დალაგება რუტინული პროცესია, რომელსაც ექსპერტების მტკიცებით ჩვენი ცხოვრების 5 წელიწადი მიაქვს. ამიტომაც ნებისმიერი საშუალება, რომელიც ამ პროცესის ხანგრძლივობას შეამოკლებს და გაამარტივებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს გვინდა ორთქლის საწმენდი აპარატის განხილვა წარმოგიდგინოთ, რომელიც საკმაოდ ეფექტური დამხმარეა, ხოლო ალერგიული და ბავშვებიანი ოჯახებისთვის განსაკუთრებულად აუცილებელი. მოდით ერთად ვუპასუხოთ 8 მნიშვნელოვან კითხვას, რომლებიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგვეხმარება.
1.რა უფრო ეფექტურია, ქიმიური საშუალებები თუ ორთქლის საწმენდი მანქანა?
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ორთქლის საწმენდი მანქანა უფრო ეფექტურია ვიდრე სხვადასხვა ქიმიური საშუალებები. მაღალი წნევის, ცხელი ორთქლის მეშვეობით ის ზედაპირზე ჩამჯდარ ჭუჭყს ათხიერებს, კლავს ბაქტერიებს, მიკრობებსა და ალერგენებს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ის არ მოქმედებს მტვერსასრუტის პრინციპით. ორთქლით დამუშვებული ზედაპირი ტილოთი უნდა გაიწმინდოს.
2. რა შეიძლება გაიწმინდოს ორთქლის მანქანით?
მისი საშუალებით შესაძლებელია გაიწმინდოს ნებისმიერი ზედაპირი, რომელსაც არ ეშინია წყლისა და ცხელი ორთქლის. ასეთი ზედაპირი კი სახლში უამრავია: დაწყებული გაზქურებით, ხალიჩებით, სათამაშოებით და დასრულებული ფანჯრებით.
3.გაანადრგურებს მტვრის ტკიპებს?
ეს ხელსაწყო განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც ალერგიულია. ორთქლის მანქანა მტვრის ტკიპებსა და სხვა თვალისთვის უხილავ ალერგენებს ეფექტურად ანადგურებს. ანეიტრალებს არასასიამოვნო არომატებს და ოთახის ჰაერს ატენიანებს. მავნე მიკროორგანიზმების უმეტესობა რბილ სათამაშოებზე ცხოვრობს, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორთქლის აპარატით სათამაშოების რეგულარული დამუშავება.
4.რისი გაწმენდა არ შეიძლება ორთქლის აპარატით?
ნებისმიერი ზედაპირი, რომელიც შეიძლება დაზიანდეს მაღალი ტემპერატურის ორთქლის ზემოქმედებით: პარკეტი, ცვილით დაფარული ზედაპირი, შალი, სელი, ელექტროდანადგარები, რბილი პლასმასისგან დამზადებული ნივთები და ა.შ.
5.ხომ არ წარმოიქმნება სახლში ზედმეტი ტენი?
ეს მცდარი მოსაზრებაა. ზედაპირზე მოხვედრილი ორთქლი მალევე იფანტება ჰაერში და ზედაპირს მშრალს ტოვებს. განსაკუთრებით კარგია მისი ზამთარში გამოყენება, როცა ჰაერი რადიატორების გამო გამომშრალია.
6.შეცვლის თუ არა ორთქლის მანქანა მტვერსასრუტს?
ის ვერასდროს შეცვლის მტვერსასრუტს. ეს არ არის დანადგარი, რომელიც იწოვს ჭუჭყს. ორთქლის აპარატი ზედაპირს ამუშავებს. მისი საშუალებით შესაძლებელია ლაქების ამოყვანა მათი გათხიერების გზით, ასევე კომპლექტაციაში არსებული საწმენდებით ზედაპირიდან მტვრის, თმისა და ჟანგის მოშორება. თუმცა, არსებობს მულტიფუნქციური დანადგარები, რომლებიც ორთქლის, მტვერსასრუტისა და პოლირების ფუნქციას ფლობენ. ეს სრულიად განსხვავებული ტექნიკაა.
7.როგორი წყალი ჩავასხათ ორთქლის საწმენდში?
შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო, ონკანის წყალი.
8.როგორ გავწმინდოთ ორთქლის საწმენდი?
ხანგრძლივი გამოყენება იწვევს აპარატის გამაცხელებელ ქვაბში ნადების გაჩენას. ამ ნადების მოსაშორებლად კომპლექტაციაში სპეციალური ნადების საწინააღმდეგო ჯოხებია, რომლებიც ცივ წყალში ზავდება. ისინი აბსოლიტურად უვნებელია ჯანმრთელობისთვის და ეფექტურად წმენდს აპარატს. ასეთი პროცედურის ჩატარება წელიწადში ორჯერაა რეკომენდებული.
რომ შევაჯამოთ, არ უნდა შევიქმნათ მოლოდინი, რომ ორთქლის აპარატის შეძენის შემდეგ მისი უბრალო ჩართვით ყველა ლაქა, ჭუჭყი და ნადები თავისით გაქრება. ის ჩვეულებრივი საწმენდია, რომელიც მისი თვისებიდან გამომდინარე, დასუფთავებას უფრო იოლს ხდის და დროს ზოგავს. თუმცა, ოჯახებში, სადაც ალერგიული ადამიანები და პატარა ბავშვები არიან, ის აუცილებელი ატრიბუტია.