წყალზე მოტივტივე შენობების სპეციფიკა მუდამ აინტერესებდათ მკვლევრებსა და არქიტექტურით დაინტერესებულ ადამიანებს. 1960-იან წლებში , ცივი ომის პერიოდში, ფრანგმა მკვლევარმა, ჟაკ კუსტომ გამოიგონა აკვალანგი, ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ზღვებისა და ოკეანეების სიღრმის შეცნობა და გამოკვლევა გამარტივდა. კუსტოს ღრმად სწამდა, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ადამიანების ზღვების სიღრმეშიც ააშენებდნენ ქალაქებს, თუმცა აკვალანგის გამოგონებიდან 60 წლის შემდეგ კაცობრიობას წყლის დაბინძურებაზე უფრო მეტი ფიქრი უწევს, ვიდრე მასში ქალაქების გაშენებაზე. მიუხედავად ამისა, დღეს ბევრ ისეთ არქიტექტურულ პროექტს ვხვდებით, რომელიც წყალზე მოტივტივე ნაგებობას მოიცავს. ამ პროექტების კომპლექსურობიდან და პოპულარობიდან გამომდინარე, გვიჩნდება კითხვა – როგორ არ იძირებიან შენობები წყალში?
წყალზე მოტივტივე შენობების ისტორია არც ისეთი მოკლეა, როგორც შეიძლება გვეგონოს. რეალურად, 1960-იანებში იაპონელი არქიტექტორები უკვე ფიქრობდნენ როგორ გადასულიყვნენ წყლის დაგეგმარებაზე და როგორ აეშენებინათ მოტივტივე სახლები, ვინაიდან ტოკიოში სივრცის ნაკლებობა და მიწის სიძვირე მშენებლობებს ართულებს. გარდა ამისა, სამხრეთ ერაყში მცხოვრები მადანების მოტივტივე კუნძულები უკვე ექვსი ათასი წელია არსებობს. ხელოვნური მოტივტივე კუნძულები გვხვდება ასევე პერუში, ტბა ტიტიკაკაში. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნიდერლანდები – ქვეყანა, რომლის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ზღვის დონის ქვემოთ მდებარეობს და რომლის არქიტექტურაც უკვე დიდი ხანია, მოერგო ლანდშაფტს.
ადრე წყალზე განთავსებული სახლი ისეთი ხის დიდი ნაჭრებისგან იგებოდა, რომლებიც არ იძირებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მოტივტივე სახლების ასაგებად სხვადასხვა მასალას იყენებდნენ. ერთ-ერთი იყო პლასტმასი. სწორედ პლასტმასის მასიური ნაჭრებით ააგო არქიტექტურულმა სტუდია NLÉ Architects-მა მოტივტივე სკოლა მაკოკოში (ნიგერია), მაგრამ 3 წლის შემდეგ შენობა დაინგრა.
იტალიაში, ტბა ისეოზე აგებული მოტივტივე ნავსადგომი, რომლის პროექტიც ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე 2016 წელს წარუდგინეს საზოგადოებას, ხალხს საშუალებას აძლევდა, წყალზე გაეარა. მისი საძირკველი ორასი ათასი მაღალი გამძლეობის მქონე პოლიეთილენის კუბით იყო გამყარებული, რაც საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება აღმოჩნდა, ვინაიდან პოლიეთილენის კუბები ტბის ტალღოვან მოძრაობას იმეორებდნენ და არ იძირებოდნენ.
კიდევ ერთი უჩვეულო მასალა, რომელსაც არქიტექტორები წყალზე მოტივტივე შენობების საძირკვლის შესაქმნელად იყენებენ, არის ცემენტი. ამ მეთოდის გამოყენების ორი გზა არსებობს – პირველი გზის მიხედვით ცემენტის სტრუქტურაში დიდ ცარიელ სივრცეებს ტოვებენ, რომელიც შემდეგ სხვა მასალით ივსება, ძირითადად – პენოპლასტით.
მეორე გზის მიხედვით, ცემენტი იმიტომ ახერხებს წყლის ზედაპირზე ტივტივს, რომ თავად წყალს უცვლის მდებარეობას. როგორც გემს, ცემენტსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვრულ სიღრმემდე ჩაძირვა. ბუნებრივია, ცემენტი ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს დამუშავებული, რათა წყალმა მის ბზარებში ვერ შეაღწიოს.
არსებობს, ასევე, „ამფიბიის“ ტიპის არქიტექტურა, რომელიც ისეთი ტერიტორიისთვისაა ზედგამოჭრილი, რომელიც პერიოდულად იტბორება. მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა კატრინამ ნიუ ორლეანის შტატის დატბორვა გამოიწვია, „Morphosis Architects”-ის არქიტექტორებმა შეიმუშავეს ისეთი რეზიდენციის პროტოტიპი, რომელიც წყალდიდობას გაუძლებდა. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი სახლია, თუმცა ბეტონის ბოძებზეა დამაგრებული და ცემენტის წყალქვეშა საფუძველი აქვს. თუ წყლის დონე აიწევა, სახლი მას ზედაპირზე მოექცევა და ტივტივს განაგრძობს. „ამფიბიური“ სტრუქტურები არაა სტატიკური, ისინი ისე პასუხობენ დინებისა და წყლის დონის ცვლილებას, როგორც გემები.
მოტივტივე სახლების მშენებლობის განვითარება დღესდღეობით უმთავრესი არქიტექტურული ამოცანაა, ვინაიდან გლობალური დათბობის ეფექტის გამო წყლის ზედაპირი სულ უფრო და უფრო იზრდება – ახალ პირობებთან ადაპტირება სულ უფრო პრიორიტეტული გახდება.
წყარო: www.archdaily.com