in

თანამედროვე მინიმალიზმით შექმნილი ინტერიერი ვაკეში — სტუდია „Due“-ს ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში სტუდია „Due“-ს ახალ ნამუშევარს გიზიარებთ, რომელიც ვაკეში მდებარეობს, მისი საერთო ფართობი კი 175 მ2-ია.

საპროექტო დავალება ისეთი საცხოვრებელი სივრცის შექმნას გულისხმობდა, რომელიც თითოეული მაცხოვრებლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა და ამავდროულად, საინტერესო ხასიათსა და უნიკალურობას შეინარჩუნებდა. სწორედ ამიტომ, პროექტმა „La Familia“-მ თანამედროვე, მინიმალისტური სახე მიიღო.

„მაშინ, როდესაც ბინაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, ინტერიერის დიზაინი ორმაგ დავალებას იღებს: ერთი მხრივ, უნდა მოერგოს მის ყველა მაცხოვრებელს, ამასთანავე კი შეინარჩუნოს საინტერესო ხასიათი და უნიკალურობა. ამგვარად, ბინაში — „La Familia“ ამ ამოცანის დასახვამ მსუყე მინიმალიზმი შექმნა“, — აღნიშნავს „Due“-ს გუნდი.

ბინის ინტერიერი სადა დეტალებით და პასტელური ფერებით არის შესრულებული. სივრცე სამ მთავარ ტონალობაშია გადაწყვეტილი: თბილი თეთრი, ხის თბილი ტონალობა და ე.წ. ანთრაციტი — შავი პრიალა ქვანახშირი, რომელიც სივრცეს კონტრასტულ შტრიხებს სძენს.

თავდაპირველ ყურადღებას შემოსასვლელში არსებული ტევადი კარადა იქცევს, რომელიც ერთი შეხედვით კედლის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ საკმაოდ ფუნქციურია. დიზაინერების გადაწყვეტილებით, პრაქტიკული და მაქსიმალურად ფუნქციური საცხოვრებლის შესაქმნელად, ბინაში არსებული ყველა სათავსო ინტერიერის უჩინარ, დეკორატიულ ელემენტად არის ქცეული. შემოსასვლელის კარადას უჩინარი კარი მოსდევს, რომელიც დერეფანს საძინებლისგან მიჯნავს და სივრცეს სიმსუბუქესა და ერთიანობის განცდას ანიჭებს.

მისაღები ოთახი ნეიტრალურ, სადა ფერებშია გაფორმებული, რომელიც მოსასვენებელ და სასადილო ნაწილებად იყოფა. მინიმალისტური ხასიათის ავეჯი შთამბეჭდავი დეტალებით კი საინტერესო იერსახეს სძენს სივრცეს. ტერაკოტას ფერი სავარძელი, მუქი ტონალობები და გამწვანება  მონოქრომულ სივრცეს აცოცხლებს და ერთგვარ სიხალისეს მატებს მას. ხოლო ნაცრისფერ ტახტსა და სახასიათო გეომეტრიული ფორმის მაგიდას თანამედროვე და მინიმალისტური ესთეტიკა შეაქვს ოთახში. აღსანიშნავია ტელევიზორის კედელიც, რომელიც ანთრაციტის ფერის ჩარჩოთი არის გაფორმებული და მნიშვნელოვან დეკორატიულ დატვირთვას იძენს.

ოთახის მეორე მხარეს სასადილო ზონაა მოწყობილი ღია ფერის ოვალური მაგიდითა და თეთრი, რბილი ტექსტილის მქონე სკამებით, რაც ინტერიერს დახვეწილობასა და ელეგანტურობას ანიჭებს. აქვეა დაპროექტებული ჩაშენებული ღია სათავსო, რომელზეც დეკორატიული ელემენტები და აქსესუარებია განთავსებული. თავად ღია კარადის დიზაინი  იმდენად საინტერესოა, რომ დამატებით მიმზიდველი შტრიხი შეაქვს საცხოვრებელში. ასევე ხაზგასასმელია განათებაც, რომელიც მრავლად გვხვდება ინტერიერში და მას ბევრად ეფექტურს ხდის.

სამზარეულოში ბინის ხასიათი შენარჩუნებულია, თუმცა საინტერესოდ შემოდის თბილი ყავისფრის გრადაციები. მუქი ყავისფერი და კრემისფერი ფერთა გამა ერთმანეთს ენაცვლება და ოთახის განწყობას განაპირობებს. სივრცე დახურული სათავსოებითა და კარადებით არის გაწყობილი, რის გამოც ერთიანობის შეგრძნება არ ირღვევა და მინიმალიზმი გამოკვეთილია.

მთავარი საძინებელი სისადავით და სიმსუბუქით ხასიათდება, რაც პასტელური ფერებით და მინიმალურად დატვირთული ინტერიერით მიიღწევა. სიმყუდროვეს კი რბილი ავეჯი და ნაზი ტექსტილი ქმნის.

ერთ-ერთ საძინებელში საწოლის რბილი თავი დეკორის მნიშვნელოვან ელემენტადაა ქცეული, ხოლო საინტერესო დიზაინის წერტილოვანი განათება გამორჩეულ ატმოსფეროს განაპირობებს.

საბავშვო ოთახში მეტი ფერადოვნება იგრძნობა, რაც ბინის ხასიათში ავთენტურად ეწერება. სივრცე სწორ ფუნქციურ ზონებად ისეა დაყოფილი, რომ ერთდროულადაა შესაძლებელი დასვენება, მეცადინეობა, განტვირთვა და თამაში.

რაც შეეხება სააბაზანო ოთახებს, ამ შემთხვევაშიც ნეიტრალური მსუბუქი დიზაინი ნარჩუნდება, ოთახების გასახალისებლად კი მინიმალისტურადაა შემოტანილი მკვეთრი ფერები და დეკორატიული განათება.

საბოლოო ჯამში, „La Familia“ თანამედროვე და მინიმალისტური სტილით შთაგონებული პროექტია, რომელიც სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, ეხმიანება მაცხოვრებლების საჭიროებებს და ახერხებს შეინარჩუნოს როგორც სიმყუდროვე, ასევე საინტერესო და მიმზიდველი დიზაინი.

პროექტის ავტორები: ლიკა ლასარეიშვილი და ცოტნე ანდრიაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Due“  

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: დიტო თედიაშვილი

ბუნებით გარშემორტყმული სახლი ბელგიაში

„SHARE Georgia”-ს 2024 წლის ფორუმის მომხსენებელი „XTU Architects“-ის თანადამფუძნებელი, არქიტექტორი ანუკ ლეჟანდრი (Anouk Legendre) იქნება