in

კლასიკური ელეგანტურობა თანამედროვე კომფორტით – Keredesign-ს ნამუშევარი მეტეხის ქუჩაზე

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხიბლით სავსე უბანი – მეტეხი – კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ძველისა და ახლის ჰარმონია შესაძლებელია. სწორედ აქ, სრულად რესტავრირებულ ისტორიულ შენობაში, არქიტექტურულად ღირებულ კონტექსტში, Keredesign-ის  მიერ შექმნილი ორი ბინა გვხვდება – ინტერიერები, რომლებიც პასუხობს როგორც ტურისტული, ისე მუდმივი ცხოვრების სტანდარტებს.

როგორც სალომე კერესელიძე, Keredesign-ის დამფუძნებელი გვიამბობს, საპროექტო დავალება გულისხმობდა ორი იდენტური გეგმარების მქონე ბინის დიზაინის შექმნაში. ბინების ფართობი 53 კვადრატული მეტრია და ორივე მათგანი მოიცავს იზოლირებულ საძინებელს, მისაღებს, სამზარეულოსა და დიდი ზომის სააბაზანოს. გეგმარების მთავარი გამოწვევა იყო პატარა სივრცის მაქსიმალურად ეფექტური ათვისება – თითოეული კვადრატული მეტრი ფუნქციითა და ესთეტიკითაა დატვირთული. სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული ავეჯი კი იდეალურად ჯდება სივრცეში და საჭირო კომფორტს სთავაზობს მაცხოვრებელს.

პროექტში ყურადღებას იქცევს მუქი აქცენტების საინტერესოდ გამოყენება.

“მუქი ფერები, განსაკუთრებით მცირე ზომის სივრცეებში, საკმაოდ გაბედული ნაბიჯია. ამ მხრივ სწორი ბალანსის დასაცავად ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო. ამიტომ გადავწყვიტე, მუქი ტონები ყოფილიყო ისეთ ადგილას, სადაც ჩვენი თვალი ყველაზე იშვიათად ხვდება – საწოლის უკანა კედელზე, აბაზანაში…,” – სალომე კერესელიძე

შედეგად, მიღებულია ინტერიერი, რომელიც ელეგანტურობასთან ერთად, ინარჩუნებს ჰაეროვნებას. მუქი და ღია ტონების კონტრასტი სივრცეს ღრმა, თუმცა მშვიდ განწყობას ანიჭებს.

პროექტში გამორჩეულ როლს თამაშობს განათება. გამოყენებულია ენერგოეფექტური, ზონალურად განაწილებული ლედ განათება – საერთო, სამუშაო და დეკორატიული. კედლის სანათები და აქცენტური შუქი ქმნის განწყობას, რომელიც იწვევს სიმშვიდეს და ქმნის იდეალურ პირობას დასვენებისთვის.

ამას გარდა, სივრცეებში ინტეგრირებულია თანამედროვე ტექნოლოგიები – ჭკვიანი საკეტი, გათბობა-გაგრილების სისტემა და სრულად ელექტრონული საოჯახო ტექნიკა. აღსანიშნავია, რომ ბინებში არ გვხვდება გაზის მიწოდება, რაც მათ ენერგოეფექტურს და ეკომეგობრულს ხდის. თითოეულ დეტალში იგრძნობა დიზაინერის მიდგომა – მინიმალისტური, ფიქრით გამართული და შთაგონებული კლასიკური თბილისური არქიტექტურის ესთეტიკით.

“შეიძლება ითქვას, რომ ეს ინტერიერი სახლის სპა-ვერსიაა – სუფთა, მშვიდი და დახვეწილი”, – ასე აღწერს საკუთარ ნამუშევარს სალომე კერესელიძე. მართლაც, მოცემული ბინები სტრესისგან თავშესაფარია, სადაც რბილი ტექსტურები, თბილი განათება და მუქი აქცენტები ერთიანობაში ქმნის სიმშვიდის ატმოსფეროს.

აღსანიშნავია, რომ ბინები ამ ეტაპზე გასაყიდად არის გამოტანილი და თითოეული მათგანის ღირებულება 190 000$-ს შეადგენს. დეტალების ხილვა შესაძლებელია განცხადების ბმულზე.

პროექტის ავტორი: სალომე კერესელიძე

დიზაინ სტუდია: Keredesign

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

თანამედროვე ხის სახლი ავსტრალიის ტყეში — Robbie Walker-ის პროექტი

ხის დარაბები ინტერიერში – 6 რეალიზებული პროექტი საქართველოდან