ინგლისში მშენებლებს ახალი შენობის აგების დროს ხვრელიანი აგურების გამოყენება დაავალდებულეს. ამიერიდან მარტოხელა ფუტკრებს მეტი საცხოვრებელი ადგილი ექნებათ.
ბრაიტონ-ენდ-ჰოუვზე მიღებული კანონის თანახმად, ხუთ სართულზე მაღალ ახალ შენობებში სპეციალური აგურები უნდა გამოიყენონ. ეს მარტოხელა ფუტკრების ბუდობისთვის გააკეთეს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ფუტკრები დიდ სკებში ჯოგურად ცხოვრობენ. თუმცა, ასევე არსებობენ მარტოხელა ფუტკრებიც და ისინი დიდ ბრიტანეთში უმრავლესობაში არიან – აქ გვხვდება თითქმის 250 სახეობა 270-დან. მარტოხელა ფუტკრების წილი ყვავილების დამტვერვაში მნიშვნელოვანია და მათი გადაშენება შესაძლებელია ადგილობრივი ეკოსისტემისთვის სერიოზული ზიანის მომტანი გახდეს.
რატომ გადაწყვიტეს მწერების აგურების მეშვეობით გადარჩენა? აღმოჩნდა, რომ მარტოხელა ფუტკრები აგურის ძველ წყობებში აღმოჩენილ ნაპრალებში ხშირად სახლდებიან. ახალ შენობებში მწერები ასეთ საბუდარს ვეღარ პოულობენ, ამიტომაც ფუტკრები ნელ-ნელა საცხოვრებელ ადგილებს კარგავენ. მწერებისთვის განკუთვნილი აგურები ჩვეულებრივის მსგავსია, უბრალოდ მათში ფუტკრებს შეძრომა და ცხოვრება შეუძლიათ.
ამ წამოწყების ინიციატორი საქალაქო საბჭოს წევრი რობერტ ნემეტია. მას იმედი აქვს, რომ ეს აგურები ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს. „მწვანე ნარგავების რაოდენობის ზრდა, ზღარბებისთვის სოროების შექმნა, ჩიტებისთვის საკვებურების მოწყობა – ეს ყველაფერი მარტივი და ხელმისაწვდომი იდეებია, რომლებიც საშუალოვადიან პერსპექტივაში კარგ შედეგებს იძლევა“ – აცხადებს ის.