ლაგოსში, პორტუგალიაში მდებარე ამ სივრცული სახლის ფართობი 600 კვადრატული მეტრია. ის ისეთ უბანში მდებარეობს, სადაც ტრადიციული სტილის სახლები იკავებენ დომინანტურ პოზიციას, ამიტომ მისი მრუდისებური კომპოზიცია, თანამედროვე მინის ფასადები და აუზი უცხო თვალისთვის მარტივი შესამჩნევია.
სახლი ისეა დაპროექტებული, რომ მისი ვიტრაჟებიდან ზღვის მაქსიმალურად დიდი ხედი გადაიშალოს. შენობაში, როგორც სართულებს, ასევე, ეზოსა და შიდა ტერიტორიას შორის უზრუნველყოფილია პირადი სივრცეების არსებობა. შესაბამისად, მიუხედავად სახლის თავისუფალი სივრცისა, აქ ყველა მაცხოვრებელს აქვს შესაძლებლობა, განმარტოვდეს, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის.
შენობის პროექტი პატივს სცემს ლაგოსის ნიადაგის მორფოლოგიასა და სახლის გარემო პირობებს, ამასთან ერთად, მთელ პოტენციალს იყენებს და თავისი გამორჩეული კონსტრუქციით ნამდვილ არქიტექტურულ მშვენიერებად გვესახება.
სახლში შერეულია პირადი და სოციალური ზონები, მაგალითად ქვედა სართული ბევრად უფრო იზოლირებული და მიუწვდომელია სტუმრებისთვის, ზედა კი ძირითადად სწორედ სტურების მისაღებადაა განკუთვნილი. თუმცა, ეს ორი სივრცე არცერთის კომფორტულობას არ არღვევს.
პორტუგალიური სახლის ყველაზე პირადული და ინტიმური არე პირველ სართულზეა, იქ, სადაც მდებარეობს შემოსასვლელი, მფლობელების საძინებელი ოთახები და სააბაზანოები. გარდა ამისა, ქვემოთა სართულს თავისი იზოლირებული ტერასა აქვს, რომლის სიმწვანე სახლის თეთრ ექსტერიერთან კონტრასტულ , თუმცა ჰარმონიულ პეიზაჟს ქმნის.
შენობის სამხრეთა ნაწილში აუზი და კედლებით დაცული გარეთა ტერასა მდებარეობს, სადაც მფლობელებს უცხო თვალისგან მოშორებით შეუძლიათ მზის აბაზანების მიღება და პორტუგალიური ამინდით დატკბობა.
მეორე სართულზე, რომელიც პირველს სახლის გარეთ დამონტაჟებული კიბით უკავშირდება, განთავსებულია სასტუმრო, სასადილო ოთახები და სამზარეულო.
სახლს ასევე აქვს მიწისქვეშა სართული, სადაც განთავსებულია ავტოფარეხი, სარდაფი, საკუჭნაო და სარეცხი ოთახი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სივრცე დამალულია სახლის დანარჩენი ნაწილებისგან, არქიტექტორებმა აქაც შექმნეს შიდა ტერასა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბუნებრივმა სინათლემ მიწის ქვეშაც ჩამოაღწიოს.
ზოგადად, შენობის ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას პრიორიტეტი იყო ბუნებრივი, მზის სინათლის მაქსიმალურად „შემოტანა“ სახლში. სწორედ ამიტომაა მისი კონსტრუქცია მრუდისებური ფორმის.
არქიტექტურული სტუდია: Vitor Vilhena Architects
ფოტოები: Fernando Guerra | FG+SG