ფრენკ გერი (Frank Gehry) თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი, პრიცკერის პრემიის ლაურეატი, დეკონსტრუქცივიზმის გენიოსი და როგორც მას უწოდებენ, არქიტექტურის სტრადივარიუსი გახლავთ. მისი ნამდვილი სახელი ეფრემ ოუენ გოლდბერგია. იგი დაიბადა ტორონტოში 1929 წლის 28 თებერვალს პოლონელი ემიგრანტების ოჯახში. ისწავლა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში არქიტექტურის ბაკალავრის სპეციალობით და ამის შემდეგ დაასრულა ჰარვარდის დიზაინის უმაღლესი სკოლა. დიპლომის აღების შემდგომ მალე გახსნა საკუთარი სახელოსნო.
ის ქმნის შენობებს, რომლებიც მნახველს ან აღაფრთოვანებს ან აღიზიანებს. ერთი რამ უდავოა – მისი ნაწარმოების დავიწყება შეუძლებებლია. ფრენკ გერის პროექტები მაგნიტივით იზიდავს ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებს და ყველაზე მიყრუებული ადგილისთვისაც კი მსოფლიო ცნობადობა მოაქვს.
არქიტექტურისადმი ლტოლვის სულისჩამდგმელი მისი ბებია ლეა კაპლანია (Leah Caplan), ვისთან ერთადაც ის ბავშვობაში ფუტურისტულ სათამაშო ქალაქებს აშენებდა.
„კონტროპუნქტის მეფის“ კარიერული სვლა ავეჯის წარმოებიდან დაიწყო. გერიმ ჯერ კიდევ ჯარში მსახურების დროს აღმოაჩინდა, რომ გოფრირებული კარდონის რამდენიმე ფენა დიდი სიმტკიცით გამოირჩეოდა და სკამები Еasy Edges (1969–1973) დააპროექტა. შემდგომ „Experimental Edges“ – ის (1979–1982) დაუმუშავებელი მოცულობითი მოდელების სერია გამოჩნდა და ბოლოს „Knoll“-თვის დამზადებული „Bent Wood Furniture“ კოლექცია.
გამომუშავებული თანხით გერიმ 1978 წელს საკუთარი სახლი ააშენა. გამოყენებულ დიზაინში კარგად ჩანს არქიტექტორის სიბრტყეებისადმი დამოკიდებულება. ფეშენებელურ უბანში აგებული ამ არაორდინალური და დეკონსტრუქცივიზმის სკულპტურის მსგავსი შენობის შემხედვარე, ზოგიერთმა მეზობელმა თავიანთი სახლი გაყიდა.
„დედამიწაზე აშენებული სახლების 98 პროცენტი ყუთებია, ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ ყუთებში და ბევრი ვერც კი ამჩნევს ამას“- მიიჩნევს არქიტექტორი. ამიტომაც შემოქმედის ყველა შენობა მოძრავია, ცეკვავს, ღელავს ქართან ერთად, იხრება ან უბრალოდ გვერდზე წვება.
არქიტექტურასთან ოდნავი შეხების მქონე ნებისმიერმა ადამიანმა იცის მისი მინიმუმ ორი შენობა: სოლომონ რ. გუგენჰეიმის მუზეუმი ბილბაოში (1997წ.) და უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზი ლოს-ანჯელესში (2003წ.)
1989 წელს მან ევროპაში პირველი შენობა – „Vitra Design Museum“ დააპროექტა და ამავე წელს გახდა პრიცკერის პრემიის ლაურეატი. ბოლო პერიოდის მისი ერთ-ერთი ხმამაღალი განაცხადი „Louis Vuitton Foundation“-ის ნაგებობაა პარიზში.
„მინდა შენობებს მივანიჭო ადამიანების ხასიათი“ – ამბობს 92 წლის ხელოვანი. „ყოველ პროექტზე საკუთარი თავის მიმართ ჯანმრთელი უნდობლობით ვმუშაობ, არ მჯერა და იჭვნეული დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერი ქებისა და მითუმეტეს ჯილდოს მიმართ, თუმცა რა თქმა უნდა, მსიამოვნებს.“
დღეს გერის ბიურო „Gehry Partners, LLP“-ში 200-მდე ადამიანი მუშაობს და ხელმძღვანელი მისი შვილი სემი გერია. პროექტების გეოგრაფია ვრცელია: საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, შვეიცარია, სინგაპური, აშშ.
Cinematheque Françoise, France 1994
Pop culture Museum, USA 2000
Marta Herford, Germany 2005
Lou Ruvo Center for Brain Health, USA 2010