და თქვენს გემოვნებასა თუ სტილს შეესაბამება. შესაძლოა, დიზაინი არსებული ტენდენციებისა და დიზაინერების სურვილის მიხედვით მოაწყოთ, მაგრამ თავს მასში ორგანულად და მშვიდად არ გრძნობდეთ. ამიტომ ფერთა პალიტრის შედგენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს დეტალი და ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს სურვილებსა და შეგრძნებებს.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი