in

5 მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც მუდამ მოდაშია

ინტერიერის დიზაინის ტენდენციები არც ისე წარმავალია, როგორც მოდის ინდუსტრიის შემთხვევაში. კედლებისთვის მოდური ფერის შერჩევისას, ეჭვგარეშეა, რომ ის არსებულ სტატუსს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს. მოსაპირკეთებელ მასალებს შორის კი არის ისეთებიც, რომლებიც მოდიდან არასოდეს გადადის. დღეს სწორედ ასეთი მომგებიანი ვარიანტების შესახებ გიამბობთ.

ლეგენდარული ნაძვისებური წყობა

ასეთი პარკეტი შეგიძლიათ ნახოთ როგორც ვერსალის სასახლეში, ასევე სტანდარტულ საცხოვრებელ ბინაში და მოდურ დიზაინერულ ინტერიერში, რადგან ეს არის კლასიკა, რომელმაც დიზაინერებისა და მომხმარებლების სიმპათიის დაკარგვის გარეშე, საუკუნეებს გაუძლო.

უილიამ მორისის ყვავილების ნიმუშები

ინტერიერის ფლორის სამყაროს საკუთარი ტენდენციები აქვს. ფავორიტები ყვავილების დიდი რეალისტური გამოსახულებები, აკვარელში შესრულებული პატარა ნახატები და ტროპიკული ფოთლებია.

მაგრამ მათ შორის არის ვარიანტები, რომლებიც მოდის ტენდენციების მიღმაა. ერთ-ერთი ასეთი უილიამ მორისის ყვავილების ნიმუშებია.

უილიამ მორისი XIX საუკუნის გამოჩენილი ფიგურაა. ცნობილი ბრიტანელი მხატვარი, მწერალი და მთარგმნელი, იყო პირველი, ვინც თავისი პროფესიის აღსაწერად სიტყვა „დიზაინერი“ გამოიყენა. პირველმა დიზაინერმა შთაგონება მცენარეთა სამყაროდან და შუა საუკუნეების ესთეტიკიდან მიიღო.

ძვირფასი მაიოლიკა

ინტერიერის დიზაინის კიდევ ერთი გადაწყვეტა, რომელიც საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი, არის მაიოლიკა (ჭიქურითა და ნახატებით დაფარული გამომწვარი თიხა). ასეთ ფილებს ამზადებდნენ ძველ ეგვიპტეში და მესოპოტამიაში, საიდანაც ისინი ევროპაში კუნძულ მალიორკას გავლით შემოიტანეს. სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს.

ნამდვილი მაიოლიკა ორმაგი გამოწვის საშუალებით მზადდება, მოხატვა კი ხელით სრულდება. ეს ძვირფასი მასალა მთლიანი მოპირკეთებისთვის არ გამოიყენება.

მაიოლიკა უფრო ხელოვნების ნიმუშია, ვიდრე მოსაპირკეთებელი მასალა. კედლებსა და იატაკზე ის, როგორც წესი, გამოიყენება როგორც დეკორაცია, რომელიც ჩვეულებრივ კერამიკულ ფილებთან არის შერწყმული.

უკვდავი მარმარილო

ბუნებრივი მარმარილო, ისევე როგორც მისი იმიტაცია — ფაიფურის ქვა, იყო და რჩება აქტუალურ ვარიანტად, ვინაიდან თავად ბუნების მიერ შექმნილი ნახატი მოდიდან არ გადადის.

ინტერიერში მარმარილოს ყველა ბუნებრივი ჩრდილი ლამაზად გამოიყურება: მომწვანო, ნაცრისფერი, კარამელისფერი, ვარდისფერი და, რა თქმა უნდა, თეთრი.

სახელგანთქმული „მეტრო“

თუ მოსაპირკეთებელ მასალებს შორის სილამაზის კონკურსს მოვაწყობთ, ფილები სახელწოდებით „მეტრო“ აუცილებლად მიიღებს აუდიტორიის ჯილდოს.

ამ მასალამ პოპულარობა გასული საუკუნის დასაწყისში მოიპოვა. ოდესღაც იგი გარე სამუშაოებისთვის და მეტროსადგურების მოსაპირკეთებლად გამოიყენებოდა. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი დასახელებაც.

თანდათანობით, „მეტრო“ საცხოვრებელ ინტერიერში გადავიდა და, ხელმისაწვდომობის, უპრეტენზიობის, მრავალფეროვნებისა და კედლის დეფექტების დამალვის უნარის წყალობით, ხალხის სიყვარული მაშინვე მოიპოვა.

ჰორიზონტალურად განლაგებული თეთრი პრიალა „მეტრო“ ინტერიერს კლასიკის სტატუსს უნარჩუნებს, მაგრამ ფერადი „მეტრო“ + არატიპური განლაგება, უკვე მოდური ტანდემია.

გემოვნებიანი ინტერიერი ხელოვნების ნიმუშებით – ბინა კეკელიძის ქუჩაზე

ელექტრობის წერტილები და დაქსელვა – რა ჯდება ეს მომსახურება საქართველოში