in

რას გულისხმობს “Loft” სტილი ინტერიერის დიზაინში

ინტერიერის დიზაინში მსოფლიოში სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმდინარეობა მკვიდრდება. დღესდღეობით ძალინ პოპულარულია ე.წ. “Loft” სტილი, რომელიც საკმაოდ  ბევრგან გვხვდება. თუმცა, რა ვიცით მის შესახებ? საინტერესოა, საიდან მოდის აღნიშნული სტილის ისტორია, რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს მას და რამ გამოიწვია მისი პოპულარობა.

“Loft” ინტერიერის დიზაინში თანამედროვე ურბანულ სტილს ნიშნავს, სიტყვასიტყვით კი ქარხნის ზედა სართულს, მანსარდას აღნიშნავს.  “ლოფტ დიზაინი” ამერიკაში მე-20  საუკუნის 40-იან წლებში დამკვიდრდა, შემდეგ კი  მსოფლიო მოიცვა.  ეს პროცესი კი ასე დაიწყო: მანჰეტენის რაიონში მიწის ღირებულების გაზრდის გამო, მოქმედი საწარმოები გარეუბნებში გადაიტანეს. მიტოვებული და დაცარიელებული შენობები ძალიან იაფად გაიყიდა და მოგვიანებით ძვირადღირებულ სახლებად იქცა.

Loft დიზაინი მოიაზრებს დიდ ნათელ და ღია სივრცეს, მაღალი ჭერით, დიდი ფანჯრებით,  აგურის კედლებითა და ინდუსტრიული ელემენტებით. ამ სტილის ინტერიერში მხოლოდ სველი წერტილები და საძინებელი ზონებია გამოყოფილი.  სივრცეების დაყოფა მასიური კედლების ნაცვლად, მინის ბლოკებით, თაროებით, ავეჯით, მცენარეებითა და სხვადასხვა მასალით მოწყობილი იატაკით ხდება.

რაც შეეხება კედლებს, ლოფტის დიზაინში ისინი აგურის ან ბეტონისაა. მცირე ზომის ბინებში კედლის აგურით მოპირკეთება ან ხით დაფარვა ხდება. ბეტონის იატაკი, რომელიც საცხოვრებელი სივრცისთვის მოუხერხებელია, შესაძლებელია შეიცვალოს ხის პარკეტით, სამზარეულოსა და სველ წერტილებში კი კერამიკული ფილებითა და მოზაიკური ბეტონით.  ჭერზე შესაძლებელია უბრალოდ თაბაშირის გამოყენება.

ლოფტის დიზაინის სხვადასხვა ტიპები:

  • ინდუსტრიული (იგივე სამრეწველო) ლოფტი – ინტერიერის დიზაინში ეს ყველაზე გავრცელებული სტილია. თუ ბინაში აგარაკის განწყობის შექმნა გსურთ, ინდუსტრიული ლოფტი ამის საუკეთესო საშუალებაა. ეს სტილი გულისხმობს ინტერიერში ლითონის ელემენტების, ღია სავენტილაციო არხებისა და კაბელების შეტანას. ავეჯი ყოველთვის მაქსიმალდ ფუნქციურია და გააჩნია მარტივი გეომეტრიული ფიგურების ფორმა.
  • ბოჰემური – ამ სტილის ლოფტის ინტერიერში ძველი და თანამედროვე ნივთები ისეა შერჩეული, თითქოს სივრცეში მათი შეტანა შემთხვევით მოხდა. ხელოვნების ნიმუშები პირველ ფლანგზე გადმოდის. ეს შეიძლება იყოს ავანგარდული ნახატები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ქანდაკებები და სხვა.
  • გლამურული – ამგვარი ლოფტი გამოირჩევა ფერების პალიტრით. ფერების შერჩევა ხდება არასტანდარტული მეთოდით. გლამურული ლოფტის შემთხვევაში აქცენტი კეთდება განათებებსა და ჭაღებზე, ბაროკოს სტილის სარკეებსა და დიდ მცენარეებზე.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ლოფტის სტილის ინტერიერში მთავარი ღირებულებები დიდი ღია სივრცე, სინათლე და თავისუფლებაა, ურბანული სტილის ინტერიერის შექმნა პატარა და დაბალჭერიან სივრცეშიც არის შესაძლებელი. ამ ეფექტის მიღება თანამედროვე და ძველი ნივთების, გამორჩეული ელემენტებისა და  სტილის შერევით არის შესაძლებელი.

7 ხერხი სახლში განწყობის ასამაღლებლად

3 რჩევა იმისთვის, რომ Wifi ინტერნეტი სახლის ყველა ნაწილში თანაბრად იჭერდეს