in

გამორჩეული არქიტექტორული ნაგებობები საქართველოში – “ალიანს ჰაილაინი”

თამარაშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებს შორის, ჭავჭავაძის 49ბ ნომერში, მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსი – „ალიანს ჰაილაინი“ მდებარეობს. ნაგებობის საერთო სამშენებლო ფართობი 85 000 კვ. მეტრია და სამი  ბლოკისგან შედგება: A თაუერი 40 სართულს მოიცავს, B თაუერი – 35-ს, C კი – 28-ს. პროექტი, რომლის მშენებლობაც 2018 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.

კომპლექსში შედის აპარტამენტები, სასტუმრო და ინფრასტრუქტურა, ამიტომ ადგილმდებარეობის არჩევისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მისი ადვილად მისადგომობა აღმოჩნდა. ვაკე-საბურთალოდან ამ ადგილას მისვლა საკმაოდ ადვილია, რადგან პროექტი უბნების ძირითად დამაკავშირებელ ქუჩაზე პირდაპირაა მიბმული.

ეს ადგილი საშუალო და შორი მანძილებიდან სამ მნიშვნელოვან ხედვის არეალში მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირი, თამარაშვილის ქუჩის ღერძი და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი (ვერეს ხეობის ახალი გზა). შესაბამისად, ადგილმდებარეობის შერჩევისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შენობის შორი მანძილიდან აღქმადობაზე ზრუნვა, – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას გიორგი ხმალაძე.

არქიტექტორი კონცეფციაზე მუშაობის პროცესზეც გვიყვება და პროექტის თავდაპირველ მიზნებსაც გვიზიარებს:

„უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგვეფიქრებინა, როგორი იქნებოდა კომპლექსის სივრცითი გადაწყვეტ. მდებარეობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ნაგებობა შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო როგორც შორი, ისე ახლო მანძილიდან. ამავდროულად, სამშენებლო ფართი ისე უნდა გადანაწილებულიყო, რომ დიდი მოცულობისურბანული კედელი არ წარმოგვექმნა. უნდა დაგვეცვა პროექტის სივრცეების განათებაც და მიმდებარე განაშენიანება. შესაბამისად, კომპლექსი  სამ მაღლივ მოცულობად განვითარდა, რომლებიც, ვიწრო, დაბალი და განივი განაშენიანების ნაცვლად,გამჭოლია“.

მომდევნო მიზნად დავისახეთ რეკრეაციული სივრცის გაჩენა ინტენსიურად განაშენიანებულ გარემოში, სადაც, მიწის დონეზე, ღია სივრცე გარდაუვალ სამანქანო გზებსა და მისასვლელებს უნდა დათმობოდა. საამისოდ, მიწის დონეზე, შენობის პირველი სართულის მოცულობით, გზისგან შემოფარგლული, მცირე გამწვანებული ეზო შევქმენით. ხელოვნურად შექმნილი რელიეფი კომპლექსის გამაერთიანებელ, პირველი სართულის გადახურვას უკავშირდება, სადაც მრავალფეროვან რეკრეაციული სივრცეების სისტემას ქმნის.

ცხადია, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მრავალფეროვანი საცხოვრებელი ერთეულების განთავსება, რომლებიც, როგორც წესი, მაღლივ შენობებში (განმეორებადი, იდენტური სართულების გამო) იშვიათად გვხვდება. ამან გვიბიძგა, პროექტში სართულების ფართების ცვალებადობა შემოგვეტანა, რამაც, როგორც განსხვავებული სივრცეების, ისე კომპლექსის სილუეტის სრულყოფის საშუალება მოგვცა.

კონსტრუქციული თვალსაზრისით, პროექტის ავტორებისთვის „ალიანს ჰაილაინის“ ვიწრო და მაღლივი განვითარება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა: შენობაში უნდა შენარჩუნებულიყო თავისუფალი გეგმარება, რომლის მიხედვითაც, სართულის შუაგულში კონსტრუქციული ბირთვია განთავსებული – ლიფტებით, კიბეებითა და სხვა საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელებით, პერიმეტრზე კი მზიდი კოლონებია განლაგებული. მათ შორის შექმნილი სივრცე თავისუფალია ყოველგვარი მზიდი ელემენტისგან, რაც გეგმარების მოქნილობას განაპირობებს. დამატებით სირთულეს ქმნიდა პერიმეტრული კოლონებიც, რომლებიც, კონსტრუქციულთან ერთად, არქიტექტურული ელემენტებიცაა. ისინი სხვადასხვა ნიშნულზე, ორ სიბრტყეში იხრება, რაც არაერთ (მათ შორის სამშენებლო) გამოწვევას ქმნიდა.

თითოეული დეტალის გათვალისწინება და დაბრკოლებების დაძლევა მაქსიმალურ სიზუსტესა და აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა, რასაც პროექტის ავტორებმა თავი წარმატებით გაართვეს. გამოწვევების გადალახვასა და თითოეული მიზნის გათვალისწინება უზუსტესი დაგეგმვა და კოორდინაცია ჭირდებოდა, რასა წარმატებით გავართვით თავი, – ამბობს ჩვენთან საუბრისას გიორგი ხმალაძე.

Roomix – ჰარმონიული ცხოვრებისთვის შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი

რა არის ჰიდროიზოლაცია და რა საჭიროა ის აბაზანაში?