in

როგორ გამოვიყენოთ ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფერი სახლში?

ოთახის ან თუნდაც ერთი კედლის შავად შეღებვის იდეა ბევრ ადამიანს აფრთხობს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სივრცის გაზრდის მთავარი წესი მუქი ფერების გამოყენებისგან თავის შეკავებაა. მაგრამ როგორც კი გონებრივ დაბრკოლებას გადალახავთ, მიხვდებით, რომ შავის გამოყენება არც ისე საშიშია. შავი შეიძლება იყოს მყუდრო, ზოგიერთ შემთხვევაში კი საკმაოდ სტუმართმოყვარე და თბილი. დღევანდელ სტატიაში სწორედ შავის შესახებ ვისაუბრებთ და გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ელფერის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ.

ნომერ პირველი წესი კედლების შავად შეღებვისას

ღია ან შუალედური ფერებიდან შავზე გადასვლისას, ან პირიქით, პრაიმერის გამოყენება გადამწყვეტია. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ყოყმანობს კედლების შავად შეღებვაზე, რადგან ფიქრობს, რომ მოგვიანებით მისი გადაღებვა უფრო რთული იქნება. თუმცა, პრაიმერის გამოყენებით, მუქი ზედაპირის დაფარვა საკმაოდ მარტივად შეიძლება. რეკომენდებულია ნაცრისფერი ან ღრმა შეფერილობის პრაიმერის გამოყენება, თუ გსურთ ზედაპირის სრული დაფარვა ნაკლები ფენით.

ნახევარტონები

მუქი ლურჯი ნახევარტონები შავს უფრო ცივს ხდის, ხოლო წითელი და ყავისფერი ნახევარტონები — თბილს. შავის ორივე ვარიანტი სხვა უფრო რბილი ფერებისთვის ბაზას წარმოადგენს.

მოპირკეთება, რომელიც ახლა პოპულარულია

მქრქალი მოპირკეთების პოპულარობა იზრდება, განსაკუთრებით სამზარეულოს ტექნიკის მიმართულებით. ამასთან გაიზარდა ინტერესი მქრქალი საღებავების მიმართ. მაღალი დატვირთულობის მქონე სივრცეებში, მქრქალი ზედაპირები უფრო მეტ გამძლეობას გვთავაზობს. მათ შეუძლია გაუძლოს განმეორებით წმენდას და შეხებას, ამიტომ გირჩევთ, ისინი ბავშვის სათამაშო ოთახში, სამზარეულოში და სააბაზანოებში გამოიყენოთ. მქრქალი მოპირკეთება შესანიშნავია ნაკლოვანებების დასამალად და ისინი გამოდგება როგორც ჭერისთვის, ასევე სასადილო ოთახის კედლებისთვის.

ღებვის ტექნიკა

საღებავი გორგოლაჭის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ის საკმარისად არის საღებავით დაფარული. შემდეგ ზედაპირი 0.9-1.2 მეტრის სიგრძის ნაწილებად “W” მოძრაობით შეღებეთ. იმოძრავეთ სწრაფად, რათა თითოეულ მონაკვეთში სველი კიდე შეინარჩუნოთ. ბოლოს, გორგოლაჭი, მის სახელურზე ზეწოლის გარეშე, ჭერიდან იატაკამდე გაატარეთ, რათა თითოეული უბანი ბოლომდე შეღებოთ. გადაღებვისთვის გამოიყენეთ იგივე ხელსაწყო, რომლითაც კედელი თავდაპირველად შეღებეთ.

ხრიკი პატარა სივრცისთვის

არ აქვს მნიშვნელობა რა ფერს აირჩევთ თქვენი პატარა სივრცისთვის, ყველა კედლისთვის ერთი ფერის გამოყენება მას ვიზუალურად გაზრდის. გარდა ამისა, ოთახში ფერების მინიმუმ ორჯერ გამეორება ერთიანობის ეფექტს ქმნის, თქვენს სივრცეს უფრო ღიად და შეკრულად აქცევს. კედლის ფერის ერთხელ მაინც გამოყენება პატარა აქცენტურ ნივთში არა მხოლოდ გააერთიანებს თქვენს სტილს, არამედ ოთახს ვიზუალურად გააფართოებს.

მოულოდნელი ადგილი მის გამოსაყენებლად

საბავშვო ოთახის დეკორაციაზე ფიქრისას თქვენი გონება შეიძლება ავტომატურად რბილ ვარდისფერზე, ლურჯზე ან პასტელურ ფერებზე კონცენტრირდეს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენცია შეიცვალა. საბავშვო ოთახში დახვეწილობის მყისიერად შესატანად შავი მკრთალ პასტელურ ფერსა და მორუხო-თეთრს შეუხამეთ.

რომ შევაჯამოთ, ამ კლასიკური ტონის სახლში გამოსაყენებლად უსაზღვრო შესაძლებლობები არსებობს. ქვემოთ მხოლოდ რამდენიმეს შემოგთავაზებთ:

  • განაახლეთ თქვენი სამზარეულო შავი მქრქალი ქვედა კარადებისა და ზედა ღია თაროების გამოყენებით, რათა ოთახს ელეგანტურობა შემატოთ.
  • შეღებეთ ხის პანელები შავად, ხოლო კედელი ნეიტრალურ ფერში გააფორმეთ, რათა ოთახში დრამატიზმი შემოიტანოთ და, ამავდროულად, მყუდრო ატმოსფერო შეინარჩუნოთ.
  • შეღებეთ თაროების უკანა მხარე შავად და თქვენი თეთრი ან ღია ფერის საკოლექციო ნივთები წინ გამოფინეთ.
  • ვინ თქვა, რომ ჭერი თეთრი უნდა იყოს? ელეგანტური შავი ჭერი ლამაზი განათებით აუცილებლად მიიპყრობს მნახველის ყურადღებას.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბარი ეკლექტური დიზაინით თბილისში — „Material Editors“-ის ნამუშევარი

„სიესტა“ — ქართული ავეჯის კომპანია, რომელიც ამბავს ჰყვება