“ეს პრემია მნიშვნელოვანია არა პირადად ჩემთვის, არამედ მთელი არქიტექტურული საზოგადოებისთვის. აქამდე არსებული ჯილდოები სახვითი ხელოვნების წარმომადგენლებს არასდროს ანებივრებდა. დღევანდელ საღამომდე ჩვენ, მხატვრები, თავს საზოგადოების მეორეხარისხოვან მონაწილეებად ვგრძნობდით. მეცნიერები, მწერლები, ექიმები – ყველა მნიშვნელოვანი და დაფასებულნი არიან საზოგადოებაში. დღეს კი არქიტექტორებსაც შეგვიძლია ვიამაყოთ“ – წარმოთქვა 1979 წელს, 73 წლის ფილიპ კარტელიონ ჯონსონმა (Philip Cortelyou Johnson), ძველი ეპოქის უკანასკნელმა „მოჰიკანმა“ პრიცკერის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე.
ფილიპ კარტელიონ ჯონსონი (Philip Cortelyou Johnson)
“ოსტატების ეპოქოდან უკანასკნელი და პირველი, უოსტატოდ დარჩენილი ეპოქიდან” – ასე უწოდებს ჯონსონს ცნობილი არქიტექტორი ალესანდრო მენდინი (Alessandro Mendini).
ინტერნაციონალური სტილის ფუძემდებელი ამერიკულ არქიტექტურაში, მე-20 საუკუნის პოსტმოდერნიზმის მიმდევარი, სწორი გეომეტრიული ფორმების, ფოლადისა და შუშის კონსტრუქციების მოტრფიალე, მე-20 საუკუნეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი – ფილიპ კარტელიონ ჯონსონი 1906 წლის 8 ივლისს კლივლენში, ოჰაიოს შტატში დაიბადა. განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კუთხით მიიღო, მუშაობდა მწერლად, კრიტიკოსად, იყო თანამედროვე სახვითი ხელოვნების ნაციონალური მუზეუმის კურატორი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი.
წმინდა ჯულიანის რომაულ-გოთური ტაძარი, ლე მანი, საფრანგეთი
„არქიტექტურისადმი სიყვარული ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გამიჩნდა“ – ამბობს ჯონსონი. 1919 წელს, 13 წლის ფილიპი დედასთან ერთად ლე მანის რომაულ-გოთურ ტაძარს ეწვია, სარტეს ნაპირზე. „ნანახმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა. სანახაობა ჩემს სულს შეეხო, ზუსტად ისე, როგორც ეს მიქელანჯელოს სკულპტურის თვალიერების ან სიმებიანი კვარტეტის მოსმენის დროს მემართება. მე ამ გრძნობას „ვაუ“-ს ვეძახი“.
„ინტენსიური აღტაცების გრძნობა, რომელიც სრულყოფილ არქიტექტურულ ქმნილებას შეუძლია გამოიწვიოს, ჩვენში მუდმივად ცოცხლობს. მე მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამდვილად აღტაცებული, ეს ათონზე მოხდა. მახსოვს მხოლოდ ზოგიერთი დეტალი: სვეტები, თაღები და კაპიტელი. როგორი განსაცვიფრებელია ის!“
Modern architecture exhibition 1932
1932 წელს 26 წლის ასაკში ის დაინიშნა ამერიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული დეპარტამენტის დირექტორად. ჯონსონი კურირებდა სახელგანთქმულ გამოფენას “Modern architecture exhibition 1932“. გამოფენაში სხვა საერთაშორისო წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას ვალტერ გროპიუსი (Walter Gropius) და ლუდვიგ მის ვან დერ როე (Ludwig Mies van der Rohe) ღებულობდნენ. ასე გააცნო ჯონსონმა ამერიკას ევროპელი არქიტექტორები. გამოფენის საერთაშორისო შემადგენლობამ არქიტექტურაში დასაბამი ახალ მიმდინარეობას მისცა, რომელსაც ინტერნაციონალური მიმდინარეობა ეწოდება.
ვალტერ გროპიუსი (Walter Gropius) ჰენეს მაიერი(Hannes Meyer) ლუდვიგ მის ვან დერ როე (Ludwig Mies van der Rohe);
აღნიშნული სტილი თავისუფალი გეგმარების საშუალებას უზრუნველყოფდა და მსუბუქი, დამოუკიდებელი ფასადები ახასიათებდა. ფასადის რთული ორნამენტების მაგივრად გეომეტრიული მოცულობები იყო შემოთავაზებული. სწორი პროპორციები, სტრუქტურული ელემენტების რიტმი, კომპოზიციის სიმკაცრე და ახალი მასალები ამ სტილის ძირითადი მახასიათებლებია.
1934 წელს ფილიპ ჯონსონი მუზეუმიდან წამოვიდა და ხელი პოლიტიკასა და ჟურნალისტიკას მოჰკიდა.
1940 წელს ის დაბრუნდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ახლა უკვე არქიტექტურის პროფესიის დასაუფლებლად და 1943 წელს დიპლომი აიღო. მისი მასწავლებელი მარსელ ბროერი (Marcel Breuer) იყო. ჯარის მოხდის და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი ფილიპი არქიტექტურას უბრუნდება .
ფილიპ ჯონსის შუშის სახლი
1949 წელს მაგისტრის ხარისხის მიღებისთვის სადიპლომო ნაშრომად თავისივე სახლი დააპროექტა, რომელსაც მოგვიანებით შუშის სახლი ეწოდა. მასში ხორცშესხმულია მინიმალიზმის ძირითადი იდეები, რომლებსაც მისი მეორე მასწავლებელი და შთაგონების წყარო – მის ვან დერ როე ქადაგებდა.
სიგრემ ბილდინგი (Seagram Building)
ფილიპმა ვან დერ როე დაარწმუნა, რომ ნაცისტური გერმანიიდან ამერიკაში გადასახლებულიყო. აღსანიშნავია მათი ერთობლივი ნამუშევარი: 1958 წელს 157 მეტრი სიმაღლის, 38 სართულიანი “სიგრემ ბილდინგი” (Seagram Building) ნიუ-იურკში. იმ დროის არქიტექტურულმა საზოგადოებამ, ნაგებობა ამერიკის კონტინენტზე საუკეთესოდ აღიარა. სიგრემ ბილდინგი ინტერნაციონალური სტილის თვალსაჩინო მაგალითია.
მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში ჯონსონის გავლენა არქიტექტურულ საზოგადოებაში ძალიან დიდი იყო. მას ანგარიშს უწევდნენ და რჩევას ყველა დიდი პროექტის მშენებლობის დროს ეკითხებოდნენ.
ის აქტიურად უჭერდა მხარს ახალგაზრდა არქიტექტორებს, კურირებდა „modern architecture exhibition“ – ს, სადაც თავს არქიტექტურის უახლესი ტენდენციები იყრიდა.
ჯონ ბერჯი (John Burgee) და ფილიპ კარტელიონ ჯონსონი (Philip Cortelyou Johnson)
1970 წელს მან ჯონ ბერჯისთან (John Burgee) ერთად არქიტექტურული ბიურო „Johnson&Burgee” ჩამოაყალიბა. ეს გაერთიანება არქიტექტურული მოდის ახალი ტენდენციების ტრიბუნად გადაიქცა. პარტნიორები ურყევი ავტორიტეტით სარგებლობდნენ არქიტექტურულ საზოგადოებაში და მმართველ ელიტაში.
1988 Deconstructivist Architecture exhibition
1988 წელს 82 წლის ჯონსონმა ორგანიზება გაუწია დეკონსტრუქცივიზმის მიმდევრების გამოფენას და ამით დასაბამი მისცა ახალ მიმდინარეობას რომელსაც შემდგომში ფრენკ გერი (Frank Gehry) წარუძღვა.
100 წლიანი ზღვარის გადაბიჯების შემდგომ, ფილიპ ჯონსონი საცხოვრებლად რომში გადასვლას გეგმავდა, თუმცა არ დასცალდა და 2004 წელს 98 წლის ასაკში თავის შუშის სახლში, ძილში გარდაიცვალა.
Sony Tower. 550 Madison (1978-1982).
ფილიპ ჯონსონი ახალგაზრდა არქიტექტორების ნათლიმამა იყო და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ არქიტექტურულ საზოგადოებას და მსოფლიოსაც დღეს რემ კულჰაასი (Rem Koolhaas), ფრენკ გერი (Frank Gehry) და პიტერ ეიზენმანი (Peter Eisenman) ჰყავს. ჯონსონი ახალგაზრდა, იმედის მომცემ არქიტექტორებს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში შეხვედრებს უწყობდა და ელიტის წარმომადგენლებს აცნობდა.
The Crystal Cathedral. Los Angeles, California (1980-1990)
პიტერ ეიზენმანის სიტყვებით, სწორედ არქიტექტურა იყო ის ძირითადი ვნება, რომელიც ჯონსონს სიცოცხლის სურვილს უმძაფრებდა, მისი დაკარგვის შემდგომ მისთვის ცხოვრებამაც დაკარგა აზრი და ის წავიდა.
ფილიპ ჯონსონისა და ჯონ ბერჯის მიერ აშენებული ევროპის კარიბჭე “puerta de europa” (1989-1996).
ჯონსონი არქიტექტურაში ჩაბმამდე აქტიურად წერდა არქიტექტურაზე, ხოლო როცა პრაქტიკულად ჩაება ამ საქმიანობაში რამდენიმეჯერ შეიცვალა ერთი მეორეზე წარმატებული სტილი, თან ამას უჩვეულო ჟინით აკეთებდა. ინტერნაციონალური სტილი 30 – იან წლებში, პოსტმოდერნი 80 – იანებში, დეკონსტრუქცივიზმი 90 – იანებში. ერთადერთი რასაც მან ბოლომდე უერთგულა არქიტექტურის სიყვარული და 1934 წელს საფრანგეთში შეძენილი „Cartier“ – ის მრგვალი სათვალე იყო. როგორც ყველა გენიალური ადამიანი, ისიც უყვარდათ ან ეზიზღებოდათ. უწოდებდნენ როგორც გენიოსს, ასევე ქვებით მოთამაშე ფაშისტ გეის. მას გიტლერის აგენტადაც კი თვლიდენ და ამერიკის ფედერალური ბიურო დაჭერასაც კი უპირებდა, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. ჯონსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარი თავი მეძავსაც კი შეადარა, ვინაიდან დიდი ფულის გულისთვის აშენებდა იმას, რაც არ მოსწონდა. თუმცა, ერთი რამ უდავოა – ამ ადამიანის სახელს მსოფლიო დიდებული შენობებისა და მის მიერ გზაზე დაყენებული გენიოსების წყალობით დაიმახსოვრებს.