დროთა განმავლობაში სახლის ინტერიერი სიახლის ეფექტს კარგავს. გახუნებული ან უბრალოდ მობეზრებული შპალერი, გაცვეთილი იატაკი და მოძველებული მოპირკეთება ადამიანს კომფორტის შეგრძნებასა და სახლში ყოფნის სურვილს უკარგავს. თუმცა, კოსმეტიკური რემონტის საშუალებით შეგიძლიათ საცხოვრებელი გარდაქმნათ ისე, რომ ამისთვის ბევრი დრო და დიდი რაოდენობით ფინანსები არ დაგჭირდეთ.
მაინც რა იგულისხმება კოსმეტიკურ რემონტში?
როგორც წესი, კოსმეტიკური რემონტი არის სახლის დიზაინის ცვლილება ხელახალი დაგეგმარების გარეშე. თუ კაპიტალური რემონტი კედლების გადაადგილებას ან დანგრევას, საინჟინრო და სანტექნიკის კომუნიკაციების ცვლილებას გულისხმობს, კოსმეტიკურ რემონტში ასეთი კონსტრუქციული ცვლილებები არ მოიაზრება. ის მხოლოდ კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთებას მოიცავს.
დროთა განმავლობაში „კოსმეტიკური რემონტის” კონცეფცია შეიცვალა. ეს უკვე აღარ არის საცხოვრებლის მხოლოდ საკუთარი ძალებით გალამაზება. დღესდღეობით კოსმეტიკური რემონტი მიზნად ისახავს სახლის მფლობელების ესთეტიკური პრეფერენციების დაკმაყოფილებას.
კოსმეტიკური რემონტი შეიძლება შინაარსით განსხვავდებოდეს. ერთ შემთხვევაში საკმარისი იქნება კედლისა და ჭერის ზედაპირების შეღებვა, ხოლო ვინმეს შეიძლება მოუნდეს სრული მეტამორფოზა, სანტექნიკისა და აქსესუარების ცვლილებით. ასეთი სურვილების დაკმაყოფილებას მეტი დრო და ფინანსები დასჭირდება, ამიტომ კოსმეტიკური რემონტის ღირებულება შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში განსხვავებული იყოს.
კოსმეტიკური რემონტის უდავო დადებითი მხარე ის არის, რომ ის შეიძლება ბევრად უფრო ხშირად განხორციელდეს, ვიდრე კაპიტალური რემონტი. ეს არის მარტივი გზა თქვენი სახლის გარდაქმნისთვის დიდი ძალისხმევის გარეშე.
რითი იწყება კოსმეტიკური რემონტი?
პირველ რიგში, ბინა რემონტისთვის უნდა მოამზადოთ: მოაშორეთ პლინთუსები, შპალერი, ბათქაში და საღებავი. ამის შემდეგ, ყველა ზედაპირი უნდა გათანაბრდეს. სამუშაოს დაწყებამდე მნიშვნელოვანია კედლებისა და სხვა ზედაპირების მაქსიმალურად გასუფთავება და გასწორება.
თუ კარები და ხის ფანჯრის ჩარჩოები განახლებას საჭიროებს, ახალი საღებავის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია ძველი ფენის მოცილება. იმავდროულად, მოსახერხებელია სპეციალური ქიმიური ნაერთების გამოყენება, რომლებიც საღებავს არბილებს, შესაბამისად, მისი მოშორება მარტივდება. იმ შემთხვევაში თუ მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟებას აპირებთ, სპეციალური სილიკონის საპოხი უნდა გამოიყენოთ.
შემდეგი ნაბიჯი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება იყოს სანტექნიკის გამოცვლა და ფილების დაგება. თუ ეს საჭირო არ არის, შეგიძლიათ პირდაპირ ძირითად სამუშაოზე გადახვიდეთ: კედლების, ჭერის მოპირკეთება, იატაკის შეცვლა და სამღებრო სამუშაოები.
რემონტი სივრცის ზედა ნაწილიდან იწყება, ამიტომ, პირველ რიგში, ჭერზე უნდა ფოკუსირდეთ. თუმცა, ეს წესი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭერის შეღებვას აპირებთ. გასაჭიმი ჭერი კედლების მოპირკეთების დასრულების შემდეგ კეთდება.
კედლებისთვის შპალერის გამოყენება ინტერიერის განახლების სწრაფი და შედარებით იაფი გზაა. შპალერი ფუნქციური და პრაქტიკული დეკორატიული მასალაა და მისი არჩევანის სიუხვეს ყველაზე დახვეწილი გემოვნებაც კი შეუძლია დააკმაყოფილოს. შპალერის დახმარებით მყუდრო და ესთეტიკური საცხოვრებელი ფართის შექმნა ადვილია.
შეგიძლიათ ინტერიერს ინდივიდუალურობა კედლის გასაფორმებლად ფერებისა და მასალების სხვადასხვა კომბინაციებით მიანიჭოთ. მაგალითად, ერთ-ერთი კედლისთვის შეიძლება შპალერი გამოიყენოთ, ხოლო მეორე – აგურით ან დეკორატიული ხის პანელებით გააფორმოთ. დეკორატიული საზღვრების შექმნა ინტერიერში სანახაობრივ გარემოს წარმოქმნის.
იატაკის გარემონტება კოსმეტიკური რემონტის შემდეგი ეტაპია. ბევრი სხვადასხვა მასალა არსებობს, მაგალითად, ლამინატი, ლინოლეუმი, ხალიჩა.
შეჯამება
კოსმეტიკური რემონტი ყველაზე ეკონომიური ვარიანტია, რომელიც თქვენი სახლის ხელმისაწვდომი და ეფექტური გზებით მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. მარტივი კოსმეტიკური რემონტი სამუშაოს შესასრულებლად მაღალ კვალიფიკაციას არ საჭიროებს, მთავარია ინტერიერისთვის საინტერესო გადაწყვეტები იპოვოთ და საკუთარ თავში “დიზაინერი” გააღვიძოთ.