in

პოლიურეთანის ქაფი — ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

IPS
IPS

პოლიურეთანის ქაფი ფართოდ გავრცელებული მოსაპირკეთებელი მასალაა, რომელიც თერმო და ჰიდრო იზოლაციისთვის გამოიყენება და სამრეწველო თუ საცხოვრებელი მშენებლობისა და რემონტისთვის არის განკუთვნილი. პოლიურეთანის ქაფი ქიმიური პოლიმერია, რომელიც ელასტიკურობით, მაღალი თერმული, აკუსტიკური იზოლაციით და სუნთქვადობით ხასიათდება. აღნიშნული მასალა განკუთვნილია შიდა კედლების, სახურავის, გამყოფი ტიხრების მოპირკეთებისთვის. გარე გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია, ფასადზე დამატებითი ფენის განთავსება, რადგან პოლიურეთანის ქაფით დამუშავებული ზედაპირი არ ილესება და საბოლოო სახისთვის ქვის ან ხის დამამთავრებელი ფენის დატანაა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ მონტაჟის შემდეგ ქაფი სწრაფად შრება, იცვლის ფორმას, იძენს მყარ სტრუქტურას და სითბოსა და ხმის ეფექტურ ბარიერს უზრუნველყოფს.

პოლიურეთანის ქაფი ტრადიციულ საიზოლაციო მასალებთან — ქვაბამბასთან ან მინერალურ ბამბასთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობით სარგებლობს:

დაბალი თბოგამტარიანობა — პოლიურეთანის ქაფი მაღალი თერმული იზოლაციით და ენერგოეფექტურობით ხასიათდება. ის ეფექტურად იცავს სივრცეს სიცივისა და სითბოს შეღწევისგან. მისი სტრუქტურა თხელ ფენებში ადვილად აღწევს,  ქაფი ფართოვდება და კარგად ავსებს ნაპრალებსა თუ ხვრელებს, რაც ჰაერის გამავლობას ამცირებს. შედეგად საცხოვრებელში სასურველი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება, კომუნალური ხარჯები კი საგრძნობლად მცირდება.

ხმის მაღალი იზოლაცია — პოლიურეთანის ქაფი აუმჯობესებს ხმის იზოლაციას და ქმნის ეფექტურ ბარიერს ოთახებს შორის ხმაურის შესამცირებლად, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საცხოვრებელ, კომერციულ თუ სამრეწველო ობიექტებში.

ცეცხლის მიმართ მედეგობა — აღნიშნული მასალა მდგრადია ცეცხლის მიმართაც, რის გამოც შენობის უსაფრთხოებას უზრუნველყოს და ცეცხლის გაჩენის რისკებს ამცირებს.

წყლის მიმართ მდგრადობა — ქაფი არ იწოვს წყალს, ის წყალგაუმტარია, რაც უზრუნველყოფს დამცავ ფენას და ზედაპირს ტენისა და ობის წარმოქმნისგან იცავს. ასევე ქაფი ხელს უშლის კონდენსატის გაჩენას და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას განაპირობებს.

მაღალი გამძლეობა — პოლიურეთანის ქაფი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სიმტკიცეს. მისი სასიცოცხლო ციკლი, სხვა საიზოლაციო მასალებისგან განსხვავებით, საშუალოდ, 50-70 წელია, რაც მის მაღალ მედეგობასა და გამძლეობაზე მიუთითებს.

პოლიურეთანის ზედაპირზე დატანა სპეციალური აპარატის საშუალებით ხდება, რომელიც ძნელად მისადგომ ადგილებშიც მარტივი გამოსაყენებელია და სამონტაჟო პროცესს ამარტივებს. ინსტალაციის დროს პოლიურეთანის ქაფი სუფთა ზედაპირზე, პირდაპირ ბლოკის კედელზე ნაწილდება, სანამ თაბაშირ-მუყაოს პროფილები დამონტაჟდება. გასათვალისწინებელია, რომ საიზოლაციო ფენის სისქე 5 სმ. უნდა იყოს. ხოლო ცივ კლიმატურ პირობებში ეფექტურობის გასაზრდელად, პოლიურეთანის ქაფის სისქე 10 სმ-მდე იზრდება. ქაფის დატანის შემდეგ, წინასწარ გამზადებული პროფილების სახით კედელზე თუ ჭერზე შესაბამისი მასალა — თაბაშირ-მუყაოს ფილები, ხე ან პლასტიკატი იკვრება. ხაზგასასმელია ისიც, რომ გამყოფი კედლის შემთხვევაში, რომელიც თაბაშირ-მუყაოთი არის დამუშავებული, მის ფენებს შორის პოლიურეთანის ქაფი ნაწილდება, რათა ხმისა და სითბოს იზოლაცია ოთახებს შორის ეფექტურად შენარჩუნდეს.

ამგვარად, პოლიურეთანის ქაფი უზრუნველყოფს მტკიცე, მაღალი ხარისხის სითბოსა და ხმის იზოლაციას, რომელიც ჰიდროსაიზოლაციო, ენერგოეფექტური თვისებებით ხასიათდება და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ზედაპირს სიცივის, სითბოს, წყლისა თუ ხმაურის შეღწევისგან.

რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”

ავტორი: მეკო მეტრეველი

კოტეჯი ტყის პირას – სტუდია NUDE Studio-ს ნამუშევარი

ძველისა და ახლის სინთეზით შექმნილი სამუშაო სივრცე ძველ ბათუმში — Wii Design Studio-ს ნამუშევარი