“Rooms Studio” (“რუმს სტუდიო”) ორი მეგობრის, ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას მიერ დაარსებული სტუდიაა, რომელიც დღეს საკმაო პოპულარობით სარგებლოს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. როგორც “Rooms Studio”-ს დამფუძნებლები გვიამბობენ, დიზაინის, არქიტექტურისა და ზოგადად, ხელოვნების სიყვარული მათ ბავშვობიდან მოსდევთ. სწორედ ამ მკაფიო ინტერესმა განაპირობა მათი სამომავლო პროფესიის შერჩევა და იმ საუცხოო პროექტების განხორციელება, რომელთა შესახებაც ნატა და ქეთი დღეს Homeis.ge-ს მკითხველს უამბობენ.
– გვიამბეთ როგორ გაჩნდა “Rooms Studio”?
– ჩვენ ერთმანეთს შევხვდით თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე. ვინაიდან ჩვენი ხედვები და ინტერესები ბევრი მიმართულებით ემთხვეოდა ერთმანეთს, გარდა მეგობრობისა, გადავწყვიტეთ საქმეშიც პარტნიორები გავმხდარიყავით. ასეც მოხდა – 2007 წელს დავაარსეთ “Rooms studio”. სულ პირველი ჩვენი საერთო ნამუშევრები აკადემიის დამთავრების შემდეგ, 2003 წელს ჩვენსავე ორგანიზებულ ჯგუფურ გამოფენაზე წარმოვადგინეთ, სადაც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე მხატვრებმა, ფოტოხელოვანებმა და დიზაინერებმა, რომლებმაც ასევე წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები. „თანამედროვე ხელოვნების გალერეაში“ წარმოდგენილი იყო ჩვენი პირველი მცდელობა ავეჯის დიზაინის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის აქედან დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება უკვე „რუმს სტუდიოს“ სახელით.
– რა არის თქვენი მთავარი ფილოსოფია პროდუქტის დიზაინზე მუშაობის პროცესში? როგორ ნივთებს ქმნის “რუმს სტუდიო” და რა არის მისი განმასხვავებელი ნიშანი?
– ყველა ჩვენი ნამუშევარი ასახავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, ხედვასა და მისწრაფებებს მოცემულ ეტაპზე. ძირითადად ვმუშაობთ ხოლმე იდეაზე, სადაც ყოველი ნივთი ერთმანეთთან კავშირშია. ეს კი, საბოლოო ჯამში, ქმნის ერთ მთლიან კოლექციას.
რაც შეეხება ჩვენი სტუდიის განმასხვავებელ ნიშანს, ვფიქრობთ, ჩვენი ნამუშევრები იმდენად ავთენტურია და იმდენად უკავშირდება გულწრფელ სურვილებს, მისწრაფებებს, ძიებასა და აღქმას, რომ ალბათ ეს ფაქტორი სძენს ჩვენს ობიექტებს იდენტობასა და სულიერებას. კოლექცია “DNA Archives” და “Wild Minimalism” ზუსტად ამ პროცესების შედეგია, რაც გულისხმობს ჩვენს ფესვებთან დაბრუნებას. გვაინტერესებს ჩვენი ეროვნული წარმომავლობა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ისტორიულ კონტექსტში. ჩვენ ვცდილობთ გავაცოცხლოთ და ასე ვთქვათ, “ახალი სული ჩავბეროთ” ობიექტებს, რომლებიც ჩვენი გადმოსახედიდან, განსაკუთრებული და უნიკალურია. ასევე, ვმუშაობთ უკვე არსებულ ან ჩვენ მიერ შემჩნეულ ქართულ ისტორიულ დიზაინ ობიექტებზე, რომელთაც განვიხილავთ თანამედროვე კონტექსტში და ახალ ფუნქციას ვძენთ მათ.
– თქვენი სტუდია დიდი ხანია გასცდა საქართველოს და მან მსოფლიო ასპარეზზეც მოიპოვა აღიარება. გვიამბეთ რა გზა გაიარეთ ამისთვის? რამდენად რთული იყო კონკურენციის გაწევა საერთაშრისო ბაზარზე არსებული ავტორიტეტული სტუდიებისთვის?
– ჩვენ არასდროს გვქონია კონკრეტული მიზანი წარმატების მისაღწევად, არც რაიმე განსაკუთრებული ფორმულა შეგვიქმნია ამისთვის. ჩვენ ყოველთვის გვამოძრავებდა და გვამოძრავებს შინაგანი მოთხოვნილება და სურვილი იმისა, რომ ჩვენი განცდა გარეთ გამოვიტანოთ. რასაკვირველია, ეს ყველაფერი საქმისადმი დიდი სიყვარულით არის განპირობებული. ვფიქრობთ, წარმატებაც სწორედ თავდაუზოგავმა შრომამ და ჩვენი საქმისადმი სიყვარულმა მოგვიტანა.
– რომელია თქვენთვის გამორჩეული კოლექცია და რატომ?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ყველა პროექტი მნიშნელოვანია, ალბათ მაინც სკულპტურულ ნამუშევრებს, კოლექციებს „Wild Minimalism“-ს და DNA Archives”-ს გამოვარჩევდით. მიგვაჩნია, რომ ამ ფორმით ყველაზე ზუსტად გამოვხატავთ ჩვენს შინაგან განწყობასა და იდენტობას. ვცდილობთ, შევქმნათ თანამედროვე ქართული დიზაინი.
– ძალიან საინტერესოა თქვენი და მაქსიმე მაჩაიძის კოლაბორაცია “Bus stop bench”-ის პროექტში. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტით თქვენ წინ წამოწიეთ საკითხი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ობიექტების ვიზუალური მხარე დროისა და ადამიანის ზემოქმედების შედეგად. რატომ გახდა ეს დაკვირვება თქვენი ინტერესის საგანი?
– “Bust stop bench” არის დაციტის ქვის სკულპტურული ობიექტი – სკამი, რომელზეც ვიმუშავეთ მაქსიმე მაჩაიძესთან ერთად 2017 წელს. ეს ობიექტი ჩვენი “Life On Earth” კოლექციის ნაწილია, და აზრობრივად ავითარებს ამ კოლექციის იდეას. “Life On Earth” კოლექცია შედგა ქართული ქვის საწარმო „კამარასთან“ თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ბუნებრივი ქვა გამოვიყენეთ, მათ შორის ქართული დიაბაზი და დაციტი. “Life On Earth”-ის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ის ფორმები და მასალები, რაც სამყარომ გვაჩუქა, შევამჩნიოთ და მივცეთ მათ ახალი განზომილება მინიმალური დიზაინერული ჩარევით. ეს ასევე არის ერთგვარი მისაკუთრების აქტი.
ხოლო “Bust stop bench”, როგორც Life On Earth-ის ერთ-ერთი კომპონენტი, ავითარებს იგივე იდეას, ოღონდ უფრო ვიწრო სპექტრში. ამ ობიექტის ვიზუალი იმეორებს საბჭოთა დროინდელ მასიური პროდუქციის ნიმუშს, რომელიც გვხვდება თბილისის, მცხეთისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. ჩვენ ამ საზოგადოებრივი მოხმარების სკამის დიზაინი ვაქციეთ პირადი მოხმარების საგნად. მაქსიმეს გრაფიტით კი გამოხატულია ის აქტი, როდესაც ადამიანები საზოგადოებრივ ნივთებზე ზემოქმედებით (დაკაწვრით ან წარწერების გაკეთებით ) ცდილობენ, დატოვონ საკუთარი ნაკვალევი ან ამ ფორმით მიისაკუთრონ საზოგადოებრივი ნივთები. ვფიქრობთ, რომ ამ აქტით ადამიანები ისტორიასა და უსულო საგნებს აცოცხლებენ. მაქსიმე მაჩაიძემ კი საუკეთესოდ გადმოსცა სათქმელი თავისი გრაფიტით.
– ვისაუბროთ ინტერიერის დიზაინის შექმნის პროცესზე. განსაკუთრებით ცნობილია თქვენი სასტუმრო „რუმსის“ პროექტი. გვიამბეთ მის შესახებ.
– დიზაინის შექმნის პროცესი არის იგივენაირად მნიშვნელოვანი, როგორც შედეგი. ამიტომაც დავიწყეთ პროექტების ფრთხილად არჩევა. შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო ეტაპია დასაწყისი, როდესაც ვმუშაობთ პროექტის კონცეფციაზე, კვლევისა და საკუთარი წარმოსახვის შედეგად ვქმნით ახალ ამბავს. სასტუმრო „რუმსის“ პროექტები, რომლებზეც ვიმუშავეთ „აჭარა გრუფთან“ ერთად, არის ჩვენი დიზაინერული ხედვის კარგი ანარეკლი დროსთან მიმართებაში, რადგან პირველი პროექტი ყაზბეგში 2012 წელს შეიქმნა, ხოლო ბაკურიანის „რუმს კოხტა“ 2020-ში. „რუმს კოხტას“ ინტერიერი უფრო მკაფიოდ გამოხატავს ჩვენს ხელწერას და გადმოსცემს იმავე სულიერ განწყობას, რასაც ვხდებით ჩვენს საკოლექციო ობიექტებში.
– რა თავისებურებეთან არის დაკავშირებული საცხოვრებელი სივრცის დიზაინზე მუშაობა? რა არის ამ პროცესში მთავრი გასათვალისწინებელი დეტალი და რამდენად გიყვართ ეს პროცესი.
– საცხოვრებელი სივრცის დიზაინი უკავშირდება დამკვეთის პირად სამყაროს, შესაბამისად, ამ მხრივ მნიშნელოვანია მისი ცხოვრების სტილისა და მოთხოვნილებების სწორად გაგება. შემდეგ უკვე იწყება ამ მოცემულობაში თავისუფალი აზროვნება. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია და როდესაც ისეთი დამკვეთი გვპოულობს, რომელთანაც ჩვენი შეხედულებები ჰარმონიაში მოდის, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა.
– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც პროდუქტის ან ინტერიერის დიზაინით არიან გატაცებულები? რა არის თქვენს პროფესიაში ის დეტალი, რისთვისაც ღირს ყველა სირთულის გადალახვა?
– ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტზე მუშაობისას პროცესით სიამოვნების მიღებაა. თუმცა, არის რთული ეტაპებიც, რომელთა გადალახვა მარტივად არის შესაძლებელი თუ სიყვარულით ვეკიდებით საქმეს. ეს პროფესია გვაძლევს არამხოლოდ თვითგამოხატვის საშუალებას, არამედ სხვისთვის სიამოვნების მინიჭების შესაძლებლობას, გვაკავშირებს სხვადასხვა ადამიანთან და ხელს უწობს შემოქმედებითი ენერგიის მუდმივ გაცვლას, რაც საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრების სასიამოვნო ნაწილი ხდება.
გარეკანის ფოტო: გურამ კაპანაძე