ინტერიერის დიზაინი არის სფერო, რომელიც არა მხოლოდ სივრცის ფუნქციურ და ესთეტიკურ ელემენტებს აერთიანებს, არამედ ადამიანის პიროვნებას, ცხოვრების სტილსა და კულტურასაც ასახავს. საქართველოში ინტერიერის დიზაინმა განსაკუთრებული განვითარება ბოლო წლებში ჰპოვა, რაც აერთიანებს ტრადიციულ ქართულ ელემენტებს და თანამედროვე მიდგომებს. თანამედროვე ქართველი დიზაინერები ხშირად მიმართავენ გაბედულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ასახავს უნიკალურ ესთეტიკას და თანაბრად ფუნქციური და ვიზუალურად შთამბეჭდავი გარემოს შექმნის უნარს.
ამ სტატიაში განვიხილავთ იმ გაბედულ და ინოვაციურ ინტერიერულ დეტალებს, რომლებსაც ქართველი დიზაინერები თავიანთ პროექტებში იყენებენ. ფერების თამამი პალიტრები, ტექსტურების მრავალფეროვნება, ტრადიციული მოტივების თანამედროვე ინტერპრეტაცია და მასალების ექსპერიმენტული კომბინაციები ქმნის ქართულ ინტერიერს.
თუმცა დღეს, ჩვენს მიმოხილვაში თბილისური სახლის ნიდერლანდელ გაბედულ დიზაინერებზეც ვილაპარაკებთ.
ასევე გავამახვილებთ ყურადღებას, როგორ იყენებენ დიზაინერები სივრცის ოპტიმიზაციის მეთოდებს, ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას და არქიტექტურულ ელემენტებს, რომ შეიქმნას არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციური საცხოვრებელი ან სამუშაო გარემო. ამ გაბედულებითა და შემოქმედებითი მიდგომებით, ქართული ინტერიერის დიზაინი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
მონოქრომული ინტერიერი წითელი აქცენტებით – ნინო მშველიძის ნამუშევარი
ბინაში, რომელზეც ნინი მშველიძემ იმუშავა უმეტესწილად გვხვდება ცივი და მუქი ფერები. თეთრი კედლები, მუქი ყავისფერი, ან ნაცრისფრი ავეჯი. ამის გამო ალბათ ფიქრობთ, რომ სახლში მყუდროება ვერ დაისადგურებს. თუმცა არსებობს ერთი მაგრამ – ამ ვითომდა კონსერვატიულ ბინაში ისეთი დეტალებია შეტანილი, ერთი ხელის მოსმით რომ ცვლის სახლის ხასიათს, იქ მცხოვრებთა განწყობასაც და ირგვლივ ყველაფერს ერთიანად ანათებს.
პირველი რაც თვალში მოგხვდებათ, სამზარეულოს ონკანია, ბროწეულის ყვავილისფრად რომ ელვარებს ამ სუპერ თანამედროვე სივრცეში, სადაც თითქოს ნიკელისფერი დომინირებს, მაგრამ ეს კაშკაშა დეტალი მთლიანად ჩრდილავს ერთი შეხედვით მკაცრ ინეტერიერს. შავსა და წითელში შესრულებულ პოსტერი fondation dubuffet-ს კოლექციიდან ასევე თავისი წილი ხალისით ავსებს სამზარეულოს.
მისღებ ოთახში არასტანდარტული დიზაინის წითელ სკამს, ჭერის შინდისფერ სანათს და მძიმე, მონოლითური ბეტონის მრგვალი ფორმის ყავის მაგიდებს შემოაქვს ის შეგრძნებები, რაც დაკავშირებულია ყველაფერ ცოცხალთან, დინამიკურთან. რაც მიგვანიშნებს, რომ ამ სახლში ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ.
მხატვრის ბინა ქიაჩელის ქუჩაზე – “Object Studio”-ს ნამუშევარი
მხატვის ბინა ქიაჩელის ქუჩაზე ნათელ და თბილ ფერებშია შესრულებული.
ასიმეტრიული სანათი მისაღებ ოთახს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. რომელიც ძირითადად შავი ფერისაა, მხოლოდ ერთი დეტალია წითელი – ყველაზე გამორჩეული და საინტერესო.
თუკი ამ სახლში მოხვდებით და საძინებელში შეიხედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ კედლის სანათს, რომელიც ერთი შეხედვით კლასიკური ფორმისაა, თუმცა შეუძლებელია არ გაგახსენდეთ შაქარლამა, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც ბავშვობამ გასული საუკუნის შუაწელში მოუწია. ზუსტად ასეთივე ასოციაციას იწვევს ჭიქის სადგამი, იქვე ტუმბოზე რომ დევს.
დისკოს ფორმის ჭერის სანათიც ძალიან თანამედროვე და თამამი დეტალია, რომელიც სახლს ამშვენებს. ზემოთ თუ აიხედავთ, დაინახავთ როგორ ირეკლავს სანათი ოთახს.
ორი ჰოლანდიელი დიზაინერის თბილისური ესთეტიკით შთაგონებული ფერადი სახლი ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე
მარჯანიშვილზე მდებარე ეს ბინა ორმა ჰოლანდიელმა დიზაინერმა შეიძინა და თავადვე იმუშავა ინტერიერზე.
აქ ყველაფერი ერთმანეთთან კარგად შეხამებული ფერადოვნებით გამოირჩევა. თითქოს ამდენი განსხვავებული ფერი ერთმანეთს არ უნდა ეხამებოდეს. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა. პრაქტიკაში კი ჭერის ბაცი ვარდისფერი სანათი, მუქი ლურჯი მაგიდა, ასეთივე ფერის შემოსასვლელი, თავისი მუქი, შავი ლაკირებული ფარდით კედელზე, ზურმუხტისფრად შეღებილი ჭერის კიდეები, გაცრეცილი მოცვისფერი, ხავერდის სავარძელი, თავისი კვამლისფერი ბალიშებით ისეთ საოცრებას ქმნის ერთიანობაში, თვალს რომ ვერ მოწყვეტ და თუკი ამ სახლის ბინადარი არ ხართ, აქ ხშირად სტუმრობის სურვილი მაინც აუცილებლად გაგიჩნდებათ.
მისაღები ოთახის თავზე განთავსებული დისკოს დიდი ბურთი რომ წარმოიდგინოთ როგორია ღამე, უბრალოდ თვალები დახუჭეთ.
სახასიათო სტილის მქონე ინტერიერი თბილისში — ნინი ჭანტურიასა და ლუკა ჩაგანავას პროფესიული ხედვით შექმნილი საცხოვრებელი
ნინი ჭანტურიამ და ლუკა ჩაგანავამ თავად შექმნეს მათი საცხოვრებელი სახლის ინტერიერი.
სამზარეულოში შესვლისას თვალი აუცილებლად გაგექცევთ ჭერის მხიარული და მრავალფერი სანათისკენ.
ზოგადად სახლი ძალიან დადებით აურას ატარებს. აქ თაროებზე სხვადასხვა პატარა დეტალებს შეხვდებით, მათ შორის ხუან მიროს ნახატისგან შექმნილი დეტალიცაა და აბა როგორ შეიძლება ლამაზი და მიმზიდველი არ იყოს სახლი, სადაც მიროს თუნდაც გაკვრით გაუვლია.
მწვანე კედლები სახლს ექსტრავაგანტულობას სძენს – ძალიან თამამი და გამართლებული გადაწყვეტილებაა დიზაინერების მხრიდან. ასეთივე გაბედული გადაწყვეტაა მწვანე კედელთან მიდგმული მარმარილოს ფერადი და არასტანდარტული ფორმის მაგიდა.
ეს არის სახლი, სადაც დღისითაც და ღამითაც სახლის ბინადრებს მუდამ თან დაჰყვება ნათელი ფერები და საოცარი სიმშვიდის განცდა.
ეკლექტური დიზაინის ბინა ძველ სამხედრო სასწავლებელში — ნინო ლაფაურისა და გიორგი შანშიაშვილის პროექტი მაზნიაშვილის ქუჩაზე
ამ ბინაზე მუშაობის დაწყება თავიდანვე უკვე ძალიან თამამი და გაბედული გადაწყვეტილება იყო, რადგან ადრე ის სამხედრო სასწავლებლის შენობას წარმოადგენდა. ეს ბინის დიდი და განიერი შესასვლელიდან, გრძელი დერეფნებიდან და არასტანდარტული კიბეებიდანაც ჩანს.
ბინაში ერთმანეთს ენაცვლება ძველი და თანამედროვე ეპოქა – ძველი ყაიდის ცისფერი მაცივარი და სამზარეულოს თანამედროვე კარადები. ძველებური მწვანე სანათი და წითელი მანათობელი აბრა კედელზე.
ამ ბინის დიზაინერების გამბედაობაც სწორედ ამაშია. მათ შეძლეს და ჰარმონიული ბალანსი შექმნეს სახლში ძველი და ახალი სტილის „არევით“. სწორედ ეპოქათა ეს არეულობა და სახლის ისტორია ქმნის იმ მშვენიერებას, რაც მასზე მომუშავე სპეციალისტებმა თამამი გადაწყვეტილებების შედეგად მიიღეს.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2