რაჭაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო „უწერა რეზორტი“ რადისონ ინდივიდუალის ბრენდით გაიხსნება. სილქ ჰოსფითალითისა და რადისონ ჯგუფის თანამშრომლობა კიდევ ერთი პროექტით გრძელდება. 25 აგვისტოს ხელი მოეწერა მესამე მხარის მართვის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც სილქ ჰოსფითალითი განახორციელებს უწერაში 85-ნომრიანი მულტისეზონური სასტუმრო კომპლექსის „უწერა რეზორტი“ მართვას. აღსანიშნავია, რომ „უწერა რეზორტი“ საქართველოში რადისონ ინდივიდუალის ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება.
საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი „უწერა რეზორტი“ გამაჯანსაღებელი და სპა მომსახურების ფართო სპექტრს დამსვენებლებს წელიწადის ყველა დროს შესთავაზებს.
უწერა რაჭაში, ონის რაიონში, მდინარე რიონის პირას მდებარეობს. ის ცნობილია 28-ზე მეტი უნიკალური მინერალური წყაროთი, რომელთა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები მრავალწლიანი გამოცდილებით დასტურდება. სასტუმრო უნიკალურ პარკში მდებარეობს, რომელშიც წითელ წიგნში შეტანილი 900-წლოვანი ცაცხვებია.
„უწერა რეზორტის“ სამსართულიან გამაჯანსაღებელ სპა ცენტრში განთავსდება 25-მეტრიანი დახურული და ასევე, ღია აუზები, ჯაკუზი, ორთქლის და მშრალი საუნა, ორთქლის ოთახი და 500 კვ.მ ფართობის სპორტულ დარბაზი. იქვე არსებული სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი სტუმრებს სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევას, სამკურნალო აბაზანებს, მასაჟის თერაპიას, დეტოქს და გამაჯანსაღებელ პროგრამებს შესთავაზებს.
სრული სპა მომსახურების გარდა, „უწერა რეზორტის“ ერთ-ერთი უპირატესობა ჯანსაღი საკვები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული გამორჩეულად გემრიელი სამზარეულო იქნება. ამას გარდა, კომპლექსი სტუმრებს შესთავაზებს რაჭის ბუნებრივი სილამაზით ცნობილი ადგილების მონახულებას, კულტურულ, სათავგადასავლო, გასტრონომიულ და ღვინის ტურებს, რაფტინგს, ცხენებზე ჯირითსა და სხვა.
პროექტი თიბისი ბანკისა და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ -ის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საინვესტიციო მოცულობა 20 მლნ ლარზე მეტია და რეგიონში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა.
შპს „უწერას“ დამფუძნებელი გია საგანელიძე: „მოხარული ვარ, რომ რაჭაში, უწერას უმშვენიერეს კურორტზე, რომელიც სახელგანთქმულია უნიკალური მინერალური წყლებით, ასწლოვანი ხეებითა და მრავალფეროვანი ფლორით, გაიხსნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო. გარდა ტურიზმის სექტორის განვითარებისა, პროექტი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტორების მხრიდან რეგიონის მიმართ ინტერესის ზრდასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხედვის განხორციელება და რეალობად ქცევა ისეთ გამოცდილ პარტნიორებთან ერთად შემიძლია, როგორიცაა რადისონ ჯგუფი და სილქ ჰოსფითალითი. სასტუმრო კომპლექსი სრული დატვირთვით 2024 წლიდან ამოქმედდება“.
„უწერა რეზორტი“ სილქ ჰოსფითალითისა და რადისონ ჯგუფის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია. შეგახსენებთ, მათი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში უკვე 3 წარმატებული პროექტია განხორციელებული — „რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული“, „რადისონ ბლუ ბათუმი“ და „რადისონ ბლუ ივერია თბილისი“.
„სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი: „ეს პროექტი საქართველოს, როგორც მაღალი ხარისხის ტურისტული მიმართულების, უზარმაზარი პოტენციალის რეალიზებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. პარტნიორებთან ერთად სილქ ჰოსფითალითი ხელს უწყობს ქვეყანაში სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებაში“.
რადისონ ჰოტელ ჯგუფის ბიზნესის განვითარების უფროსი ვიცე–პრეზიდენტი დევიდ ჯენკინსი: „სილქ ჰოსფითალითისთან კიდევ ერთ გამორჩეულ პროექტზე მუშაობა განსაკუთრებით სასიამოვნოა. ეს კურორტი ჩვენი ახალი ბრენდის, რადისონ ინდივიდუალის, საუკეთესო მაგალითია. იგი დამოუკიდებელ სასტუმროებს აძლევს საშუალებას შეინარჩუნონ და წარმოაჩინონ საკუთარი უნიკალურობა და, ამავდროულად, ისარგებლონ რადისონ ჰოტელ ჯგუფის ოჯახის წევრობის უპირატესობებით“.
სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი იორდი ქუითი: „ეს სიახლე სილქ ჰოსფითალითის უკვე არსებული სასტუმროების და კურორტების წარმატების დამსახურებაა. ის ფაქტი, რომ სწორედ ჩვენ ვართ ამ პროექტის პარტნიორები, ხაზს უსვამს რადისონ ჰოტელ ჯგუფის ნდობის მაღალ ხარისხს სილქ ჰოსფითალითის, როგორც არა მხოლოდ სალიცენზიო შეთანხმების ბროკერის, არამედ იმ კომპანიის მიმართ, რომელიც სამომავლოდ კომპლექსის მართვასაც გაუძღვება. მოუთმენლად ველით პროექტის რეალიზებას და ბატონ საგანელიძესთან და რადისონ ინდივიდუალთან თანამშრომლობას. როგორც ჩვენი დანარჩენი პროექტების შემთხვევაში, ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ კურორტი მაღალი ხარისხის იქნება და ვიზიტორებს საუკეთესო დასვენების გამოცდილებას შესთავაზებს“.
სილქ ჰოსფითალითი სილქ როუდ ჯგუფში შემავალი კომპანიაა და საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. იგი მართავს სხვადასხვა დაწესებულებებს, რომელთა შორის არის მაღალი კლასის სასტუმროები და საცხოვრებელი პროექტები, რესტორნები, სამორინეები და დასასვენებელი ობიექტები. თითოეული მათგანი სტუმრებს კონკრეტულ სურვილებზე მორგებულ საცხოვრებელ თუ გასართობ სერვისებს სთავაზობს და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან გრძელვადიან ღირებულებას ქმნის. სილქ ჰოსფითალითი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობს და საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით ვიზიტორებს მსოფლიო დონის შესაბამის გამოცდილებას სთავაზობს.
სილქ ჰისფითალითის 2000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. მათ მართვას ახორციელებს კომპანიის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის, მარკეტინგის, ფინანსების, ადამიანური რესურსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოცდილ სპეციალისტებს აერთიანებს. სილქ ჰოსფითალითის პროექტები საქართველოს ყველაზე პოპულარულ და ისტორიულ ადგილებში — თბილისში, ბათუმსა და წინანდალში მდებარეობს.
რადისონ ჰოტელ ჯგუფი სასტუმროების ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია მსოფლიოში. იგი აერთიანებს 120 ქვეყანაში 1500-ზე მეტ სასტუმროსა და 9 გამორჩეულ ბრენდს— Radisson Collection, Radisson Blu, Radisson, Radisson RED, Radisson Individuals, Park Plaza, Park Inn by Radisson, Country Inn & Suites by Radisson და prizeotel.
რადისონ ჰოტელ ჯგუფის ერთ-ერთი ახალი ბრენდი რადისონ ინდივიდუალი თითოეული სასტუმროს ინდივიდუალობას უსვამს ხაზს. ამ ბრენდით ოპერირებენ სასტუმროები, რომლებსაც უნიკალური პერსონალური მახასიათებლები აქვთ. რადისონ ინდივიდუალი მათ რადისონ ჰოტელ ჯგუფის უპირატესობებით სარგებლობისა და საკუთარი ბრენდის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.
[პარტნიორის კონტენტი]