ბოლო დროს ტრენდული გახდა დიზაინსა და არქიტექტურაში მოღვაწე ქალების შესახებ თხრობა. თითქოს, ამით იმ წლების კომპენსირება ხდება, როცა მათი დამსახურება ჯეროვნად არ ფასდებოდა.
უკვე გაიცრიცა ნათქვამი, რომ “ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან დიდებული ქალბატონი დგას.” სინამდვილეში, დღევანდელი ამბის გმირი სახელოვანი ქალბატონები საკუთარ სავალ გზას არა ვიღაცის უკან, არამედ დამოუკიდებლად მიუყვებოდნენ და დამსახურებულ აღიარებასაც მიაღწიეს. დღეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას შევეცდებით და იმ ადამიანებზე ვისაუბრებთ, ვინც უშუალოდ იდგა იმ გზის სათავეებთან, რომელმაც დიზაინი გენდერულად ნეიტრალურ პროფესიად ჩამოაყალიბა.
ლილი რაიხი
იცით თუ არა, რომ ლუდვიგ მის ვან დერ როეს ლილი რაიხის გაცნობამდე ავეჯის ნივთებიდან ფასეული არაფერი შეუქმნია და მასთან ერთობლივი მუშაობის შეწყვეტის შემდგომაც საზოგადოებას განსაკუთრებული ვერაფერი წარუდგინა? ის გერმანული გუნდის არა მხოლოდ ერთადერთი მანდილოსანი იყო, არამედ “სუსტი სქესის” წარმომადგენელთაგან პირველი, ვისაც წილად დირექტორის თანამდებობა ხვდა. ვან დერ როესთან ერთად ამ ქალბატონმა 13 წელი იმუშავა, მონაწილეობდა ბარსელონაში გერმანული პავილიონის ავეჯის შექმნაში. ის პროფესიულ დონეზე ეწეოდა სამრეწველო ქარგვას, გამოფენებისა და ვიტრაჟების მოწყობას. ვან დერ როეს შეერთებულ შტატებში ემიგრაციის შემდგომ კი ნაცისტური გერმანიის იზოლაციაში მოყვა და ომის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
მარიანა ბრანდტი
მისი ვერცხლის ჩაიდანი „ბაუჰაუსის“ სასწავლო წიგნში შევიდა და ბინა ბრიტანეთის მუზეუმში დაიდო. ის პირველი ქალბატონია, რომელიც ლითონის გადამამუშავებელ სახელოსნოში დაუშვეს და პირველი მანდილოსანი დირექტორია. პროფესიონალთა წრეებში მისი საფერფლეები, ლამფები, ყავისა და ჩაის სერვისები ვაიმერისა და დესსაუს პერიოდის „ბაუჰაუსის“ ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ფართო საზოგადოების თვალში კი პირველ ადგილზე მისი მასწავლებლის – ლასლო მახონი-ნაგის სახელი დამკვიდრდა. ნიჭიერმა მხატვარმა, მოქანდაკემ და ფოტოგრაფმა, „ბაუჰაუსის“ მიღმა დამოუკიდებელი დიზაინერული კარიერის შექმნა ვერ შეძლო და მასწავლებლად მუშაობდა.
ეილინ გრეი
1920 და 1930-იან წლებში პარიზში, რიუ დე ლოტზე ბინა და ფრანგულ ალპებში ორი სახლი გაამშვენეს, რომლებისთვისაც ის ავეჯს, ლამფებსა და კედლის პანელებს ქმნიდა. გაფორმებისას საყვარელ გეომეტრიულ ორნამენტებს იყენებდა. გრეის „ლაქის ავადმყოფობა“ შეეყარა – კანის პროფესიული დაავადება მათთვის, ვინც ლაქის მინიატიურებზე მუშაობს. გრეიმ ამ საქმეს მთელი მისი ახალგაზრდობა მიუძღვნა. 1937 წელს, ლე კორბუზიეს მოწვევით, მისი ნამუშევრები პარიზის გამოფენაზე წარსდგა. თანამედროვეები მას მოდერნიზმის საკვანძო ფიგურად თვლიდნენ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის თითქოს მეხსიერებიდან ამოშალეს და მთელი დამსახურება მის თანამოაზრეებს – ლე კორბუზიესა და მალლე სტივენს მიაწერეს. სამწუხარო ირონიით, მისი კარიერის აღმავლობა მაშინ დაიწყო, როცა პარიზში, საკუთარი გალერეა გამოგონებული მამაკაცის – ჟან დეზერტის სახელით გახსნა.
შარლოტა პერრიანი
1927 წელს ლე კორბუზიემ თავის პარიზულ სტუდიაში მას ცხვირწინ კარი მიუჯახუნა: „ჩვენ აქ ბალიშების ამოქარგვით არ ვერთობით“. მაშინ შარლოტა 24 წლის იყო. იმავე წელს ქალბატონმა „ბარი სახურავის ქვეშ“ შექმნა. ეს იყო ალუმინის, ფოლადისა და შუშის მისაღები. კორბუზიემ ბოდიში მოიხადა და ამის შემდეგ მათ ერთად არაერთი წელი იმუშავეს. პერრიანი ფოლადის ქრომირებული მილაკებისგან სკამებს ქმნიდა, დაინტერესებული იყო ერგონომიკითა და შეზლონგებზე ადამიანის სხეულის მდგომარეობით, ავეჯის მასიური წარმოებისთვის ბიუჯეტსა და დანახარჯებს ანგარიშობდა, დაკავებული იყო პარიზის 1937 წლის გამოფენით. სავოიეში სათხილამურო კურორტი, ხოლო „Cite Universitaire“-სა და „მარსელის ერთიანში“ ოთახები გაამშვენა. მან თითქმის 100 წელი იცოცხლა, დღეს კი მის ავეჯს ბრენდი „Cassina“ უშვებს.
რეი იმსი
მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრა ბერენს იმსის სახელი ყოველთვის მის ცნობილ მეუღლესთან ერთად მოიხსენიება, შეიძლება ვინმეს ეგონოს, თითქოს ის მხოლოდ ქმრის აჩრდილი და ასისტენტი იყო. ერთობლივი მუშაობის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში, ბიზნესმენებს საქმის დაჭერა მხოლოდ ჩარლზთან სურდათ. კრიტიკოსებიც ქალბატონის შექმნილ ნივთებს მეუღლეს მიაწერდნენ. გარდა „Time-Life chair“-სა, რომელიც ბევრი წყაროს ვერსიით, მთლიანად რეის პროექტი იყო, ის იყო მხატვარი. თავისი ყურადღების ფოკუსირებას ფერზე, მასალასა და ნახატზე ახდენდა. შექმნა აბსტრაქტული გეომეტრიული ფორმების მქონე ტექსტილი და საბაზისო პალიტრა. ერთ-ერთ გვიან ინტერვიუში ჩარლზ იმსმა თქვა: “მე ვამბობ, რომ ყველაფერი ეს მე გავაკეთე, მაგრამ სინამდვილეში, მას არანაკლები გაუკეთებია, უბრალოდ, მისი ნამუშევრები კორპორაციული სახელის ქვეშ იმალება.
ფლორენს ნოლლ ბასსეტი
ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ფინელი არქიტექტორი ელიელემ საარინენთან და მის შვილთან ნაცნობობის წყალობით არქიტექტურულ წრეებში მოხვდა. შედეგად მე-20 საუკუნის ოსტატებთან ისწავლა, როგორიც ვალტერ გროპიუსი, მარსელ ბროიერი და ლუდვიგ მის ვან დერ როეა. თავის ქმართან, ჰანსს ნოლტთან ერთად მან ერთ-ერთი მძლავრი ავეჯის კომპანია შექმნა და მსოფლიოს ინტერიერის დაგეგმვის რევოლუციური მიდგომა შესთავაზა. ის სივრცეს არა მხოლოდ ამშვენებდა, არამედ ქმნიდა მას. მისი მიწოდებული იდეიდან ოფისის ახალი სახეობა გაჩნდა – სადა, თანამედროვე, მუხის მძიმე მაგიდებისა და ტიხრების გარეშე.
ფლორენსი აქტიურად მონაწილეობდა ავეჯის შემუშავებაში. მისი ნამუშევრებიდან ზოგიერთი მე-20 საუკუნის დიზაინის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა და თავიანთი უნივერსალური დიზაინის წყალობით, დღემდე აქტუალური დარჩა. 1955 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ის „Knoll“-ის პრეზიდენტი გახდა, შემდგომ კი დიზაინის დეპარტამენტის მართვასა და კომპანიის განვითარებაზე გადაერთო. გარდაცვალების შემდეგ დიზაინ-ინდუსტრიის რევოლუციონერი ქალის სახელი დატოვა, რომელიც აბსოლიტურად განსხვავებულ საოფისიე სივრცეებს ქმნიდა და მოდერნისტული სტილის „მბრძანებელი ქალის“ სახელი დატოვა.