in

ქვის კოტეჯი, რომელიც წარმოუდგენლად კომფორტულ სახლად იქცა

Banner M2
Banner M2

ხშირად ამბობენ, რომ საუკეთესო ინტერიერი არის ის, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდა. დიზაინერმა ჯონ მაკკოლმა სწორედ ასეთი ინტერიერი შექმნა, როდესაც მას პემბროკშირის სანაპიროს ამაღლებულ ნაწილზე მდებარე პატარა და არასრულყოფილად აშენებული ქვის კოტეჯის დეკორირება სთხოვეს.

„პროექტებისთვის ისტორიის მოფიქრება მომწონს“ – განმარტავს ჯონი, რომელმაც საკუთარ გონებაში შექმნა ისტორია სახლისა, რომელიც XIX საუკუნეში ფერმისთვის აშენდა. „მე გამიჩნდა ოდნავ ბოჰემური ოჯახის იდეა, რომელიც ომის შემდეგ აქ სენტ-აივზიდან გადმოვიდა. ისინი მოკრძალებულნი იყვნენ, ჰქონდათ საოჯახო ავეჯი – ედვარდული და ვიქტორიანული, კედლებზე კი კორნუოლური და უელსური ნახატები ეკიდათ.“

სანამ ჯონი მოკრძალებული ორსართულიანი სახლის ისტორიას ამზადებდა, თავად შენობაში გამოყენებული მასალების მხრივ ბევრი რამ იყო შესაცვლელი. ინტერიერიდან მოაშორეს ფიჭვი, ასევე, ბუხარი, რომელიც მისაღები ოთახისთვის ძალიან დიდი იყო. რენოვაციისთვის გამოიყენეს უელსური ფიქალი და მუხა.

სახლის ისტორიის გამოგონებისას ჯონს ბევრად უფრო ხელშესახები ურთიერთობა ჰქონდა მის ახალ მფლობელებთან – საერთაშორისო გამომცემელთან და მის პარტნიორთან, რომელიც პოეტი და ბაღის დიზაინერია. „ჩვენ ჯონი ბრიტანეთის ინსტიტუტის ინტერიერის დიზაინის ვებგვერდის საშუალებით ვიპოვეთ“ – ამბობს გამომცემელი. წყვილი ჯონის ნამუშევრებით მოიხიბლა. როდესაც დიზაინერი უშუალოდ პროცესში ჩაერთო, მას უკვე კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული მფლობელების გემოვნება, ცხოვრების წესი და თანამედროვე ბრიტანული ხელოვნებისადმი მათი ინტერესი.

დასრულებული შედეგი არის ლამაზი, წარმოუდგენლად კომფორტული სახლი, რომელსაც მფლობელები რაც შეიძლება ხშირად სტუმრობენ. სამზარეულო-სასადილო სივრცესთან და მისაღებ ოთახთან ერთად პირველ სართულზე არის ორი სათადარიგო ოთახი და შესასვლელი, ვინტაჟური კაზაკური ხალიჩით და შეშის ღუმელით. ზედა სართულზე სამი პატარა ოთახი გაერთიანდა, რათა კომბინირებული მთავარი საძინებელი და აბაზანა შექმნილიყო. „გარკვეული დრო დამჭირდა, რომ წყვილი საძინებლისა და აბაზანის ერთ სივრცეში განთავსებაზე დამეთანხმებინა“ – ამბობს ჯონი.

მფლობელებს კოტეჯი ისე მოეწონათ, რომ ჯონს დასავლეთ ლონდონში მდებარე თავიანთი სახლის გაფორმება სთხოვეს.

ფოლადის ადამიანი – დიზაინერი რონ არადი

მე-18 საუკუნეში აგებული საცხოვრებელი, რომელიც თოჯინების სახლს მოგაგონებთ