in

აბაჟურების შექმნის თანამედროვე ხელოვნება – ინტერვიუ რადა მერებაშვილთან

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ინტერიერის დიზაინი სწორად შერჩეული, ეფექტური განათების წყალობით ბევრად მომხიბვლელი ხდება, სწორედ ამიტომ, განათების დიზაინი ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც სახლის მოწყობისას უნდა გავითვალისწინოთ. არსებობს სანათების რამდენიმე კლასიკური, ელეგანტური, მრავლისმთქმელი სახეობა, რომელიც მოდის ტენდენციებს არ ემორჩილება და ყოველთვის ახერხებს მნახველის გაოცებას, ამიტომ მათი ინტერიერში შეტანა ყოველთვის ლოგიკურია.

სწორედ ასეთია ვინტაჟური, აბაჟურიანი სანათები, რომლებიც ადრე ძალიან პოპულარული იყო, თუმცა თანამედროვე სტილის დამკვიდრებასთან ერთად, თითქოს, აქტუალობა დაკარგა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ახლო წარსულში დატოვებული სხვადასხვა ნივთისა და დეტალის მოდერნისტულ სტილში ინტეგრირება, მათ შორის, აბაჟურიანი სანათებისაც. Homeis.ge გაგაცნობთ რადა მერებაშვილს, 30 წლის თვითნასწავლ ხელოვანს, რომელიც საკუთარი ხელით ამზადებს საოცარ აბაჟურებსა და სანათებს.

No description available.
რადა მერებაშვილის ნამუშევარი

-რადა, გვიამბეთ თქვენს თავზე. როგორ გაგიჩნდათ აბაჟურების კეთების ინტერესი? როგორ შეისწავლეთ ეს ხელოვნება?

-მე პროფესიით დიპლომატი ვარ, თუმცა ხელოვანმა, მხატვარმა დედამ და მის გარემოცვაში მუდმივმა ყოფნამ ხელოვნებისადმი უდიდესი ინტერესი და სიყვარული ჩამინერგა. 17 წლის ასაკში ვერ ვყალიბდებოდი მომავალ კარიერაზე, არ ვიცოდი, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი. ამ დროს სახლში გვქონდა ჩემი დიდი ბებიის ნაქონი აბაჟური, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ მისი განახლება ვცადე. შედეგი ძალიან ლამაზი გამოვიდა. სწორედ ამ პირვეელ ნამუშევარზე მუშაობისას მივხვდი აბაჟურის შეკერვის პრინციპს და დავიწყე ამ სფეროში მოღვაწეობა. პირველ ეტაპზე აბაჟურებს მეგობრებს ვუკერავდი და ერთ დღეს მოულოდნელად მივიღე შეკვეთა. ამის შემდეგ 13 წელი გავიდა, დღეს აბაჟურებსა და სანათებზე მუშაობა ჩემი საქმიანობაა და ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს.

-როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს სანათს ინტერიერში და რა მნიშვნელობა ენიჭება მას?

-სანათი და ზოგადად, განათება არის ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ჩემი აზრით, მას პირველი ადგილი უჭირავს დიზაინში, ვინაიდან ის ნებისმიერ სივრცეს უქმნის სიმყუდროვეს, ინდივიდუალობას, ანიჭებს ვიზუალურ ეფექტს და ხდის მას შთამბეჭდავს.

No description available.
რადა მერებაშვილის ნამუშევარი

-ჩაგვახედეთ აბაჟურების დამზადების პროცესში. რა ნაბიჯებს დგამთ პროდუქტის დამზადებისას?

-პირველ რიგში, ვარჩევ აბაჟურის ფორმას, შემდეგ ქსოვილს და ფოჩებს. აბაჟურის დამზადების პროცესი ჩანახატის დამზადებით ან კონსტრუქციის დახაზვით იქმნება. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია პროპორციის დაცვა – წინასწარ უნდა ვიცოდეთ ის ზომები, რომლებიც სანათს ექნება, რათა აბაჟური მას იდეალურად მოერგოს.

რადა მერებაშვილის ნამუშევრები

No description available.

-რადა, თქვენი ყოველი აბაჟური ერთმანეთისგან განსხვავებულია. თითოეული მათგანი სრულიად უნიკალური ფერთა პალიტრით, ორნამენტებითა და სტილით ხასიათდება. საიდან იღებთ შთაგონებას მათ დასამზადებლად?

-შთაგონებას დიდწილად ვიღებ იმ ქსოვილისგან, რომელსაც ვიყენებ, ან ინტერიერისგან, რომელშიც სანათმა ბინა უნდა დაიდოს. ძალიან მიყვარს ვინტაჟური ქსოვილებით მუშაობა – მათი ყურებისას წარმოვიდგენ ფორმას, ზომას, სტილს, რომელიც სანათს ექნება და დეკორის წვრილმან დეტალებსაც კი.

-რამდენადაა დამკვეთი ჩართული აბაჟურების დამზადების პროცესში?

-ხშირად მიწევს ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობა. მიხარია, რომ ჩემს აზრს თითოეული მათგანი ითვალისწინებს – ეს ჩემთვის დიდი პატივია. ხშირად ვცდილობ დამკვეთი ჩავრთო პროცესში: ერთად ვარჩევთ ფორმას, ქსოვილსა და დეკორის დეტალებს. მე არასდროს ვიმეორებ მოდელების დიზაინს, ამიტომ ისინი ერთმანეთისგან ყოველთვის განსხვავებულია. მინდა, რომ ყველა ჩემს დამკვეთს ექსკლუზიური სანათი ჰქონდეს, რომელიც არ განმეორდება და უნიკალური იქნება, ამიტომ კლიენტებთან ახლო კონტაქტი მაქვს, რაც სამომავლო დიზაინის უკეთ წარმოსახვასა და დამკვეთის სტილზე მორგებაში მეხმარება. სამუშაო პროცესის საბოლოო შტრიხი სწორედ მომხმარებლის ბედნიერი ღიმილია – ჩემი  უამრავი აბაჟურის მფლობელებიდან თითქმის ყველა მახსოვს და მიყვარს.

No description available.

No description available.
რადა მერებაშვილის ნამუშევარი

-როგორც ვიცით, თქვენ სანათების რესტავრაციაზეც მუშაობთ და მათ ახალ სიცოცხლეს ჩუქნით. რამდენად განსხვავდება აბაჟურების განახლებისა და დამზადების პროცესი ერთმანეთისგან?

-სანათების რესტავრაცია და დამზადება სრულიად განსხვავებული პროცესებია, როგორც ტექნიკურად, ასევე ემოციურად. ძველი სანათები ხშირად სენტიმენტალური მნიშვნელობისაა იმ ოჯახისთვის, რომელსაც მისთვის ძველებური ეშხის დაბრუნება სურს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რესტავრაციისას ავთენტურობა შევინარჩუნო და პატივი ვცე მის თავდაპირველ იერსახეს, რაც ძალიან რთულია. მაშინ, როცა სრულიად ახალ დიზაინს ქმნი, ბევრად თავისუფალი ხარ შემოქმედებითად, შეგიძლია შენს ფანტაზიას მეტი გასაქანი მისცე და ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარო.

რადა მერებაშვილის ნამუშევრები

ავტორი: ნინი ლეკიშვილი

საუნა საკუთარ სახლში – რა უნდა ვიცოდეთ მისი მოწყობის შესახებ

Casa Collina – ტრადიციული, იტალიური ქვით ნაშენები ვილა უმბრიაში