in

როგორ გამოვთვალო რამდენი ფილა მჭირდება იატაკის ან კედლის მოსაპირკეთებლად?

IPS
IPS

ფილები ძვირადღირებული მოსაპირკეთებელი მასალაა. არავის სურს, ზედმეტის გადახდა, თუმცა, დანაკლისის შემთხვევაში, იმავე მოდელის ძებნაც არ არის მარტივი. ამიტომ მნიშვნელოვანია, საჭირო მასალის რაოდენობა ზუსტად გამოთვალოთ მოპირკეთების სამუშაოების დაწყებამდე. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.

როგორ გამოვთვალოთ, რამდენი ფილა გვჭირდება?

ფილების საჭირო რაოდენობის გამოთვლა არც ისე რთულია. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე მეთოდი, რომლებიც საქმეს გაგიადვილებთ.

გამოთვალეთ ოთახის ფართობი

  • თუ იატაკი უნდა მოაპირკეთოთ, გაზომეთ ოთახის სიგრძე და სიგანე, კედლების შემთხვევაში — სიგრძე და სიმაღლე. უნდა გაიზომოს ყველა ის ადგილიც, რომელთა მოპირკეთებასაც არ გეგმავთ, მაგალითად: საინსპექციო ლუქები, კარის ღიობები, ფანჯრები და ა. შ. ჩაიწერეთ მონაცემები და დაამრგვალეთ უახლოეს სანტიმეტრამდე.
  • გამოთვალეთ მთლიანი ფართობი. ამისათვის იატაკის სიგრძე – სიგანეზე, კედლების სიგრძე კი სიმაღლეზე გაამრავლეთ.
  • განსაზღვრეთ იმ ფრაგმენტების ფართობი, რომელთა მოპირკეთებაც საჭირო არ არის.
  • ზედაპირების მთლიან ფართობს გამოაკელით იმ ფრაგმენტების ფართობი, რომელთა მოპირკეთებასაც არ გეგმავთ.
  • განსაზღვრეთ ერთი ფილის ფართობი. ამისათვის მისი სიგრძე სიგანეზე გაამრავლეთ.
  • მოსაპირკეთებელი ზედაპირის ფართობი გაყავით ერთი ფილის ფართობზე, შედეგი კი უახლოეს მთელ რიცხვამდე დაამრგვალეთ.

მიღებულ რიცხვს უნდა მიუმატოთ სარეზერვო მასალის რაოდენობაც. ამის შემდეგ უნდა განსაზღვროთ ფილის შეკვრების რაოდენობა, რაც საკმაოდ მარტივია. იმისთვის, რომ გამოვთვალოთ, რამდენი ფილაა შეკვრაში, მასში მოთავსებული მასალის ფართობი (ამ მონაცემს, როგორც წესი, მწარმოებელი უთითებს) ერთი ფილის ფართობზე უნდა გაყოთ. ამის შედეგად, შეკვრების საჭირო რაოდენობას დაადგენთ.

განსაზღვრეთ რიგების რაოდენობა

გამოანგარიშების ეს მეთოდი დასაგები რიგების დათვლას გულისხმობს. განვიხილოთ იატაკის მაგალითი (კედლის შემთხვევაშიც იგივე გამოთვლებია საჭირო).

  • გაზომეთ ოთახის სიგრძე და სიგანე.
  • გაზომეთ ერთი ფილის სიგრძე და სიგანე.
  • განსაზღვრეთ რიგების რაოდენობა. ამისათვის ოთახის სიგრძე მოპირკეთების სიგრძეზე გაყავით. მიღებული მაჩვენებელი უახლოეს მთელ რიცხვამდე დაამრგვალეთ.
  • დათვალეთ რიგში საჭირო ფილების რაოდენობა. ამისათვის ოთახის სიგანე ფილის სიგანეზე გაყავით. მიღებული სიდიდე უახლოეს მთელ რიცხვამდე დაამრგვალეთ.
  • მიღებული შედეგები გადაამრავლეთ. ეს იქნება ფილების საჭირო რაოდენობა.
  • 5-15% მარაგისთვის გაითვალისწინეთ.

ნაწილ-ნაწილ გამოთვლის მეთოდი

ეს რთული და შრომატევადი, თუმცა ყველაზე ზუსტი ტექნიკაა. იგი გამოიყენება რთული გეომეტრიის მქონე ოთახებისთვის, სხვადასხვა ზომის ფილების დამონტაჟებისას, დეკორატიულ ელემენტებთან ერთად მოპირკეთებისას და ა. შ. დიაგონალური განლაგების შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მეთოდი შემდეგია:

  • გაზომეთ ყველა საჭირო ზონა და მეტრები სანტიმეტრებში გადაიყვანეთ.
  • გაზომეთ ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალა, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ.
  • შეარჩიეთ შესაფერისი მასშტაბი. აიღეთ მილიმეტრულა ქაღალდი. მასზე დახატეთ ზუსტი მასშტაბის ოთახის სქემატური დიაგრამა, ისე, რომ ყველა მოსაპირკეთებელი ზედაპირი მითითებული იყოს.
  • ყველა ის ფრაგმენტი, რომლებიც უნდა მოპირკეთდეს, შერჩეული მასშტაბით დახატული სქემატური ფილებით შეავსეთ. გამოსახეთ ისინი ისე, როგორც ეს სინამდვილეში იქნება. თუ ფილები სხვადასხვა ზომისაა ან დეკორატიული ჩანართების გაკეთებას აპირებთ, ყველაფერი გეგმაზე, შესაბამისი მასშტაბით გადაიტანეთ.
  • დიაგრამაზე დათვალეთ თითოეული ტიპის ფილების რაოდენობა. მიღებულ შედეგს აუცილებლად დაუმატეთ 5-15% მარაგისთვის.

კომბინირებული მეთოდი

ეს ტექნიკა გამოიყენება მაშინ, როდესაც რამდენიმე ფრაგმენტის სხვადასხვა ტიპის ფილებით მოპირკეთებაა საჭირო. მაგალითად, ოთახის ცენტრში ფილებით „ხალიჩის“ შექმნას თუ აპირებთ, ამისთვის ნაწილ-ნაწილ გამოთვლის მეთოდი გამოგადგებათ, ხოლო დარჩენილი ფართობისთვის საჭირო ფილების რაოდენობა ოთახის ფართობის ან რიგების მიხედვით გამოთვალეთ. არ დაგავიწყდეთ ფილების მარაგის გათვალისწინებაც. თუ მოპირკეთების შემდეგ ფილები მოგრჩებათ, მათ გარკვეული დროის შემდეგ, რომელიმე ფილის დაზიანების შემთხვევაში გამოიყენებთ.

“Casa Ocal” – ევკალიპტის ხისგან აგებული სახლი ეკვადორის მთებში

„სახლი საკუთარი თავისთვის“ ტაბიძის ქუჩაზე — „Studio2AM“-ის ნამუშევარი