in

ფრანგული სტილი ინტერიერში – Homeis.ge-ს მკითხველთა რჩეული პროექტები საქართველოდან

ფრანგული დიზაინი, განსაკუთრებით კი პარიზული, ერთი შეხედვით ამოცნობადი კლასიკური დეკორით ხასიათდება. ამ სტილს ახასიათებს პარკეტის იატაკი და მოლდინგები XVIII საუკუნის სტილში, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ინტერიერში შეიქმნას ჰარმონიული კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის. ამგვარი სტილი არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას და ხასიათდება ლამაზი დეტალებისა თუ აქცენტების სიმრავლით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფრანგული ესთეტიკა არა მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის საქართველოშიც. დღეს Homeis.ge-ს მკითხველთა რჩეულ ნამუშევრებს გაგიზიარებთ, რომლებიც სწორედ ფრანგულ ელემენტებს შეიცავს.

ბინა ჭავჭავაძეზე

ჭეშმარიტად ფრანგული ინტერიერის მოწყობა საკმაოდ რთული პროცესია და ის მახვილ თვალს, დახვეწილ გემოვნებასა და ბევრი საკითხის კომპლექსურ ცოდნას საჭიროებს. ამ კონკრეტულ პროექტში კი ეს ყოველივე იდეალურად არის გათვალისწინებული და თეთრი ფერის დომინირებით, რომელიც სასიამოვნო ბალანსშია ოქროსფერ დეტალებთან, ნამდვილი პარიზული ესთეტიკაა შექმნილი.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა ავლაბარში

ამ ბინის მეპატრონის მთავარი სურვილი მყუდრო, კომფორტული და ჰაეროვანი ინტერიერის შექმნა იყო, რომელშიც სივრცე მაქსიმალურად ეფექტურად იქნებოდა ათვისებული. ინტერიერში დომინირებს თეთრი ფერი და საკმაოდ მკაფიოდ იგრძნობა ფრანგული ნოტები მოდერნისტული დეტალებითა და დახვეწილი აქსესუარებით. ბუნებრივი ხასიათის შემოსატანად გამოყენებულია ხისფერი ელემენტები და მწვანე მცენარეები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამორჩეული ხელოვნების ნიმუშებიც, რომლებიც კიდევ უფრო ამძაფრებენ ფრანგული სტილის შეგრძნებას.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა საბურთალოზე

ამ ბინის ინტერიერში თეთრი და ნათელი ფერები დომინირებს, სივრცეში ელეგანტური დეტალების დასამატებლად კი ჭაღი, ავეჯი და სხვა დეკორაციებია გამოყენებული. ფრანგული ატმოსფეროს შესაქმნელად აქცენტი გამახვილებულია მოლდინგებზე. ამას გარდა, ფრანგული წყობის ლამინირებული საფარით  არის მოპირკეთებული იატაკი. სწორედ მოლდინგები და ფრანგული წყობის იატაკი  ქმნის მთავარ ესთეტიკურ ელემენტს, რომელიც სახლის უნიკალურობასა და სახასიათო იერს გამოკვეთს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა თამარაშვილზე 

ამ ბინის დიზაინის შექმნისას მნიშვნელოვანი იყო მყუდრო და კომფორტული საცხოვრებლის მიღება, სადაც ფერები დამღლელი და მოსაბეზრებელი არ იქნებოდა. ამასთანავე, მაცხოვრებელს სურდა, სივრცეში ესპანური და ფრანგული სტილი შემოეტანა და სადა ინტერიერი მოეწყო. შედეგად, შეიქმნა ძალიან დახვეწილი და მყუდრო ბინა, რომელიც გამოირჩევა მცირე ფერადი აქცენტებითა და მშვიდი ატმოსფეროთი.

იხილეთ პროექტი დეტალურად

რა უპირატესობა აქვს ეპოქსიდურ იატაკს — 8 მთავარი მიზეზი

რომელი ფერების გამოყენება სჯობს საძინებელში? – რამდენიმე საინტერესო რჩევა ექსპერტებისგან