ყავისფერ ტონებს დიზაინერები ნეიტრალური ოთახების მოსაწყობად იყენებენ, რომლებიც ერთდროულად ელეგანტური და მიმზიდველია. ყავისფერი არის ფერი, რომელსაც შეუძლია შექმნას თბილი და ჰაეროვანი განწყობა, იმ შემთხვევაში, თუ ის სწორად იქნება შეხამებული სხვა ტონალობებთან. სინამდვილეში, არსებობს ფერების ფართო პალიტრა, რომლებიც უხდება ყავისფერს. როგორიც არ უნდა იყოს კომბინაცია ყავისფერთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მასში იკვეთებოდეს ბუნებრივი ტონები. მაგალითად, მკვეთრი ყვითელი შეიძლება ჩანაცვლდეს მისი უფრო თბილი, მოყავისფრო პიგმენტით, ხოლო წითელი – მოყავისფრო ფერებით. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ინტერიერის დიზაინერების რჩევებს იმის შესახებ თუ თუ რომელი კომბინაციები უნდა გამოიყენოთ ყავისფერთან.
ყავისფერი, თეთრი და ქარვისფერი
ბუნებრივი სინათლის შექმნა სივრცეს ამაღლებასა და ვიზუალურად განათებაში ეხმარება. ფერთა ეს კომბინაცია კი იდეალურია იმისთვის, რომ გარედან შემოსული სინათლე კარგად აირეკლოს და გავრცელდეს მთელს ოთახში. სინათლით სავსე სასადილო ან სხვა ოთახი განსაკუთრებით დახვეწილად და თანამედროვედ გამოიყურება. იმისთვის, რომ ინტერიერს მშვიდი განწყობა ჰქონდეს, მნიშვნელოვანია ნეიტრალური ტონების ერთმანეთთან დაბალანსება, თბილი ფერების გამოყენება როგორც ჭერზე, ასევე კედლებსა და იატაკზეც. შედეგად, იქმნება ძალიან კომფორტული საცხოვრებელი, რომელიც სიმყუდროვითა და ელეგანტურობით გამოირჩევა.
ყავისფერი და ლურჯის სხვადასხვა ტონები
ყავისფერში გადაწყვეტილ ოთახს ძალიან უხდება კრემისფერი დეტალები და ლურჯის რამდენიმე სხვადასხვა ტონი, რომლებიც აცოცხლებენ სივრცეს. ეს არის კონტრასტი, რომელიც ძალიან ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის. ლურჯის და ყავისფრის ერთმანეთთან დასაბალანსებლად მნიშვნელოვანია დასაწყისშივე საინტერესო ჩრდილების შერჩევა, რომლებიც შეიძლება იყოს თბილი და რბილი ცისფერი, ან პირიქით, ძალიან მუქი ლურჯი. ეს მიდგომა ოთახს მყისიერად მიანიჭებს თანამედროვე შეგრძნებას, დამატებით კი კარგი იდეაა ტექსტურებისა და სხვადასხვა ფერის დეკორის გამოყენება, რომლებიც შეიძლება იყოს ნაცრისფერ ან ტერაკოტას ფერებში გადაწყვეტილი.
ყავისფერი, წითელი და თეთრი
წითელი კარგი საშუალებაა სხვადასხვა დეტალების ხაზგასასმელად, მაგალითად, ის ძალიან უხდება ხისფერ აქცენტებს და მასალას, ხოლო თბილი თეთრი ძალიან კარგად ეხამება ყავისფერ ტონებს. მიუხედავად იმისა, რომ ფერთა ეს კომბინაცია საკმაოდ რთულია, გასაღები ორგანული ელემენტების ჩართვაა. გამოიყენეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ხე, ვინტაჟური ნივთები, მარმარილოს ზედაპირები და სხვა.
ყავისფერი, ყვითელი და მოწითალო ვარდისფერი
მოწითალო ვარდისფერი მოულოდნელი დამატებაა, რომელიც, ერთი შეხედვით, ყავისფერს არ უხდება, მაგრამ მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია ძალიან დახვეწილი ინტერიერის მოწყობა. ასეთი ფერი, ყვითლის თბილ ტონალობასთან ერთად, სივრცეს ბუნებრივ შეგრძნებას ანიჭებს და ქმნის მოოქროსფრო აქცენტებს, რაც კარგი გზაა სახლში სინათლის ეფექტის დასამატებლად. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, რომ ოთახი ბევრად უფრო ნათელი და ვრცელი ჩანდეს.
ყავისფერი და ტერაკოტა
ყავისფერი და ტერაკოტა ერთმანეთს შეიძლება ძალიან ჰგავდეს, მაგრამ სინამდვილეში ტერაკოტა შედარებით უფრო ღია და მზიანი ფერია. ეს ორი ფერი ბუნებრივად ავსებს ერთმანეთს და ქმნის სინათლისა და ჩრდილის კლასიკურ კომბინაციას. ამ ორ ფერს ძალიან უხდება ხის დეტალები, მაგალითად, ავეჯი, დეკორაციების სახით კი ცოცხალი ხე და მწვანე მცენარეები.
ყავისფერი და კრემისფერი
ეს კომბინაცია 2024 წელს ფერთა ტენდენციებში ერთ-ერთი პირველია, რადგან ავსებს სახლს სიმდიდრით, სინათლის გრძნობითა და დახვეწილი სითბოთი. კრემისფერს საკმაოდ ბევრი ღია ან მუქი ჩრდილი აქვს, რაც ყავისფრისთვის შესაბამისი ფერის შერჩევას გაცილებით მარტივს ხდის, შედეგად კი იქმნება ძალიან მშვიდი ფერთა პალიტრა. ასეთი კომბინაცია ხშირად გამოიყენება სახლში ისტორიული განწყობის გასაღვიძებლად, რადგან არის კლასიკური დაწყვილება, რომელიც ხაზს უსვამს თითოეულ მცირე დეტალსაც კი.
ყავისფერი და ოქროსფერი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყავისფერი ქმნის კავშირს ბუნებრივ განწყობასთან, ხოლო ოქროსფერი სინათლეს და მზის სხივების მსგავს ეფექტს უზრუნველყოფს. შედეგად, ამ ორი ფერის კომბინაცია ინტერიერს ავსებს სინათლითა და მზიანი, ბუნებრივი ხასიათით. ორივე მათგანი ძალიან უხდება 1970-იანი წლების რეტრო სტილს, ხელნაკეთ და ვინტაჟურ ნივთებსა და ხისფერ ავეჯს.
ყავისფერი, ლურჯი და წითელი
სოციალურ ქსელებში არსებობს მეთოდი, რომელსაც „წითლის თეორიას“ უწოდებენ და გულისხმობს იმას, რომ ეს ფერი მთელ სივრცეს ამაღლებულ და კარგად გააზრებული დიზაინის განცდას ანიჭებს. ის გამიზნულია იმისთვის, რომ კარგად გამოკვეთოს ინტერიერი და შექმნას ძალიან მდიდრული შეგრძნება. ერთი შეხედვით, ეს ფერი ძალიან მკვეთრი და თამამია, მაგრამ ბალანსის შექმნა მარტივად არის შესაძლებელი ფერთა სისტემაში მიწიერი ტონების დამატებით, როგორებიცაა, მაგალითად, ყავისფერი და ლურჯი ან ცისფერი.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი