ნია მგალობლიშვილი ბავშვობაში სულ სხვა პროფესიაზე ოცნებობდა, მაგრამ დღეს ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დიზაინ სტუდიის – “დიზაინბიუროს” თანადამფუძნებელია. Homeis-თან ინტერვიუში ნიამ ისაუბრა მის განვლილ გზასა და გამორჩეულ პროექტებზე.
-ნია, გვიამბეთ თქვენ შესახებ. რა ასაკიდან დაინტერესდით არქიტექტურითა და დიზაინითა. სად მიიღეთ პროფესიული განათლება?
-სიმართლე რომ გითხრათ, სკოლის დამთავრების პერიოდში მსახიობობას ვაპირებდი და ჩემს ამჟამინდელ პროფესიაზე არც მიფიქრია. თუმცა გადამწყვეტ მომენტში აზრი შევიცვალე და ჩემი მეგობრის, მარინე ბალავაძის რჩევით, აკადემიაში ჩავაბარე კომპიტერული გრაფიკის ფაკულტეტზე. აკადემიაში საოცარი გამოცდილება მივიღე. იმ დროისთვის წვდომა გვქონდა ხელოვნების სხვადასხვა მედიასთან და ამავდროულად თითქმის ყველა ახალ პროგრამასთან. პირველი კურსიდანვე დავიწყე სტაჟირება დიზაინერთა კავშირის საგამოფენო სივრცეში , ხოლო მეორე კურსიდან ვმუშაობდი სამშენებლო კომპანიაში.
ბავშვობიდან შემიძლია გავიხსენო ერთი დეტალი: 80-იანი წლების მიწურულს დედა მუშაობდა საქართველოს დიზაინერთა კავშირში, სიტყვა დიზაინის მნიშვნელობა ნამდვილად არ მესმოდა, თუმცა იმ დროისთვის აქტუალურ კითხვაზე თუ რა უნდა გამოვსულიყავი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვაცხადებდი, რომ დიზაინერი!
-როგორ შეიქმნა “დიზაინბიურო”?
-2004 წელს მე, ია ლიპარტელიანმა და სოფო შევარდნაძემ გადავწყვიტეთ საპროექტო სტუდიის დაარსება. ჩვენ ჯგუფელები ვიყავით აკადემიაში და სწავლის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით გავაგრძელეთ განვითარება.
-შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი პროექტი? რა იყო მასში ყველაზე დასამახსოვრებელი ?
-სტუდიის პირველი პროექტი იყო ჯიხური გლდანში. დამკვეთი დაგვიკავშირდა და დაგვიკვეთა ,,ჯიხურის,, დიზაინი. ამ დროისათვის 1 კვ/მ საპროექტო მომსახურეობას 3 დოლარად ვასრულებდით. საერთო ჯამში 5 კვ/მ იყო დასამუშავებელი, შესაბამისად ჩვენი მომსახურეობის საფასურმა სულ რაღაც 15 დოლარი შეადგენდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შედეგით ძალიან ბედნიერები ვიყავით. სამწუხაროდ, არ შემოგვრჩა პირველი პროექტის ვიზუალი. ჯიხურს მოჰყვა ბევრი სხვა საინტერესო პროექტი. მათ შორის რესტორანი ,,ბოჰემა,, 2014 წელს ნომინირდა International Property Award -ზე ნომინაციაში “საუკეთესო საზოგადოებრივი ინტერიერი”.
პროექტების ჩამონათვალიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ასევე ვენეციის 56- ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე მონაწილეობას, რომლის დროსაც “დიზაინბიურო” ოთხ დამოუკიდებელ ხელოვანთან ერთად ვენეციაში წარსდგა პროექტით “მცოცავი საზღვარი”, რომლის კონცეფციაც იმ რეალობის ასახვას გულისხმობდა, რომელშიც საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უწევთ არსებობა.
-როგორ შეაფასებდით ინტერიერის დიზაინის სფეროს საქართველოში? რა არის “ქართული სტილისთვის” დამახასიათებელი?
-ყველა პროექტზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ჩვენი წარმომავლობა ახდენს. ჩვენ ბავშვობის პერიოდი არც ისე იოლ გარემოში გავიარეთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, განსაკუთრებული გამძლეობა და გამბედაობა გამოგვიმუშავდა, მაგრამ ამავდროულად, შეგრძნება მაქვს, რომ მარადიულ სტარტაპ რეჟიმში ვიმყოფებით.
-როგორც ცნობილია, 2019 წელს თქვენ დაარსეთ ასოციაცია “Design Georgia”. მოგვიყევით მის შესახებ
-“დიზაინბიუროში” არქიტექტურის და დიზაინის გარდა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დიზაინ ობიექტების შექმნას. შესაბამისად, სტუდია მონაწილეობას იღებს სხვადსახვა საერთაშორისო გამოფენაში. აწარმოე საქართველოს, ქართული ავეჯის კლასტერის და UE/GIZ-ის პროექტის ხელშეწყობით, 2019 წელს მონაწილეობა მივიღეთ IMM Colognes ფარგლებში ჩატარებულ დიზაინ კვირეულში Passagen Interior Design Week Köln – რაც წარმოადგენს ქალაქის სხვადასხვა უბნების გალერეებში, საგამოფენო დარბაზებსა და საინტერესო სივრცეებში მოწყობილ გამოფენებს. “დიზაინბიურომ” და სამმა ქართულმა დიზაინ სტუდიამ გამოფენაზე მონაწილეობა მივიღეთ Design Georgia-ს სახელით.
ამ გამოცდილების შედეგად დავიწყეთ ფიქრი დიზაინ ობიექტების გამოფენის ორგანიზებაზე და სხვა თემატური ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე საქართბველოში. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ჯგუფის მიერ ასოციაცია Design Georgia-ს დაფუძნება ანჟელიკა რიკის და ქეთა ბუაჩიძის მეთაურობით. ასოციაციის მთავარი მიზანია ქართული პროდუქტის დიზაინისა და მისი დადებითი გავლენის განვითარება საზოგადოებაში, დიზაინერების მხარდაჭერა და მათი ნამუშევრების საერთაშორისო პლათფორმებზე გატანა, ადგილობრივი და საერთაშორისო ქსელების გაუმჯობესებით მათი ბიზნეს შესაძლებლობების გაზრდა. დღემდე განვახორციელეთ საკმაოდ ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი. სამწუხაროდ, მსოფლიო პანდემიის გამო, გაგვიჩერდა რამდენიმე მიმდინარე პროექტი და სულ ახალ ვითარებასთან მოგვიწია ადაპტირება. ახლა ვმუშაობთ საერთო ონლაინ პლათფორმის შექნმაზე იმისათვის, რომ ჩვენი წევრები სათანადოდ წარმოვაჩინოთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
-როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი თქვენს პროფესიაში?
-ნებისმიერი პროექტის წამოწყებისას უმთავრესია სწორ ადამიანებთან კოლაბორაცია, მათი გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარება. ჩვენს სტუდიაში ამ დროისთვს მუშაობს 5 დიზაინერი. 3 წელია რაც “დიზაინბიუროს” წევრი გახდა არქიტექტორი თამრო ონიანი, დიზაინერი იაკოპო სალერი და ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი – ნუცა მუსერიძე. პარალელურად სხვადასხვა პროექტებზე ვთანამშრომლობთ არქიტექტორებთან – ალექსი ჯავახიშვილთან და მიხეილ შამათავასთნ. გვაქვს მუშაობის თავისუფალი გრაფიკი. ჩვენთვის მთავარია შედეგი იყოს საუკეთესო და ვადებს არ გადავაცილოთ, სხვა ყველაფერი მისაღებია.
პირადად ჩემგან კი დავამატებ, რომ ჩემთვის ყველა წამოწყებაში განსაკუთრებული მხარდაჭერა ჩემი ოჯახია.