in

ქვა ინტერიერში – 7 გავრცელებული შეცდომა

მოქუფრული ელფერები, მოპირკეთების ზედმეტად დიდი ფართი, მასალების არასწორი შერწყმა – დღეს ვარკვევთ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა მოპირკეთებაში ქვის გამოყენებას ვგეგმავთ.

1. ყველა კედლის ქვით მოპირკეთება

ქვის მოპირკეთება ინტერიერისთვის საკმაოდ მკვეთრია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დოზირება. ქვის აქტიური ფაქტურა პატარა რაოდენობითაც კი ინტერიერისთვის დამთრგუნველი შეიძლება იყოს. თუ ასეთ ტექსტურას იატაკიდან ჭერამდე გამოვიყენებთ, საცხოვრებელი ფართი შესაძლებელია გამოქვაბულს ან სასახლის სარდაფს დაემსგავსოს. დაგვეთანხმებით, ასეთ გარემოში ყოფნა საკმაოდ არაკომფორტულია. “კედლებისგან წნეხის” განცდა და ერთი და იგივე მასალის სიჭარბე, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოსაწყენია.

უმჯობესია: ქვის სხვადასხვა ტიპის მოსაპირკეთებელ მასალასთან კომბინირება

მაგალითად, კარგი თავსებადობაა საღებავთან – მასთან სხვადასხვა მასალები კარგად მუშაობს. ინტერიერში ნატურალური მასალების გამოყენების იდეის განხორციელება კი ხის ფაქტურითა და ბუნებრივი ელფერების მეშვეობითაა შესაძლებელი.

2. ზედმეტად მუქი ელფერის არჩევა

მუქი ელფერები დიზაინში ხშირად არ გამოიყენება, მითუმეტეს თუ ისინი აქტიურ ფაქტურას ერწყმიან, როგორც ეს დეკორატიული ქვის შემთხვევაში ხდება. გადაჭარბების შემთხვევაში ნათელი, ჰაეროვანი სივრცის ნაცვლად, შესაძლებელია, მოქუფრული და არაკომფორტული გარემო მივიღოთ. ეს ნებისმიერ სივრცეზე ვრცელდება, პატარა შემოსასვლელზეც და ვრცელ სასტუმრო ოთახზეც.

უმჯობესია: ყურადღება ნეიტრალურ, ნათელ ელფერებზე შევაჩეროთ.

რაც უფრო ნეიტრალური ფერი ექნება მოპირკეთებას, ინტერიერის სტილებისა და გაფორმების უფრო დიდი არჩევანი გვექნება. მაგალითად, ღია ფერის მარმარილო საკმაოდ დელიკატური გადაწყვეტილებაა და პატარა სივრცისთვისაც კარგი არჩევანი იქნება.

3. ზედმეტად დიდი ელემენტების გამოყენება

დიდი ქვები ოთახს ვიზუალურად შეამცირებს. ასეთივე ეფექტს დიდი გაბარიტების დეკორის პატარა კედელზე გამოყენების დროს მივიღებთ. გარდა ამისა, ამგვარი მოპირკეთება მასიურად გამოიყურება და უფრო ექსტერიერთან ასოცირდება, ვიდრე ინტერიერთან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ისეთი განცდა იქმნება, თითქოს ქუჩაში იმყოფებით და არა ოთახში. ამ წესიდან გამონაკლისი ნატურალური ქვის ფილებია, მაგალითად, მარმარილო და კვარცი.

უმჯობესია: არჩევანის მომცრო ზომებზე ან მთლიან, უნაკერო ზედაპირებზე შეჩერება.

თუ მოპირკეთება კონკრეტული ფაქტურის ქვისგან იგეგმება, უმჯობესია პატარა ზომის ელემენტების გამოყენება. ამასთან ქვის ფილა შესაძლებელია უფრო მოზრდილი ელემენტებისგან შედგებოდეს, თუ უკანასკნელები გადაბმის ნაკერის გარეშეა ერთმანეთთან დაკავშირებული.

4. მომავალი ინტერიერის საერთო სტილის უგულებელყოფა

დეკორატიული ქვა ყველა ინტერიერს როდი უხდება და ხშირად თანამედროვე სივრცის მოპირკეთებისთვის არათავსებადია. მაგალითად, მინიმალისტური ინტერიერისთვის აგურის წყობა ან დეკორატიული ქვა კატეგორიულად არარეკომენდებულია.

უმჯობესია: ინტერიერის სტილის გათვალისწინება

„ლოფტს“, „ეკოს“ და „ქანთრის“ სტილს ქვის წყობა უხდება. თითოეული მათგანისთვის მოპირკეთება სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. „ლოფტისთვის“ აგურისა და ფიქლის სხვადასხვა ტიპია მიზანშეწონილი, „ქანთრისა“ და „ეკო“ სტილის შემთხვევაში – ქვიშაქვა და მდინარის ქვა. ნეიტრალური თეთრი აგური სკანდინავიურ და თანამედროვე (Contemporary) სტილებს უხდება.

5. ნატურალური ქვის სამზარეულოს „წინსაფარში“ გამოყენება

სამზარეულოში, სამუშაო ზონის მოპირკეთებისას აკურატულობა გვმართებს. ეს „წინსაფრის“ მოპირკეთებასაც ეხება. ამგვარი ზედაპირი გარკვეულ ზემოქმედებას ექვემდებარება და საჭმელთან მუდმივ კონტაქტშია. ნატურალური ქვა ამ ზონისთვის არასასურველია, ვინაიდან პროდუქტებისა და ნელსაცხებლების პიგმენტები ფორებში ადვილად აღწევს, ლაქების ამოყვანა კი შემდგომში ძალიან რთულია.

უმჯობესია: ნატურალური ფაქტურის დამცავი ზედაპირით დაფარვა ან ასეთ ზონებში ფილებით კომბინირება.

კარგი ვარიანტია ნატურალური ფაქტურის შუშის ზედაპირით დაფარვა. მაგალითად, ასე აგურის წყობის შემთხვევაში ხშირად იქცევიან. ასევე შესაძლებელია ქვისა და ფილის კომბინირება, უკანასკნელის უფრო აქტიურ ზონაში გაკვრით.

6. ქვის წყობის მოძველებული მეთოდების გამოყენება

ქვიშაქვის მეშვეობით კედელზე ხელოვნური ბზარების შექმნა უკვე მოძველებული ხერხია. ის ზედმეტად დეკორატიული და მკვეთრია. გარდა ამისა, ასეთი გაფორმების დროს ქვის ბუნებრივი სილამაზე იკარგება. ეს ხერხი 10 წლის წინ აქტუალური იყო, თანამედროვე ინტერიერებში კი ის აღარ გამოიყენება.

უმჯობესია: არჩევანის უფრო სადა ფორმებზე შეჩერება

თუ თქვენ ქვის გამოყენება გადაწყვიტეთ, უნდა გესმოდეთ, რომ მისი ფორმა და ფაქტურა თავისთავად ყურადღებას უკვე იპყრობს და კიდევ ახალი ფორმების შექმნა აქ ზედმეტია. ბუნებრივი ნახატი ინტერიერის ბრწყინვალე მორთულობაა, რაც უფრო სადაა მოპირკეთება, მით უკეთესია. მაგალითად, კარგად გამოიყურება მომცრო კედლის მთლიანი ან ნაწილობრივი მოპირკეთება.

7. არათავსებადი მასალების არჩევა

უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნებრივი ქვა ინტერიერში საკმაოდ მკვეთრი ბუნებრივი აქცენტია. სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოთ შემდგომი მასალების არჩევის დროს. პლასტმასის ფილები, სინთეტიკური ნაჭრები და სხვა არანატურალური გადაწყვეტილებები ქვასთან ერთად უჩვეულო და უადგილო გამოჩნდება.

უმჯობესია: ბუნებრივი ფაქტურების გამოყენება

ქვა კარგად გამოიყურება საღებავთან ან ნებისმიერ ნატურალურ მასალასთან ერთად. მაგალითად ხესთან. შეღებილი კედლები თავისთავად ნეიტრალურია და სხვა მოსაპირკეთებელი მასალების აქტივობას ამცირებს. ხე კი მისი ბუნებრივი ფერისა და ტექსტურის წყალობით, მშვენივრად ახერხებს ინტერიერში ქვასთან ერთად ბუნებრივი აქცენტების შექმნას.

რესტორატორების მყუდრო სხვენი კიევში

გონიერი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ელემენტები – ინტერვიუ ანა ნიკიტინა-ქსნელაშვილთან