დიზაინ სტუდია tinatin თინათინ ძირკვაძის მიერ დაარსებული ინტერიერის დიზაინის სტუდიაა და მუშაობს როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ პროექტებზე. მათი ყველა პროექტი არის ინდივიდუალური და განსხვავებული. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ დიზაინის ფუნქციურ და ტექნიკურ ნაწილს. ასევე ითვალისწინებენ დამკვეთის ხასიათსა და ცხოვრების სტილს. სწორედ ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ცდილობენ “თინათინ”-ში სასურველი შედეგის მიღწევას.
– რატომ არის აუცილებელი პროფესიონალი დიზაინერის დახმარება ინტერიერის გაფორმების დროს?
– ინტერიერის პროექტი შედგება ბევრი ტექნიკური დეტალისგან, რომლის გათვალისწინებითაც ვიღებთ კომფორტულ და სწორად მოწყობილ სივრცეს. დიზაინერის ცოდნა და გამოცდილება გეხმარებათ სივრცეების გადანაწილებაში, ელექტროობის, განათების გამის, ტექსტურების, ფერების შერჩევაში.
– რას გულისხმობს ინტერიერის დიზაინის შემუშავების პროცესი?
– პირველ რიგში, ვეცნობით დამკვეთის სურვილებს, ცხოვრების სტილს, ინდივიდუალიზმს. ამ ინფორმაციის შესწავლის და შეგროვების შემდეგ იწყება კონცეფციის შემუშავების პროცესი. შემდეგ უკვე ტექნიკური დეტალების დახვეწა და დამუშავება ხდება.
Private House N
House K
– კონკრეტულად რა შედის ინტერიერის დიზაინერის მოვალეობაში?
– ინტერიერის დიზაინერი ჩართულია მშენებლობის პროცესში დაგეგმარების პირველივე ეტაპიდან პროექტის დასრულებამდე. ყველა დეტალის შერჩევა / შეძენა ხდება ინტერიერის დიზაინერთან ერთად.
– ხშირად დამკვეთს უჩნდება ილუზია იმისა, რომ მან თავად შექმნა კონკრეტული ინტერიერი, ვერ იაზრებს მის როლს და პრეტენზია უჩნდება დიზაინერთან. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
– ამის მიზეზი არის დიზაინერის “ნაკლებად ჩართულობა” ზედამხედველობის პროცესში. მე ყოველთვის ვცდილობ პროექტი ბოლომდე ვმართო და დამკვეთისგან მხოლოდ ეტაპობრივი კორექტირებები მივიღო. ასევე აქტიურად ვერთვები შესყიდვების პროცესში. ჩემი, როგორც პროექტის ავტორის, დიდი ინტერესია შედეგი იყოს მაქსიმალურად ახლოს თავდაპირველ დიზაინთან.
– რა ეტაპებისგან შედგება დიზაინის პროექტის დამკვეთთან შეთანხმება?
– პირველ შეხვედრაზე ვუთანხმებთ კონცეფციას, სივრცის გადანაწილებას და სტილისტიკას. შემდეგ შეხვედრაზე უკვე ვიზუალურ გამოსახულებებს (რენდერებს) და “3D” მოცულობაში შექმნილ სივრცეებს ვაცნობთ დამკვეთს. შემდეგ ეტაპზე შესყიდვების სიას წარვადგენთ. ამისთვის აუცილებელია გამოყენებული “3D” მასალის რეალური ანალოგების არსებობა და დამკვეთის ბიუჯეტის თავიდანვე გათვალისწინება.
Pepperboy
Pasha Bank
– არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც მიიჩნევა, რომ ინტერიერის დიზაინერის მომსახურება ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ამის ფუფუნება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ეს ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა დიზაინერების საქმიანობაში. შეგიძლიათ გვითხრათ თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ამ ტიპის მომსახურება და რატომ არ არის გამართლებული ამ მხრივ ფულის დაზოგვა?
– საქართველოში დიზაინერის პროფესია უკვე საკმაოდ კარგად არის განვითარებული და დიზაინერის პოვნა სხვადასხვა ფასის კატეგორიების მიხედვით არის შესაძლებელი. ბაზარზე არსებობენ მაღალანაზღაურებადი, საშუალო და ბიუჯეტური დიზაინერები. ჩემი რჩევა იქნება, დიზაინერის შერჩევისას შეისწავლოთ მათი განხორციელებული პროექტები ( და არა “3D” ვიზუალიზაციები), ამ პროექტების სტილისტიკის, ბიუჯეტის და ხარისხის მიხედვით მიხვდებით რომელი კატეგორიის დიზაინერთან გაქვთ საქმე. ყველა დიზაინერი განსხვავებული მეთოდით ითვლის ფასს. ჩვენს შემთხვევაში ეს პროექტის სირთულეზეა დამოკიდებული და საშუალოდ მინიმალური ზღვარი ასე გამოიყურება: 30$-80$
– რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, ვისაც სურს პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით სარგებლობა? რა უნდა გაითვალისწინონ მათ ამ დროს?
– პირველ რიგში, გირჩევთ აუცილებლად მოიძიოთ თქვენთვის შესაფერისი დიზაინერი, დაათვალიერეთ მის მიერ განხორციელებული პროექტის ფოტოები, შეხვდით რამდენიმე კანდიდატს და შეარჩიეთ ის ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ენდობით. დამკვეთისგან ნდობის მიღების შემდეგ პროექტიც ბევრად მარტივად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და ორივე მხარე ბევრად კმაყოფილია. შეეცადეთ ისეთი დიზაინერი შეარჩიოთ, რომელსაც მსგავსი გემოვნება აქვს და ესმის თქვენი სურვილების.