in

პრიალა თუ მქრქალი – რომელი ზედაპირი ჯობია სამზარეულოს ავეჯისთვის?

სამზარეულოს ავეჯის შერჩევისას ადამიანები რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობიან: ზომები, ფერი, მასალა, ერგონომიკა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექსტურა. ხშირად სწორედ ამაზეა დამოკიდებული ოთახის სიმყუდროვე, ასევე, სამზარეულოს ავეჯის პრაქტიკულობა.

მქრქალი თუ პრიალა ზედაპირი — რა განსხვავებაა?

მთავარი განსხვავება საფარის სტრუქტურაშია. პრიალა ფასადს გლუვი, გაპრიალებული, ამრეკლავი ზედაპირი აქვს, ხოლო მქრქალი ტექსტურირებულია. განსხვავება მასალაშიცაა: მაღალი ხარისხის პრიალა ფასადები დამზადებულია MDF -ისგან, რომელიც აკრილით, მინანქრით ან ლაქით არის დაფარული. პრემიუმ-კლასის მქრქალი ფასადების წარმოებისთვის გამოიყენება MDF-ი ან ხის ბურბუშელას ფილა ვინირის, მყარი ხის, ასევე აკრილის ფისებისგან დამზადებული მქრქალი ზედაპირის მქონე ინოვაციური მასალის — „ფენიქსის“ საფარით.

რომელი ვარიანტი უნდა აირჩიოთ?

კითხვა რთულია, რადგან ორივე ტიპის საფარს უნიკალური თვისებები და მახასიათებლები აქვს. გარდა ამისა, არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ოთახის საერთო დიზაინი და სამზარეულოს ავეჯის სტილი.

პრიალა საფარის თავისებურებები

პრიალა ზედაპირი შუქს ირეკლავს, ამიტომ კომპლექტი გლუვი მბზინავი ფასადით არა მარტო ვიზუალურად ზრდის სივრცეს. ასეთი ავეჯით დაკომპლექტებული სამზარეულო უფრო ფართო, მაგრამ ცივი ჩანს.

მრავალფენიანი ლაქი პრიალა ფასადს ტენიანობისა და ცვეთის მიმართ გამძლეს ხდის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი დასუფთავებისას აბრაზიული საწმენდი საშუალებები არ უნდა გამოიყენოთ. ელეგანტური ინტერიერის შესაქმნელად დიზაინერები მდუმარე ფერებში გაფორმებული პრიალა ზედაპირების ზომიერად გამოყენებას გვირჩევენ.

რა უნდა იცოდეთ მქრქალი ფასადის შესახებ?

მქრქალი ზედაპირი უფრო ბუნებრივად გამოიყურება, ვიდრე — გალაქული. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ის შუქს შთანთქავს. ეს ფაქტი განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნაკლებად განათებულ მცირე ზომის სამზარეულოს.  თუ კომპლექტი მუქია, ხოლო ოთახი — პატარა, მქრქალ ავეჯს შეგიძლიათ პრიალა — მინის, სარკის ან მოზაიკის წინსაფარი შეუხამოთ. ეს შექმნის ბზინვარების ეფექტს, რაც კედელს ვიზუალურად გააფართოებს და ოთახს სინათლეს შეჰმატებს.

მქრქალი ზედაპირის გასაწმენდად არ გამოიყენოთ ქლორი, ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები და აბრაზიული პროდუქტები. შეგიძლიათ, ჭუჭყი საპნიანი წყლითა და რბილი ქსოვილით მოაშოროთ.

რა როლს ასრულებს სამზარეულოს სტილი?

სამზარეულოს ავეჯის შერჩევისას კონკრეტული სტილისთვის ნიშანდობლივი რამდენიმე წესი გაითვალისწინეთ:

  1. კლასიკური სტილი მქრქალ ზედაპირებს აერთიანებს. შუშის ჩანართებთან, ჩუქურთმებთან და სხვა დეკორატიულ ელემენტებთან ერთად, მქრქალი ფასადები საოცრად ბუნებრივად გამოიყურება. ეს წესი ვრცელდება მშვიდ პროვანსზეც, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი ხის გამოყენებას ამრეკლავი ზედაპირების გარეშე.
  2. ჰაი-ტექის, მოდერნის, არტ-დეკოსა და ნეოკლასიკური სტილის სამზარეულოსთვის იდეალურია პრიალა ზედაპირები: აკრილი, ლითონი, მინა, სარკეები.
  3. მინიმალიზმისა და ლოფტის დიზაინერები გვირჩევენ, გამოვიყენოთ პრიალა და მქრქალი ფასადების შერწყმა. ამ შემთხვევაში მთავარია, ავეჯი მშვიდი ფერებით გავაფორმოთ.

სივრცის განათება

მნიშვნელოვანია, მქრქალ და პრიალა ზედაპირებს შორის არჩევანის გაკეთებისას გაითვალისწინოთ განათების ხარისხი. მზის შუქით ნაკლებად განათებული ოთახი უფრო ფართო გამოჩნდება, თუ პრიალა ფასადებს გამოიყენებთ. მქრქალი ფასადები სინათლეს შთანთქავს, ამიტომ ოთახში დამატებითი განათების დამონტაჟება დაგჭირდებათ. მაგრამ, თუ ფანჯრები მზიანი მხარისკენაა მიმართული, მქრქალი ავეჯი სრულიად შესაფერისია: საფარის ტექსტურა – შესამჩნევი, ფერი კი უფრო მუქი ხდება. ამავდროულად, ისედაც განათებულ სამზარეულოში პრიალა ზედაპირების გამოყენების შემთხვევისგან განსხვავებით, აქ ავეჯის სიპრიალე ნაკლებად გამაღიზიანებელია.

ფერების შერჩევა

სამზარეულოს ნაკრები მქრქალი ფასადით ყოველთვის უფრო ელეგანტურად გამოიყურება და სივრცეს არ ტვირთავს, ნათელი პრიალა ზედაპირები კი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, გამაღიზიანებელია. დიზაინერები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ გალაქული საფარი, თუ სამზარეულოს ავეჯი ორი ან მეტი ელფერისგან შედგება. ბუნებრივი ხისგან დამზადებული ფასადები, პალისანდრის გარდა, მხოლოდ მქრქალი საფარით უნდა გამოიყენოთ.

ყველაზე მოსახერხებელია ღია მონოქრომულ ან ხის ელფერებში გაფორმებული ავეჯია, რადგან მის ზედაპირზე თითის ანაბეჭდები და მტვერი ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორც მუქ ფასადზე.

სამზარეულოს ავეჯის ზომა

სამზარეულოს ავეჯის ზომები ოთახის ფართობის მიხედვით ირჩევა. სჯობს, 3-4 მეტრზე დიდი ყალიბის მქონე ავეჯისთვის მქრქალი ზედაპირი გამოიყენოთ, რადგან ზედმეტად დიდი არ გამოჩნდება და ინტერიერსაც მოერგება. სასურველია, სამზარეულო-მისაღები ოთახისთვის უპირატესობა მიანიჭოთ ნაკლებად ბზინვარე ავეჯს, რათა ის სივრცეში აქცენტად არ იქცეს.

პატარა სამზარეულოსთვის იდეალური არჩევანია პრიალა თეთრი ავეჯი ჭერამდე ამართული ფასადით. განსხვავებული ელფერის სამუშაო ზედაპირისა და არასტანდარტული წინსაფრის გამოყენებით, სამზარეულოს ავეჯის იერსახის გამრავალფეროვნება შეგიძლიათ.

კომბინირებული ვარიანტები

პრიალა და მქრქალი ტექსტურის კომბინაცია ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურება. ამასთან, ასეთი გადაწყვეტა უფრო პრაქტიკულია. მაგალითად, კომპლექტი პრიალა ზედა ფასადებით და მქრქალი ქვედა ნაწილით ჭერს ვიზუალურად ამაღლებს. ამავდროულად, თუ ქვედა ფასადები ღია ფერის ხისგანაა დამზადებული, ზედაპირის ჭუჭყი ძნელად შესამჩნევი იქნება.

პრიალა თუ მქრქალი წინსაფარი?

წყლისა და ცხიმის წვეთები უფრო შესამჩნევია პრიალა წინსაფარზე, მაგრამ მათი ადვილად და სწრაფად მოშორება შეიძლება. მქრქალ წინსაფარზე ლაქები არც ისე შესამჩნევია, მაგრამ, შესაძლოა, ცხიმი ზედაპირში ღრმად ჩაჯდეს.

რომელია უფრო პრაქტიკული ვარიანტი?

თითოეული ჩვენგანი განსხვავებულ დიზაინსა და სტილს ანიჭებს უპირატესობას — ეს გემოვნების საკითხია. თუმცა, სამზარეულო ის ოთახია, რომელშიც ავეჯი პრაქტიკული უნდა იყოს: ადვილად გასაწმენდი და ყველა სახის ჭუჭყისადმი მდგრადი. იმის გასარკვევად, თუ რომელი საფარია უფრო პრაქტიკული, თითოეული ვარიანტის უპირატესობები და ნაკლოვანებები უნდა გავითვალისწინოთ.

  • ფოროვანი ზედაპირი ნებისმიერ ჭუჭყს შთანთქავს, ამიტომ მქრქალ ფასადს მეტი მოვლა სჭირდება. პრიალა ზედაპირში ჭუჭყი არ ჯდება. დასუფთავების მთავარი სახე სველი წმენდაა, რის შემდეგაც საკმარისია ფასადის ნახევრადმშრალი ქსოვილით გაწმენდა ისე, რომ ზედაპირს ზოლები არ დაეტყოს. მქრქალი ფასადი კარგად უნდა გასუფთავდეს ლაქებისგან, შემდეგ დამუშავდეს საწმენდი ხსნარით ისე, რომ ზედაპირზე საპნის კვალი არ დარჩეს, ბოლოს კი გასაწმენდად რბილი ქსოვილი უნდა გამოიყენოთ.
  • პრიალა ფასადის დაზიანება – ნაკაწრები და ბზარები უფრო შესამჩნევია.
  • სამზარეულოს ავეჯის ზედაპირი გაცილებით მალე ჭუჭყიანდება. ზეთის ლაქები უფრო შესამჩნევია მქრქალ ზედაპირზე, ხოლო თითის ანაბეჭდები — პრიალაზე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მუქი ფერის ავეჯზე აბსოლუტურად ყველაფერი ჩანს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ოთახი ნათელია. სამზარეულოს მქრქალი და პრიალა ავეჯი, რომელიც ღია ფერშია გაფორმებული, ყოველთვის უფრო მოსახერხებელი ვარიანტია.
  • პრიალა ზედაპირი დროთა განმავლობაში ფერს კარგავს — თეთრი ფასადები ხშირად ყვითლდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამზარეულო ძალიან ნათელია.

დასკვნა

სტატიის სათაურში დასმული კითხვა რთულია, პასუხი კი — ორაზროვანი: პრიალა ზედაპირი უფრო მომხიბვლელი და შესამჩნევია. ამასთანავე, სივრცის ვიზუალურად გაზრდა შეუძლია. მქრქალი ფასადები კი მრავალმხრივია და ყოველთვის ინარჩუნებს ელეგანტურობას. შესაბამისად, არ არსებობს ერთი პასუხი კითხვაზე, თუ როგორი ავეჯი უნდა შეიძინოთ სამზარეულოსთვის — მქრქალი თუ პრიალა და საბოლოო გადაწყვტილება ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების მიხედვით უნდა მიიღოთ.

რემონტის შეცდომები — ნინი ბარნაბიშვილის გამოცდილება

ბინისა და სახლის ბუნებრივი განიავების მეთოდები და სქემები