რამდენიმე თვის წინ, უძრავი ქონების ინვესტორმა — კურტ რაპაპორტმა და მისმა მეუღლემ, მოდელმა ზორანა კუზმანოვიჩ რაპაპორტმა, თავიანთ ახალშობილ ქალიშვილთან — ზოისთან ერთად ფრანგული სტილის აგურის სახლის ზღურბლს გადააბიჯეს. აღსანიშნავია, რომ 1936 წელს აშენებული მამული, რომელიც თავდაპირველად კალიფორნიელი არქიტექტორის —უოლას ნეფის მიერ იყო დაპროექტებული, 1990-იან წლებში რობერტ ა. მ. შტერნმა განაახლა.
კურტი და მისი თანამშრომელი, ლოს-ანჯელესელი ინტერიერის დიზაინერი — კლინტ ნიკოლასი აპირებდნენ ერთწლიანი ამბიციური რემონტის დაწყებას, თუმცა ყველაფრის დასრულებას ბევრად მეტი დრო — 5 წელი დასჭირდა.
ნიკოლასი და კურტი იმდენ ხანს მუშაობდნენ ერთად, რომ დიზაინერი ამბობს: „ხანდახან ვფიქრობ, რომ კურტის გემოვნება ჩემი გემოვნებაა და პირიქით“. ამ კონკრეტულ პროექტში ერთგვარი „ლუქს ნატურალიზმი“ ჭარბობს. დღის წესრიგში მთავარი იყო სახლის მზიან ლოკაციასთან შესაბამისად განლაგება. მზის სხივების ასეთი დაუოკებელი სიკაშკაშე იქცა დეკორის ისეთივე ნაწილად, როგორიც, მაგალითად, ფერთა პალიტრა ან გამოყენებული მასალებია. მაგალითად, ატრიუმში, სადაც წყვილი დილაობით ყავას მიირთმევს, იატაკიდან ჭერამდე აღმართული ფანჯრები სივრცის ბუნებრივი სინათლით განებივრებას უწყობს ხელს.
ნეიტრალური ფერთა პალიტრის გამოწვევაა ისეთი სივრცეების შექმნა, რომლებიც სულაც არ არის ნეიტრალური. ამ სახლის ნორმანდიული სახურავის ქვეშ, დიზაინი სტატუს-კვოს დახვეწილი გზებით სცილდება. მაგალითად, ორმაგი სიმაღლის ფოიე არის მინიმალისტური სივრცე, სადაც კედლის დამუშავება ისეთივე მხატვრულია, როგორც მასზე გამოფენილი ხელოვნების ნიმუშები.
სახლში არსებულ ნებისმიერ სხვა ნამუშევარზე მეტად, მეპატრონეების გულებს აყვავებული ხეების ექსცენტრიკული გამოსახულება ეხება, რომელიც საბავშვო ოთახში გვხვდება.