ბოლო დროს გასაჭიმი ჭერი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისი განსაკუთრებულობა არა მხოლოდ ფასში და სიმარტივეში, არამედ მის ხარისხშიცაა. თავდაპირველად, ის დასავლეთ ევროპაში იყო გავრცელებული და თანდათანობით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებშიც გავრცელდა.
მანამ, სანამ გასაჭიმი ჭერის პრინციპებსა და უპირატესობებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ექსპერტები მის გამოყენებას არ ურჩევენ ადამიანებს, რომლებსაც რაიმე სახის ალერგიული ფონი აწუხებთ.
ჭერი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მას საშუალება აქვს, დაფაროს სხვადასხვა ტიპის ნაკლოვანებები, ბზარები და ნაკაწრები და გამოიყენება როგორც ძირითად ოთახებში, ასევე სველ წერტილებშიც.
გასაჭიმი ჭერის კიდევ ერთი უპირატესობა მისი დიზაინია. თეთრი ფერის მასალა უზრუნველყოფს იმას, რომ სახლში ხარისხთან და სითბოსთან ერთად, სილამაზეც შეინარჩუნოთ.
არსებობს გლუვი და პრიალა ზედაპირის გასაჭიმი ჭერი, რომელიც თქვენი სახლის ინტერიერის მიხედვით ირჩევა. გლუვი ფერის ჭერი თეთრ ფერს ინარჩუნებს, ხოლო პრიალა ჭერი კედლების ფერს ირეკლავს და შესაძლოა, ის არა თეთრი, არამედ, მაგალითად, ნაცრისფერი მოგეჩვენოთ.
მისი მონტაჟი საკმაოდ მარტივი პროცედურაა და სხვა სახის ჭერისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთ ან ორ დღეს მოითხოვს. ჭერის მონტაჟისას განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის სითბოს იყენებენ, რომელიც სპეციალურ აღჭურვილობაშია მოთავსებული, ბოლოს კი კუთხეებს სპეციალური სამაგრებით ამაგრებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასაჭიმი ჭერი უძლებს დიდი რაოდენობით წყალსა და ნესტს, შესაძლებელია მასში დაგროვებული წყლის დაშრობაც და იმ შემთხვევაში, თუ ჭერის გახევა ან დაზიანება მოხდება, მისი აღდგენაც საკმაოდ მარტივი პროცედურაა.
გასაჭიმ ჭერში შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ფერისა და რაოდენობის ნათურების დამონტაჟებაც, რაც მონტაჟის პროცესშივე ხდება, ხოლო გადამწვარი ნათურების შეცვლა ექსპერტების დახმარების გარეშეც მარტივად შეგიძლიათ.
გასაჭიმი ჭერის შეძენა საქართველოში უკვე ბევრ ადგილასაა შესაძლებელი, მის პოვნას თითქმის ყველა სამშენებლო მასალების მაღაზიაში შეძლებთ და ფასები 1 კვადრატული მეტრისთვის დაახლოებით 23 ლარიდან იწყება.
საბოლოო ჯამში, ექსპერტები გასაჭიმი ჭერის უპირატესობებს შორის მის კომფორტულობას უსვამენ ხაზს. მისი გამოყენებით თავიდან აირიდებთ ზედმეტ ძალისხმევასა და არეულობას, რაც სხვა ტიპის ჭერის მონტაჟს ახლავს თან.