in

ყავისფერი ინტერიერში – ყველაფერი, რაც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი დიდი ხანია განიხილება როგორც მშვიდი და მიწიერი ფერი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ინტერიერის დიზაინში. ამასთან, არსებობს ფერები, რომლებიც ყავისფერ ტონებს განსაკუთრებით უხდება. როგორც წესი, მას სჭირდება თბილი და მდიდრული ჩრდილები, რომელთა ფონზეც ის კიდევ უფრო დახვეწილი და საინტერესო გამოჩნდება. შეიძლება ითქვას, რომ ყავისფერს არ აქვს შეზღუდვები სივრცეში სიღრმისა და ელეგანტურობის შემოტანის თვალსაზრისით. მაგალითად, ყავისფერი კედლები და ავეჯი ინტერიერს მარადიულ მიმზიდველობას ანიჭებს და არა ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. დღევანდელ სტატიაში კი რამდენიმე სასარგებლო ფაქტს გაგიზიარებთ, რომლებიც ინტერიერის დიზაინში ამ ფერის დამატებამდე უნდა გაითვალისწინოთ.

რომელი ფერები უხდება ყავისფერს?

ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, რომ ყავისფერი გონებას კავშირს უქმნის ბუნებასთან, დასვენებასთან და სიმწვანესთან, რის გამოც მას ძალიან უხდება ბუნებით შთაგონებული ტონები. მისი სხვადასხვა ღია და მუქი ჩრდილების ბალანსით ასევე შესაძლებელია ძალიან მდიდრული და საინტერესო ატმოსფეროს შექმნა. ყველაფერი ბუნებრივი – მაგალითად ხე, მწვანე მცენარეები და სხვა, შესანიშნავად იმუშავებს ყავისფერ აქცენტებთან და უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ხასიათს.

ამ ტონს უხდება შავი აქცენტებიც, რომლებიც დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ, რათა ინტერიერი მეტისმეტად არ გადაიტვირთოს და არ დაჩრდილოს სივრცეში შემოსული ბუნებრივი სინათლე. მუქი ნაცრისფერი და შავი ელემენტები შეიძლება დაემატოს ავეჯისა და მცირე აქსესუარების სახითაც, რაც ინტერიერს თანამედროვე ელფერს მიანიჭებს.

კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება ფერადი ჩრდილების დამატებაა, რომლებიც ოთახში ყვავილების მსგავს განწყობას შექმნის და ძალიან მოუხდება ყავისფერ გარემოს. ასევე, ფერების დამატება შეგიძლიათ კედლის ნახატებისა და მსგავსი დეკორაციების სახითაც.

რომელი ფერები გამოარჩევს ყავისფერს?

ყავისფრის ერთ-ერთი საინტერესო უპირატესობა ისაა, რომ ის ძალიან უხდება კონტრასტულ ტონებს, როგორებიცაა მუქი წითელი ან მუქი ლურჯი. ასეთი ფერების ფონზე ყავისფერი ზღაპრულად გამოიყურება, რადგან კონტრასტი საკმაოდ ჰარმონიული და დახვეწილია. თუმცა, ინტერიერის დიზაინერები გვაფრთხილებენ, რომ ამგვარი მკვეთრი ფერების გამოყენება შეიძლება დროთა განმავლობაში თვალისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელი გახდეს.

კონტრასტული ელემენტების ავეჯისა და სხვა დიდი ნივთების სახით დამატების ნაცვლად, გამოიყენეთ ისინი დეკორში, მაგალითად ხალიჩის, მცირე ზომის კარადის ან თაროების სახით. ფერების დამატება შესაძლებელია კიბისა და სანათების დიზაინშიც. ამ ყველაფერთან ურთიერთქმედებით ყავისფერი ბევრად უფრო გაბედული და მკვეთრი გამოჩნდება.

რამდენად მართებულია ყავისფრისა და მწვანე ფერის კომბინაციის გამოყენება?

ეს კომბინაცია ერთ-ერთი ძალიან პოპულარული და გავრცელებულია ინტერიერის დიზაინში, რადგან მწვანეც და ყავისფერიც ბუნებრივ და მშვიდ ფერებად ითვლება და მიიჩნევა, რომ მათი ურთიერთქმედება ინტერიერში დამამშვიდებელ ეფექტს აღძრავს.

ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება, რადგან ორივე მათგანი ჰარმონიული და გამორჩეული ფერია. როგორც წესი, როდესაც მწვანე და ყავისფერი ერთმანეთს ხვდება, ისინი ქმნიან რბილ, მშვიდ და მდიდარ ინტერიერს და ერთი შეხედვით, ერთმანეთს აცოცხლებენ. ამ კომბინაციის შესაქმნელად გამოიყენეთ ქსოვილი, ბალიშები, ტიხრები და მსგავსი დეტალები, ყავისფერი კი დაამატეთ კედლის ფონის სახით.

არის თუ არა ყავისფერი ცივი ფერი?

ექსპერტების აზრით, ყავისფერი შეიძლება იყოს როგორც ცივი, ასევე საკმაოდ თბილიც, ეს კი პიგმენტის ფერსა და დამატებით ელემენტებთან არის დაკავშირებული. თბილი ეფექტის მისაღებად სასურველია ინტერიერში მშვიდი ყვითელი, ვარდისფერი და ღია წითელი ფერების გამოყენება, რომელთა ფონზეც ყავისფერიც მშვიდი და რბილი გამოჩნდება. მეორე მხრივ, ცივ ყავისფერს ძალიან უხდება ნაცრისფერი და მოლურჯო ტონები, რაც ინტერიერს უფრო კლასიკურ ეფექტს მიანიჭებს.

რატომ უნდა მოერიდოთ მუქი ყავისფრის მთელს ოთახში გამოყენებას?

მუქი ყავისფერი მშვენიერი და ელეგანტური ფერია, მაგრამ თუ ის ინტერიერში დიდი რაოდენობით მოხვდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს სივრცის გადატვირთვა და ზედმეტად გამუქება. ამ მხრივ ყავისფერი განსხვავდება სხვა ფერებისგან, მაგალითად შავისგან, რომელიც დრამატულ და საინტერესო ეფექტს ქმნის ნებისმიერ სივრცეში. ამის ნაცვლად, მუქი ყავისფერი ოთახს მოსაწყენს გახდის, რაც თვალს მალევე მობეზრდება.

ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით, შეძლებთ ყავისფრის ინტერიერის დიზაინში ჩართვას ისე, რომ მისგან მაქსიმალურად საინტერესო და სასურველი შედეგი მიიღოთ, მთლიანობაში კი შექმნათ თქვენთვის საინტერესო, ელეგანტური საცხოვრებელი.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ელეგანტური ბინა სხვადასხვა ფერის ოთახებით

როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი? — რამდენიმე პრაქტიკული რჩევა საჭირო პროდუქტების სქემით