დღეს ქეთი ფხაკაძეზე გიყვებით, არქიტექტორზე, რომლისთვისაც გულწრფელი განცდა და შინაგანი ემოცია უმთავრესია, რათა ბოლომდე გამოხატოს საკუთარი თავი და ჩანაფიქრს ხორცი შეასხას. მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სამყაროს უკეთ შეცნობასა და აღქმაში დაეხმარებათ, ამავდროულად ემოციური ინტელექტის განვითარებას შეუწყობს ხელს. თვლის, რომ მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იმ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ იქონია, რომელმაც მისი მსოფლმხედველობა და ფასეულობები განსაზღვრა. ბავშვობაში განცდილმა შეგრძნებებმა და ხელოვნებასთან პირველადმა კავშირმა საკუთარი თავი აპოვნინა, რამაც შემდგომში მისი პროფესიული არჩევანიც განაპირობა.
გაიხსენეთ რაიმე მოგონება ან ეპიზოდი ბავშვობიდან, რომელმაც თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და პროფესია განსაზღვრა
ჩემს ახლანდელ მდგომარეობასა თუ მსოფლმხედველობაზე უდიდესი გავლენა იქონია 90-იანმა წლებმა, იმ პერიოდში განცდილმა ყველა ემოციამ, ადამიანებზე დაკვირვებამ, მათმა ურთიერთობებმა, ფასეულობებმა თუ საჭიროებებმა. არ მახსოვს კონკრეტული ეპიზოდი, რამაც ჩემი პროფესია განაპირობა, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში ღრმადაა ჩაბეჭდილი, თუ როდის გამიჩნდა კონკრეტულად ხელოვნების სიყვარული: ა.ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში ბატონმა ბადრიმ (გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს) ჩემი პორტრეტი დახატა, ეს იყო პირველი ემოცია ჩემი ბავშვობის შეფასების, დაკვირვებისა და მომავლის ინტერესისა. ახლაც ხშირად ვუყურებ ამ პორტრეტს და სასიამოვნო განცდა მეუფლება.
გვიამბეთ თქვენი კარიერული გზის შესახებ, როგორ დაიწყო ყველაფერი…
გამუდმებით ვხატავდი, ვაკვირდებოდი ყველა დეტალსა თუ ემოციას, ვინტერესდებოდი ტექნიკური საგნებით, სამრეწველო დიზაინით… მშობლებმა, ჩემი პროფესიული გზის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს, ეს ინტერესები ერთგვარად გააერთიანეს და გარკვეული მიმართულება მომცეს, რისთვისაც ყოველთვის უზომოდ მადლიერი ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სრულიად „უპერსპექტივო“ სპეციალობად ითვლებოდა არქიტექტურა, არჩევანი შინაგან მოთხოვნილებებსა და თავისუფლებაზე შევაჩერე და სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე განვაგრძე.
შემდგომ იყო გრძელი გზა – სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან თუ კომპანიაში მუშაობა… ჩემი პირველი სამსახური მინანქრის სტუდიას უკავშირდება, შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტს, მოგვიანებით ერთ-ერთ მოწინავე იტალიური ავეჯის კომპანიაში ვმუშაობდი, შემდეგ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებში, ასევე, ვიყავი ბრენდ მენეჯერი ავეჯისა და დიზაინის მწარმოებელ დიდ კომპანიაში, ბოლოს ისევ სამშენებლო სფეროში აღმოვჩნდი… ამჟამად დეველოპერულ კომპანიაში ვმუშაობ, სადაც არაჩვეულებრივ ადამიანებთან მიწევს ჩემი შინაგანი თავისუფლების გაზიარება. აქ მუდმივად ახალი იდეების ძიებაში ვართ, მოტივირებულნი, რომ ადამიანებს საცხოვრებლად მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ამისთვის ბევრს ვშრომობთ. შეიძლება ითქვას, დიდი გზა და გამოცდილება გავიარე აქამდე მოსასვლელად. იყო ბევრი რუტინული საქმე და დაბრკოლებებით გაჯერებული ეტაპები, მაგრამ ამ ყველაფრის მადლიერი ვარ, რადგან მუდმივად მიწევდა გააზრება და ფასეულობების დახარისხება, უკეთესი მიზნის დასახვა და ამ მიზნისაკენ სვლა.
როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტორულ სივრცეს?
21-ე საუკუნეში ყველა სფერო დიდ ცვლილებებს განიცდის. თითქოს, ამ ეპოქაში ადამიანი კიდევ უფრო მეტს ეძებს. ასეა არქიტექტურაშიც. ქართული არქიტექტურული სივრცეც ცვლილებების ძიებაშია. ვფიქრობ, ის ყველაზე რთულ გზას გადის ახლა, ცდილობს მეტი განათლება მიიღოს, რადგან ჩვენთვის დიდი ხანი კარი დაკეტილი იყო, ამ პერიოდში კი მეტად განვითარდა ინტერიერის დიზაინი, შიდა სივრცეების მოწყობა. პრივატულმა გარემომ შიდა ესთეტიკასა და გარემოს შორის კარჩაკეტილობის განცდა გამოიწვია – გარეთ სხვა ადამიანი „ფუსფუსებს“ შიგნით კი სხვა. ვისურვებდი, ყველაფერი ორგანული იყოს. არქიტექტორი ისე უნდა ძერწავდეს ადამიანის საცხოვრებელ გარემოს, როგორც მოქანდაკე, უნდა იცოდეს სად გადის სისხლძარღვები, სად არის პულსაცია… ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით კი შედეგიც სასურველი დგება.
რა არის თქვენი შთაგონების წყარო და რომელ არქიტექტურულ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
შთაგონება ყოველთვის ცოცხალი ემოცია უნდა იყოს, რომელიც მხოლოდ შენში წარმოიქმნება. ჩემში ყოველთვის ის ბავშვი იბადება, რომელსაც ხელოვნება უყვარს და ცდილობს სხვაშიც ძლიერი ემოციები დაინახოს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ბავშვების განცდებს. როდესაც პატარები ვართ, ჩვენი სახლი, ეზო, ოთახი ყველაზე დიდი გვგონია. ფერებიც უფრო მკვეთრია, ფორმებიც და მელოდიაც განსხვავებულად, უფრო მძაფრად ისმინება… შემდეგ ჩვენი და გარემოს მასშტაბები თითქოს ერთნაირი ხდება. ფერებსაც ვეჩვევით და მათ ჩვეულებრივად აღვიქვამთ. ამიტომ მიყვარს პატარა ადამიანები გამორჩეულად, ისინი განსხვავებულად უყურებენ სამყაროს. უმნიშვნელოვანესია შეგვეძლოს მონაწილეობის მიღება მათი გარემოს შექმნის პროცესში. სწორედ ესაა ჩემი მთავარი სათქმელი, როგორც ადამიანის და არქიტექტორის.
რაც შეეხება ჩემს ფავორიტებს, მსოფლიოს მასშტაბით უამრავი არქიტექტორი და ღირსშესანიშნავი ნაგებობაა, მიჭირს რომელიმეს გამოყოფა, თუმცა მაინც გამოვარჩევდი იაპონელი არქიტექტორების, Kengo Kuma-სა და Kentaro Ishida-ს ნამუშევრებს.
გვიამბეთ თქვენს ნამუშევრებზე…
მინდა განსაკუთრებით გამოვყო ერთი პროექტი. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ემოციური ინტელექტი. დავფიქრდი, სად ვიპოვიდი თავისუფლებას და რისი შექმნა მენდომებოდა ყველაზე მეტად და ამ დროს დაიბადა იდეა, გამეკეთებინა ისეთი სივრცე, რომელიც გონიერი ადამიანების აღზრდას შეუწყობდა ხელს. სადაც ბავშვებს გართობასთან ერთად, შეეძლებოდათ ისეთ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, რომელიც მათ ინტელექტს განავითარებდა, ასწავლიდა მასშტაბის შეგრძნებას, ფერთა გრადაციას, მზის სხივის ცვალებადობით გამოწვეულ ჩრდილთა ფორმირებას გეომეტრიულ ფორმებად, სადაც შეიმეცნებდნენ კოსმოსს და შექმნიდნენ მელოდიას – ისეთი გარემო, რომელიც სამყაროსთან სიახლოვის განცდას გააღვივებდა მათში. გავაკეთე ესკიზური პროექტი, რომელმაც დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა და მალე კონკრეტული ობიექტის ეზოს მოწყობის პროექტში განხორციელდება. ეს არის ის ნამუშევარი, რომელიც სრული თავისუფლებითა და სიამოვნებით შევქმენი. ამჟამად დიდი ინტერესი მაქვს, კარგად შევისწავლო ლანდშაფტის არქიტექტურა. ვფიქრობ, მას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს. ვნახოთ რას შევძლებ, ამ ეტაპზე ეს ჩემთვის გამოწვევაა.
ვის აზრს ანიჭებთ უპირატესობას თქვენი შემოქმედების შეფასებისას?
ჩემი ნამუშევრების შემფასებლად მეგობრებს მოვიაზრებ, მაგრამ მთავარი შემფასებლები მინდა ბავშვები იყვნენ, მათი გულწრფელი ემოცია და შთაბეჭდილება.
და ბოლოს, რას ურჩევდით თქვენი პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს?
ახალგაზრდებს ვურჩევდი, მეტად იყვნენ მიმართულები ემოციურ ინტელექტზე და არ შეწყვიტონ საკუთარი თავის ძიების პროცესი, ეძებონ თავისუფლება ხელოვნებაში!