in

ფილებით მოპირკეთება – რა ჯდება ეს მომსახურება საქართველოში?

ინტერიერის დიზაინში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ნაწილში არსებულ ფილებს, რომლებიც კედლებსა თუ იატაკზე გვხვდება. სახლის ფილებით მოპირკეთება დიდი ხანია ინარჩუნებს აქტუალობას და მოთხოვნად პროდუქტად სახელდება. განსხვავებული მასალის, ფორმისა და ფერის ფილები საცხოვრებლის სხვადასხვა ზონას ბევრად უფრო ამრავალფეროვნებს და მომხიბვლელს ხდის. მათი განთავსება შესაძლებელია სააბაზანო ოთახში, სამზარეულოში, შემოსასვლელში, სასადილო სივრცესა თუ აივანზე. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ფილებით მოპირკეთების მთავარ დადებით მხარეებს და გიამბობთ, თუ რა ჯდება ამ მომსახურების მიღება საქართველოში.

ფილების მუდმივი პოპულარობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მოპირკეთების ამ ტიპს გააჩნია მრავალი უპირატესობა, რომლებზეც ქვემოთ გიამბობთ:

პრაქტიკული გამოყენება და მდგრადობა –  მოცემული პროდუქტის აქტუალობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი პრაქტიკულობაა. ფილები მარტივად არ იკაწრება, არ ზიანდება, დიდხანს ინარჩუნებს პირველად იერსახეს და გამძლეობით გამოირჩევა, ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ მდგრადია. სწორედ ამიტომ, სამზარეულოსა და სველ წერტილებში უმეტესად ფილებს აგებენ. ამასთანავე, ფილა მარტივი მოსავლელია (მარტივად იწმმინდება ნებისმიერი სარეცხი საშუალებითა თუ სველი ნაჭრით), შესაბამისად, არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროცედურებსა და დროს.

ეკოლოგიური სისუფთავე – თანამედროვე სამყარო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ნებისმიერი პროდუქტი იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ქმნიდეს ჯანსაღ გარემოს. შესაბამისად, მაცხოვრებლები ცდილობენ თავიანთი სივრცე ეკოლოგიურად სუფთა მასალით აღჭურვონ. ერთ-ერთი ასეთ პროდუქტი სწორედ ფილებია. მათი მრავალფეროვნებიდან  გამომდინარე, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი, ხარისხიანი და ეკო-მეგობრული მასალა მარტივად შეარჩიოთ. მაგალითად, ფაიფურისა და კერამიკული ფილები თიხის გამოყენებით მზადდება და მდგრად რესურს წარმოადგენს, კერამო გრანიტის ფილები კი ქვისა და მინერალებისგან შედგება, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის. ამასთანავე, ფილები ერთ-ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ჰიგიენა და სუფთა ატმოსფერო და თქვენი საცხოვრებელი ჰაერის დაბინძურებისგან დაიცვათ. ისეთი პროდუქტი, როგორიცაა ხალიჩა, მარტივად იზიდავს მტვერს, ჭუჭყსა თუ ცხოველის ბეწვს, ფილების შემთხვევაში კი ასე არ ხდება და ნებისმიერი სახის სიბინძურე მის ზედაპირს მარტივად შორდება, რაც ჯანსაღი გარემოს მაქსიმალურ უზრუნველყოფაში გვეხმარება.

მარტივი ინსტალაცია და ხელმისაწვდომობა – ფილების კიდევ ერთი უპირატესობა, მონტაჟის სიმარტივე და მასალის ხელმისაწვდომობაა. მრავალფეროვანი კოლექციიდან მომხმარებელი მარტივად შეარჩევს მისთვის სასურველი ხარისხისა და ფასის პროდუქტს, რომელიც საგრძნობლად შეამცირებს სახლის კეთილმოწყობის ხარჯებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილებს იყენებენ როგორც  ეკონომ, ისე პრემიუმ კლასის რემონტისას, რაც მასალის ხელმისაწვდომობას განაპირობებს, საწყისი ღირებულების შემდეგ კი მოვლის სიმარტივე და მდგრადობა მის ხანგრძლივ მოხმარებას უზრუნველყოფს.

დიზაინის მრავალფეროვნება –  განსხვავებული ფერის, ტექსტურისა და ფორმის დიდი არჩევანი ფილებს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს და ინტერიერის დიზაინერებისთვის ერთ-ერთ აქტუალურ პროდუქტად აქცევს. გარდა იმისა, რომ ფილები შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც კედლის, ისე იატაკის ზედაპირზე, ის სივრცის სრულიად განსხვავებული ნაწილებში შეგიძლიათ განათავსოთ და სახლს მეტი ვიზუალური მრავალფეროვნება, ორიგინალური სტილი და ინდივიდუალური ხასიათი შემატოთ. ამიტომ, ფილები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ განაახლოთ სახლი მარტივად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

რა ჯდება ფილებით მოპირკეთება საქართველოში?

ამ კითხვაზე პასუხს მისაღებად ჩვენ დარგის სპეციალისტს, ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალს, გიზო ბედიას მივმართეთ. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, ხელობის ფასი მასალის ხარისხითა და ფილის ზომით განისაზღვრება. მაგალითად, სტანდარტული ხარისხის ფილის შემთხვევაში (ზომები 50სმ/50სმ ან 60სმ/60სმ), მონტაჟის ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ, 30-40 ლარიდან იწყება.

იმ შემთხვევაში თუ ფილის ზომა განსხვავებულია და ის უფრო დიდია (მაგალითად, 120სმ/60სმ) მომსახურების ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ, 80 ლარიდან ითვლება.

ამას გარდა, გიზო ბედიას თანახმად, აუცილებელია უშუალოდ მასალის ფასის გათვალისწინებაც: რაც უფრო ძვირადღირებულია ფილა, მით მაღალია მისი ინსტალაციის ღირებულებაც, რადგან ხელოსანი პასუხს აგებს თითოეულ პროდუქტზე და მისი დაზიანების შემთხვევაში, თავად უწევს ფასის გადახდა. მაშასადამე, ხარჯის დაანგარიშებისას მნიშვნელოვანია ფილის ხარისხისა და ზომის გათვალისწინება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს სპეციალური ფორმის გამოყვანა (მაგალითად, კედლის დეკორაციისთვის ან კარადის/ავეჯის მოსათავსებლად), ამ შემთხვევაში ხელობის ფასი არა კვადრატული მეტრით, არამედ გრძივი მეტრით იანგარიშება და საშუალოდ, 1 გრძივ მეტრზე სასურველი ფორმის მიღება 50-70 ლარი დაგიჯდებათ. ასევე, მონტაჟისას საურველია გაითვალისწინოთ სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო ხსნარის ფასიც, რომელიც რეკომენდებულია გამოიყენოთ ნებისმიერი ფილის დაგებამდე. ის ხელს უშლის ტენის შეღწევას და უზრუნველყოფს პროდუქტის ხანგრძლივ მოხმარებას. 1 ქილის საშუალო ფასი 80 ლარიდან იწყება.

რომ შევაჯამოთ, ფილა წარმოადგენს ერთ-ერთ პრაქტიკულ და მოსახერხებელ პროდუქტს, რომელსაც თანამედროვე ინტერიერის დიზაინში აქტიურად იყენებენ. მისი მოვლა და გასუფთავება ძალიან მარტივია, ის უზრუნველყოფს გარემოს სიჯანსაღეს და ხასიათდება მდგრადობით. ამასთანავე, მრავალფეროვანი ფორმისა და დიზაინის არჩევანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ ინტერიერს მარტივად შეუხამოს მასალა და სივრცე უფრო მომხიბვლელი გახადოს.

თბილი ფერებით გაფორმებული მყუდრო ბინა ოსლოში

ბეტონი მისაღებ ოთახში — საინტერესო იდეები