in

3 რჩევა იმისთვის, რომ Wifi ინტერნეტი სახლის ყველა ნაწილში თანაბრად იჭერდეს

“Wifi”-ის გამანაწილებლის მუშაობის პრინციპია რადიო ტალღების მეშვეობით ინტერნეტის განაწილება სხვა დანადგარებზე. საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმრავლესობა, ისევე როგორც ინტერნეტის გამანაწილებელი როუტერი 2,4 გეგაჰერც სიხშირეზე მუშაობს და თავის წილ ველს ქმნის. ამ ველების ერთმანეთთან გადაფარვის შედეგად ხდება გამავალი სიგნალის დახშობა. ეს იწვევს ინტერნეტის სისწრაფის კლებასა და არასტაბილურ მიწოდებას. ტალღის დახშობას სხვადასხვა ფიზიკური დაბრკოლებაც იწვევს, როგორიცაა აგურის კედელი, რკინაბეტონის კედელი, სარკე, ფოლადის ზედაპირები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. უნდა ვიცოდეთ, რომ გამანაწილებელი, რადიო ტალღის გადაცემის რამდენიმე არხს იყენებს. ამერიკული სტანდარტით ასეთი არხი 11-ია, ხოლო ევროპული სტანდარტით 14. ამ არხების დატვირთულობის მიხედვით შეიძლება ასევე ინტერნეტის სისწრაფე შენელდეს. ჩვენ შემოგთავაზებთ სამ გზას, რომლითაც შეგიძლიათ ინტერნეტის სისწრაფე და მისი სტაბილურობის ხარისხი გაზარდოთ.

არხების დატვირთულობისა და ინტერნეტის სისწრაფის საზომი აპლიკაცია “WiFi Analyze”

1. ინტერნეტ გამანაწილებელის განთავსების ადგილი. ტალღის გავრცელება იდეალურია გაშლილ სივრცეში, სადაც ბარიერი არ არსებობს. ქალაქის პირობებში და მითუმეტეს კორპუსებში, სადაც მრავალი ინტერნეტ წყარო და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაა თავმოყრილი, მნიშვნელოვნად ნელდება ინტერნეტის სისწრაფე. გამანაწილებლის ადგილის შერჩევით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ტალღის გავრცელებას. ოპტიმალური ვარიანტი სახლის ცენტრია. შემოსასვლელი, როგორც წესი, საუკეთესო ვარიანტია. გამანაწილებლიდან მიმღებ მოწყობილობამდე კედლების და სხვა დაბრკოლებების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს. გამანაწილებელი უკეთესი დაფარვისთვის  მინ. 2 მეტრის სიმაღლეზე უნდა დაიდგას. არსებობს აპლიკაციები ტელეფონისთვის და ლეპტოპებისთვისაც, რომლებიც ტალღის გავრცელების სიმძლავრეს ზომავს. ამგვარი აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ გაზომოთ თითოეულ ოთახში ტალღის გავრცელების სიმძლავრე და როუტერის ადგილის შეცვლით ოპტიმალურ ვარიანტამდე მიხვიდეთ.

გამანაწილებლის არხის შეცვლის “მენიუ”

2. ინტერნეტის განაწილების არხების დატვირთულობა. მისი განსაზღვრის შემდგომ, შეგიძლიათ ამოირჩიოთ ნაკლებად დატვირთული არხი და ამ გზით გაზარდოთ ინტერნეტის სისწრაფე. არხის შესაცვლელად უნდა შეხვიდეთ თქვენი გამანაწილებელი მოწყობილობის მენიუში და იქ შეცვალოთ თქვენთვის სასურველი არხი, ან სულაც მოწყობილობა ავტომატურ რეჟიმზე დააყენოთ. ეს ხერხი მინიმუმამდე დაიყვანს ინტერნეტის შეფერხებით მუშაობას.

“WiFi Ubiquiti” ერთ-ერთი საუკეთესო ინტერნეტ გამანაწილებლების მწარმოებელი კომპანია

3. ყველაზე ეფექტური გზა ძლიერი როუტერის ყიდვაა. ის ბიუჯეტური მოდელებისგან იმით განსხვავდება, რომ რადიო ტალღა გაცილებით ძლიერი აქვს და ირგვლივ არსებული ველები მნიშვნელოვან ზეგავლენას მასზე ვერ ახდენს. ასეთი გამანაწილებლის მიწოდებული ინტერნეტი უფრა სტაბილურიცაა და პირველწყაროსთან მაქსიმალურად დაახლოებული. სწორი ადგილის და ნაკლებად დატვირთული ინტერნეტის არხის შერჩევით თქვენ მაქსიმალურ ეფექტს მიიღებთ.

აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ დღემდე აღნიშნული საკითხის 100%-იანი მოგვარების გზა არ არსებობს. დღევანდელი ტექნოლოგიებით ხელმისაწვდომი ინტერნეტ გამანაწილებლების მიერ არ არის უზრუნველყოფილი ინტერნეტის იგივე ხარისხის მიწოდება, როგორც ეს კაბელით არის შესაძლებელი. იმედი გვაქვს ზემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინებით, თქვენს დისკომფორტს მინიმუმამდე დაიყვანთ.

რას გულისხმობს “Loft” სტილი ინტერიერის დიზაინში

არქიტექტურის მწვერვალი – “პრიცკერის პრემია”