in

ღირს თუ არა ყავის აპარატის შეძენა სახლისთვის?

ყავის აპარატი სახლის პირობებში გთავაზობთ ძვირადღირებული ყავის მაღაზიებში დამზადებული სასმლის ანალოგს, რის გამოც ეს მოწყობილობა იაფი სიამოვნება არ არის. დღეს განვიხილავთ, ღირს თუ არა მასში საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა.

ყავის პოპულარობა

დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ ყავა ელიტური საზოგადოების სასმელად ითვლებოდა. XIX საუკუნიდან ის უკვე ფართოდ გავრცელდა. ყავას ხშირად ნავთობსაც კი ადარებენ, რადგან თითქმის მთელი მსოფლიოს სავაჭრო ბიზნესი მოიცვა.

თავდაპირველად ყავის მომზადება დიდ დროს მოითხოვდა, ამიტომაც საქმის გასაადვილებლად ხსნადი ყავა გამოიგონეს. მათთვის კი, ვინც უპირატესობას სასმლის ბუნებრიობას ანიჭებს, ყავის მადუღარა შეიქმნა. მწარმოებლები ამაზე არ გაჩერებულან — ახლა უკვე შეგიძლიათ, ყავის აპარატით მომზადებული არომატული ყავა სახლშიც მიირთვათ.

ყავის აპარატის ტიპები

ყავის აპარატი სხვადასხვა სახის ყავას ამზადებს. ამით განსხვავდება ის ჩვეულებრივი მადუღარისგან. არსებობს ყავის აპარატის რამდენიმე სახეობა:

  1. კარბო ტიპის: სასმელს ამზადებს დაფქული ყავისგან, საფქვავი რეჟიმისა და ყავის სიმაგრის რეგულირების გარეშე.
  2. კაფსულიანი: სასმელს ამზადებს სხვადასხვა სახის ყავისგან, რომლის კაფსულებიც ცალკე იყიდება, ამიტომ მისი მოვლა ადვილია.
  3. ესპრესოს აპარატი: სასმელს ამზადებს როგორც მარცვლებისგან, ასევე – დაფქული ყავისგან.
  4. ავტომატური: სრულად ავტომატური რეჟიმით სასმელს ამზადებს მარცვლოვანი და დაფქული ყავისგან, სხვადასხვა რეჟიმით კი — ესპრესოდან კაპუჩინომდე.

ფუნქციებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ყავის აპარატს მეტ-ნაკლები მოვლა სჭირდება. ამიტომ, სანამ შეიძენთ, დაფიქრდით, კონკრეტულად რა გსურთ, რათა ზედმეტი თანხა არ გადაიხადოთ.

ყავის აპარატის უპირატესობები

ყავის ხარშვის ჩვეულებრივ მეთოდებთან შედარებით, ამ მოწყობილობას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს:

  • სასმელს ამზადებს ნატურალური მარცვლებისგან. ჩაშენებული საფქვავებით ადუღებს ყავას, რომლის გემოც ჩვეულებრივი მადუღარით მომზადებული ყავისგან განსხვავდება. ბევრ მოდელს ყავის სიმაგრის განსაზღვრის ფუნქციაც აქვს.
  • შეიძლება აღჭურვილი იყოს სასმლის მომზადების სხვადასხვა რეჟიმით: კაპუჩინო, ლატე ან ესპრესო. ამის წყალობით, საყვარელი ყავის მისართმევად ყავის მაღაზიაში წასვლა აღარ დაგჭირდებათ.
  • არსებობს ნახევრად ავტომატური ყავის აპარატებიც, რომელთა გამოყენება საკმაოდ მარტივია. ხშირ შემთხვევაში ისიც საკმარისია, მოწყობილობაში ყავის მარცვლები ან ფხვნილი მოათავსოთ, რათა ყოველ დილით გამამხნევებელი სასმელი მიირთვათ.
  • როგორც წესი, აპარატებს ყოველდღიური რეცხვა არ სჭირდება. ბევრ მოდელს აქვს საგანგებო ინდიკატორი, რომელიც გიჩვენებთ, როდის უნდა გაასუფთავოთ მოწყობილობა.
  • ჩაშენებული ყავის საფქვავი დროის დაზოგვაში გეხმარებათ და საშუალებას გაძლევთ, ყოველ ჯერზე ახლად დაფქული ყავა მიირთვათ. გარდა ამისა, ამ გზით ფულსაც დაზოგავთ, რადგან მარცვლები უფრო იაფია, ვიდრე მზა ფხვნილი. ისიც შეგიძლიათ, ზოგიერთ აპარატში დაფქვის თქვენთვის სასურველი რეჟიმი – მსხვილი ან წვრილი – დააყენოთ.
  • შედარებით თანამედროვე ყავის აპარატები ყავის რამდენიმე სახეობას ამზადებს, რაც დიდი კომპანიებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია.
  • ყავის აპარატი საქმეს გაუმარტივებთ მათ, ვისაც კარგი ყავის მოსამზადებლად ბევრი დრო არ აქვთ. საკმარისია, მოწყობილობა ჩართოთ, რომ სასმელი რამდენიმე წუთში მზად იქნება.

ნაკლოვანებები

ამ თანამედროვე ტექნოლოგიას ნაკლოვანებებიც აქვს:

  • აპარატი საკმაოდ ძვირია: ყველაზე უბრალო მოდელიც კი 2-ჯერ უფრო მეტი ღირს, ვიდრე ყავის მადუღარა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ყავის აპარატი სახლისთვის საკმაოდ კომპაქტურია, მაინც დიდ ადგილს იკავებს, განსაკუთრებით კი – მრავალფუნქციური მოდელი. ამიტომ, წინასწარ უნდა დაფიქრდეთ, როგორ განათავსებთ მას სამზარეულოში.
  • მოწყობილობა საკმაოდ ხმაურიანია, განსაკუთრებით – მარცვლების დაფქვისას.
  • მომზადების სიმარტივის მიუხედავად, მაინც აუცილებელია, კარგად იცნობდეთ აპარატის გამოყენების ინსტრუქციას. მოწყობილობის არასწორად მოხმარება ყავასაც გააფუჭებს და თვითონ აპარატსაც.
  • მიუხედავად იმისა, რომ აპარატს ყოველდღიურად გაწმენდა არ სჭირდება, რძიანი ყავის მომზადების შემთხვევაში, „კაპუჩინატორის“ გარეცხვა ყოველდღე მოგიწევთ, რათა ბაქტერიები და უსიამოვნო სუნი თავიდან აიცილოთ.
  • ყავის აპარატის იაფფასიან მოდელებს მხოლოდ ერთი ფინჯნის მომზადება შეუძლია, მადუღარას კი — 2-ის ან 3-ის.
  • სახლის პირობებში კომპლექსური მოდელების საფუძვლიანად გაწმენდა ზოგჯერ რთულია. ყავის აპარატს საწმენდი საშუალებებისა და აქსესუარების ნაკრები სჭირდება, რათა მალე არ გაფუჭდეს და მაღალი ხარისხის ყავა მოამზადოს.
  • ყავის აპარატს ნაწილების შეცვლა რეგულარულად სჭირდება. მაგალითად, ჩაშენებული ყავის საფქვავი დროთა განმავლობაში შეიძლება წყობიდან გამოვიდეს, ამიტომ ნაწილები პერიოდულად უნდა შეიცვალოს.

დასკვნა

რა თქმა უნდა, ყავის აპარატი შესანიშნავი არჩევანია სახლის პირობებში ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ყავის მოსამზადებლად. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ნაკლოვანებებიც აქვს. ამიტომ შეძენამდე, სასურველია, კარგად დაფიქრდით.

თუ კაპუჩინოს მხოლოდ კვირაში რამდენჯერმე სვამთ, შეგიძლიათ, ის ყავის მაღაზიაში მიირთვათ. ამ შემთხვევაში ასეთი მოწყობილობის შეძენა და მასში საკმაოდ დიდი თანხის გადახდა არც ისე გონივრულია. ძლიერი ყავის მოყვარულებს ყავის მადუღარაც დააკმაყოფილებთ. ყავის აპარატის შეძენა მაშინ იქნება გამართლებული, თუ მას დღეში რამდენჯერმე გამოიყენებთ.

თუ ყავის აპარატის შეძენა გსურთ, მარკეტინგულ ხრიკებს ნუ წამოეგებით  — არ შეიძინოთ მოწყობილობა იმ ფუნქციებით, რომლებსაც არ გამოიყენებთ.

ყავის აპარატი შესანიშნავი შენაძენია მაშინ, როცა მას მთელი ოჯახი ყოველდღიურად იყენებს. ყავის ნამდვილი მოყვარულები მზად არიან, მოწყობილობაში დიდი თანხა გადაიხადონ და თვალი დახუჭონ მის ნაკლოვანებებზე, რათა საყვარელი სასმლით ყოველდღე დატკბნენ.

რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სამზარეულოს ოპტიმალური ზომები – რა უნდა გავითვალისწინოთ მისი დაპროექტებისას

სამმეტრიან ბოძებზე აღმართული ტყის სახლი კანადაში – Forest House I