საცხოვრებელი ფართის ფუნდამენტური ამოცანების შესახებ ინტერიერის ყველა დიზაინერს საკუთარი აზრი გააჩნია, თუმცა არსებობს აქსიომა, რომელიც ერთხმად არის აღიარებული — კარგია ის ინტერიერი, რომელიც მეპატრონის ინდივიდუალობას ასახავს. დღეს კი განვიხილავთ, თუ რატომ შეიძლება აკლდეს ინტერიერს ინდივიდუალური სტილი და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა.
ნუ მოიქცევით ისე, როგორც ყველა
როგორც ლეგენდარულმა ამერიკელმა დეკორატორმა, ბილი ბოლდუინმა თქვა: „ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც დეკორატორს შეუძლია, არის ის, რომ დამკვეთმა საკუთარ სახლში თავი სტუმრად იგრძნოს“.
ახლა, როდესაც სტილების შერევა მოდაშია, დროა უნიკალურ ნივთებსა და გადაწყვეტებზე ორიენტირდეთ. მთელი ავეჯის ერთი კოლექციიდან შერჩევის შედეგად, შესაძლოა, თქვენი სახლი „ნახევარფაბრიკატად“ იქცეს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინტერიერი მთლიანად ანტიკვარებისგან და ხელნაკეთი ნივთებისგან უნდა შედგებოდეს. არ არის აუცილებელი მასობრივი პროდუქციის გამორიცხვა, მაგრამ შეგიძლიათ უბრალოდ საინტერესო კომპანია მოიძიოთ. დიზაინერებს აღარ აინტერესებთ სტილის ინგრედიენტების სრულყოფილი შერწყმა. უნიკალურობა და არასრულყოფილება ინტერიერის ახალი ესთეტიკაა.
იქონიეთ მოთმინება
როდესაც ინტერიერის გასაფორმებლად საკმარისი ბიუჯეტი არ გაგაჩნიათ, ხშირად „მინდა“-სა და „შემიძლია“-ს შორის არჩევანის გაკეთება გიწევთ, რაც ხშირად ინდივიდუალობის შეწირვით მთავრდება. არ არის აუცილებელი, ყველაფერი ერთდროულად შეიძინოთ. ოთახის თქვენთვის არასასურველი ნივთებით ავსებას სჯობს, მოითმინოთ და ეტაპობრივად იყიდოთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
სამუდამო რემონტი
თუ გსურთ, რომ ნერვულ სისტემას მოუფრთხილდეთ, უმჯობესია რემონტი ერთხელ და ხარისხიანად გააკეთოთ. თუმცა, ასეთ პირობებში ინდივიდუალობის ჩვენება საშიში ჩანს. რისკების შესამცირებლად, ადამიანები ირჩევენ ნეიტრალიტეტს ან კლასიკას, ყველაზე ხშირად კი ნეიტრალურ კლასიკას.
რემონტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხელშეუხებელი და აქტუალური რჩება, უტოპიაა. მაშინაც კი, თუ მასალები არ გაფუჭებულა, თქვენი გემოვნება და სურვილები შეიცვლება, რომ აღარაფერი ვთქვათ ტენდენციებზე.
მაშინ როგორ შეიძლება, გავაერთიანოთ ზემოთ მოცემული ორი მოსაზრება? შეგიძლიათ არჩევანი ნეიტრალურ საბაზისო გადაწყვეტებზე შეაჩეროთ, მაგრამ ინტერიერში ტრანსფორმაციის შესაძლებლობა დაუშვათ. ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი ხარისხის მოპირკეთებაზე, რომელიც მზად არის ნებისმიერი კომბინაციისა და გარკვეული მეტამორფოზებისთვის. შეგიძლიათ შეცვალოთ ავეჯი, ტექსტილები, სხვადასხვა დეკორაციული ელემენტები და ა. შ. შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში ზედაპირებიც კი შეიღებოს და ასეთი სახის განახლება დიდ ძალისხმევასთან არ იქნება დაკავშირებული.
ტენდენციები
ეს საპირისპირო სიტუაციაა: ინტერიერში ასახულია ყველა მიმდინარე ტენდენცია. ასეთი საცხოვრებელი სივრცე შეიძლება არ იყოს საკმარისად პერსონალური, მით უმეტეს, თუ ტენდენციებს დიზაინერი არჩევს. მოდისადმი ბრმად მინდობისას შეიძლება საკუთარი თავი დაკარგოთ და აღმოაჩინოთ, რომ გარემო, რომელიც შექმენით სულაც არ შეეფერება თქვენს პიროვნებას.
ამის თავიდან ასაცილებლად, გამოიკვლიეთ საკუთარი თავი. დაფიქრდით, რომელი სტილი აღგაფრთოვანებთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმას, რამდენად გადავიდა ეს ტენდენცია მოდიდან, დიზაინერების აზრით.
მოდასა და ინდივიდუალობას შორის არჩევანის გაკეთება საჭირო არ არის. პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი შეძლებს თქვენი პრეფერენციების მიმდინარე ტენდენციებთან შერწყმას.
იდეა?
ზოგჯერ ინტერიერს უბრალოდ კონცეფცია აკლია. პერსონალიზებული ინტერიერი მოგვითხრობს ამბავს. ეს შეიძლება იყოს ოჯახის რამდენიმე თაობის ცხოვრების ისტორია, შენობის, წარსული ეპოქის ამბავი ან საზღვარგარეთ მოგზაურობის ბედნიერი მოგონებები. ზოგჯერ კედლები თავად გვკარნახობს, თუ როგორ უნდა გავაფორმოთ ისინი. ხანდახან მხოლოდ ერთი ობიექტი ან ხედი ფანჯრიდან ხდება ამოსავალი წერტილი. მთავარია, რომ ისტორია თქვენ გეხებოდეთ.
მოემზადეთ დიზაინერთან საუბრისთვის და ერთად მუშაობისთვის, რომლის დროსაც გაიგებთ და აუხსნით მას, თუ რა გრძნობების მიღება გსურთ ინტერიერისგან. პროფესიონალი საუკეთესო გადაწყვეტებს შემოგთავაზებთ და თქვენთვის მოდის ტენდენციებს დაარეგულირებს.