არატრადიციული კომბინაციები, მკვეთრი ნიმუშები და ფერთა ნათელი პალიტრა — დღეს ფერებთან მუშაობის საიდუმლოებებს გიზიარებთ, რომლებიც სახლში განსაკუთრებული გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.
მუქი/მკვეთრი ფერი, როგორც პალიტრის საფუძველი
თუ გსურთ, ოთახის ინტერიერმა განსაკუთრებული ემოციები აღძრას და თქვენს განწყობაზე იმოქმედოს, არასტანდარტული ფერები უნდა შეარჩიოთ. როგორც წესი, პალიტრა 60/30/10 პროპორციით იქმნება, რომელშიც ოთახის ზედაპირის 60% და 30% ნეიტრალურ ფერებითაა გაფორმებული, დანარჩენი 10% კი აქცენტებს უჭირავს. საბაზისო ფერებში შედის კრემისფერი, თეთრი და ნაცრისფერი. მათი შეხამებით მშვიდი პალიტრა მიიღება, რომელიც არასდროს იქნება მოსაწყენი. ზოგჯერ ამ კომბინაციას „მდუმარე“ მწვანე, ლურჯი ან ყავისფერი ემატება. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტის ფერი სივრცეს უფრო ცოცხალსა და საინტერესოს ხდის, საერთო აღქმაზე ნაკლებად მოქმედებს.
პალიტრაში მეორე ძირითადი ფერი უფრო შესამჩნევი უნდა იყოს: 60% კვლავ ნეიტრალური დარჩება, შესაბამისად, ოთახი არ გადაიტვირთება. ლურჯი, ვარდისფერი, ყვითელი ან მწვანე ელფერების 30% ინტერიერს გააცოცხლებს, გაამრავალფეროვნებს და შესაბამის განწყობას შექმნის. გაითვალისწინეთ, რომ აქცენტის ფერი სხვა ელფერებს უნდა ერწყმოდეს. კომბინაციების შესარჩევად შეგიძლიათ, იტენის ფერთა ბორბალი გამოიყენოთ.
ფერადი ნიმუშები და გეომეტრიული ფორმები
კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც ოთახში საინტერესო ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ, მუქი, გაჯერებული ფერების გამოყენებაა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ პალიტრის საფუძვლად მათი გამოყენება სივრცის გადატვირთვის გარეშე რთულია. აქედან გამომდინარე, სასურველია, მათი რაოდენობა შეამციროთ და, სამაგიეროდ, ნიმუშების დახმარებით მათ ხაზი გაუსვათ. გამოიყენეთ ორნამენტები და მკაცრი გეომეტრიული ფორმები – სწორი ხაზები, სამკუთხედები და წრეები.
მაშინაც კი, თუ რემონტი უკვე დასრულებულია, შეგიძლიათ, მოპირკეთებას ნათელი ფერები დაამატოთ. მაგალითად, შეღებილ კედლებზე ზოლები გაავლოთ ან ნიმუშიანი ფარდები, პლედი, ხალიჩა გამოიყენოთ. დაგეხმარებათ ნათელი პოსტერები და დეკორიც – ვაზები, სანთლები და ა. შ.
ნათელი ფერები იქ, სადაც კარგი განათებაა
იმისათვის, რომ ნათელმა ელფერებმა განწყობა აამაღლოს, ინტერიერში მხოლოდ მათი შეტანა საკმარისი არ არის. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ფერადი ზედაპირები კარგადაა განათებული. სიბნელეში ყველაზე თბილი და ხალისიანი ელფერიც კი არც ისე კარგად გამოიყურება.
უპირველესად, განსაზღვრეთ იმ ოთახის ფართობი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ყველაზე მეტად არის განათებული. ასეთ ზონაში შეგიძლიათ, დიდი ყვითელი სავარძელი ან მწვანე აქცენტებიანი კედელი გამოიყენოთ. დაამატეთ ხელოვნური სინათლის რამდენიმე წყაროც, რათა სივრცე ღამით ან ცუდი ამინდის დროს საკმარისად განათებული იყოს.
ფერთა აღქმა
ფერებს ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს. ამიტომ სასურველი გარემოს შესაქმნელად წინასწარ დაფიქრდით, რომელი ელფერები იწვევს თქვენში დადებით ემოციას.
უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ იმ სივრცის ფუნქცია, რომლის გაფორმებასაც აპირებთ. მაგალითად, თუ გსურთ, სამუშაო ზონამ შთაგაგონოთ, მასში ის ფერი უნდა გამოიყენოთ, რომელიც თქვენში შემოქმედებით შთაგონებას იწვევს. შეარჩიეთ სწორი ელფერი და თამამად გამოიყენეთ დეკორაციის, ავეჯის, ტექსტილისა და აქსესუარების სახით.
ფერთა არაშაბლონური კომბინაციები
თუ გსურთ, ინტერიერი ორიგინალური და დასამახსოვრებელი იყოს, უნდა მოერიდოთ არა მხოლოდ ნეიტრალურ, არამედ – გაცვეთილ კომბინაციებსაც. ასეთებია: თეთრი და ლურჯი, ყვითელი და მწვანე, ვარდისფერი და ნაცრისფერი.
რა თქმა უნდა, ფერების ჰარმონიული კომბინაციის შექმნის წესებს ვერსად გაექცევით. მაგრამ ისეთი აშკარა წყვილის ნაცვლად, როგორსაც ყვითელი და ღია მწვანე ქმნის, შეგიძლიათ, ნარინჯისფრისა და ლერწმისფერი მწვანის ან ფისტისფრის კომბინაცია გამოიყენოთ. ეს ელფერები უფრო ღრმა, კომპლექსური და ორიგინალურია, რადგან მათ წყვილს ხშირად ვერ შეხვდებით.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი