in

რა უნდა გავითვალისწინოთ ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში?

IPS
IPS

გადახურვის ტიპებიდან ბრტყელი გადახურვა ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ბრტყელი გადახურვა თანამედროვე, მინიმალისტურ იერს სძენს სივრცეს. ქანობიან გადახურვასთან შედარებით, ის მარტივი დასამონტაჟებელია, რადგან ციცაბო ფერდობები არ აქვს და სარემონტო პროცესიც მარტივად მისადგომი და კომფორტულია. ასევე მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ სახურავზე დამატებით სივრცეს ქმნის ტერასის, მოსასვენებელი სივრცის ან გამწვანების მოსაწყობად, რაც მაცხოვრებელს შესანიშნავ სარელაქსაციო, გასართობ ადგილს სთავაზობს და ამასთანავე, შენობის არქიტექტურასაც ალამაზებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრტყელი გადახურვა არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, მისი მთავარი პრობლემა ხშირად ჰიდროიზოლაციასთან არის დაკავშირებული, რის გამოც სახურავი ზიანდება და შესაკეთებელი ხდება. ეს კი უმეტესად, არასწორი მონტაჟისა და უხარისხო მასალების გამოყენებითაა განპირობებული. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ფაქტორებზე ვისაუბრებთ, რაც ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რათა მისი სიმტკიცე უზრუნველყოთ.

პირველ ეტაპზე, მშენებლობისას რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დასრულებისა და სახურავზე (რკინა-ბეტონის) ფილის დაგების შემდეგ, სასურველია გარკვეული ინტერვალის დაცვა (მინიმუმ 28 დღე), რათა ბეტონი გამტკიცდეს და მყარი გახდეს. ამის მერე კი უკვე შესაძლებელია ბრტყელი გადახურვის მონტაჟი.

სამონტაჟო სამუშაოებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე საფეხური. პირველ რიგში, ბეტონის ფილაზე ორთქლიზოლაციის მემბრანა ეწყობა, რაზეც თბოიზოლაციის ფენა მაგრდება. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება „XPS” ან ქვაბამბას, რომლებიც თბოიზოლაციისთვის ხარისხიან საფარს უზრუნველყოფს.

დათბუნების შემდგომ, ზედაპირს დახრილობა ეძლევა, რისთვისაც პემზა გამოიყენება. პემზა ქვიშაზე ბევრად მსუბუქია, ამიტომ ზედაპირი სასურველ სახეს მარტივად იღებს. დახრილობა აუცილებელია ბრტყელი გადახურვის შემთხვევაში, რათა ჰიდროიზოლაციის დაგების შემდეგ წყალი ერთ ადგილას არ დაგუბდეს და სასურველი მიმართულებით გადაადგილდეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ  ზედაპირზე დახრა ყოველ 1 მეტრში 2 სანტიმეტრის სიმაღლით გაკეთდეს, რათა ჰიდროიზოლაცია ეფექტურად მოეწყოს.

მომდევნო საფეხურზე ზედაპირის მოჭიმვა ან ბეტონის დასხმა მიმდინარეობს. მოჭიმვის შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს არმირება (მასალის ან კონსტრუქციის გაძლიერება სხვა მასალით), რათა მოჭიმული ზედაპირი ბზარებისგან დაცული იყოს და გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი სიმტკიცე შეინარჩუნოს.

ბეტონით მოპირკეთებისას კი B25 მარკის პროდუქტი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ბეტონის სიმყარესა და სიმტკიცეზე მიუთითებს. საშუალოდ, ბეტონის მარკიანობა დაახლოებით 350-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურის ცვალებადობის დროს ნაპრალები არ გაჩნდება და მისი ხარისხი არ დაირღვევა. ხოლო მოჭიმვის მარკიანობა დაახლოებით 100-მდე მერყეობს, რაც შემდგომში ნაპრალების გაჩენას და არაეფექტურ ჰიდროიზოლაციას განაპირობებს. ამიტომ ბრტყელი გადახურვის მონტაჟისას, უმჯობესია, უპირატესობა ბეტონის ფენას მივანიჭოთ, მოჭიმვის შემთხვევაში კი ზედაპირი არმირებით გავამყაროთ.

საბოლოო ეტაპზე აუცილებლად ილესება პარაპეტი, რათა მასზე ეფექტური ჰიდროიზოლაცია მოეწყოს და სახურავმა მყარი სტრუქტურული ფენა უზრუნველყოს.

ამგვარად, გამძლე და ხარისხიანი ბრტყელი გადახურვის მოწყობისას აუცილებელია პირველ რიგში, მტკიცე მასალების შერჩევა, სამონტაჟო ეტაპების სწორი თანმიმდევრობა და ინსტალაციისას მოჭიმვის მაგივრად, ბეტონის დაგება, რათა ზედაპირი მალე არ დაზიანდეს და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახუროთ.

რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ძველი ნაგებობისა და თანამედროვე შენობის საინტერესო ნაზავი – Jones Architects-ის ნამუშევარი

ინდუსტრიული დიზაინის სახასიათო სასტუმრო ქუთაისში — სტუდია „SAMI_“-ის ნამუშევარი