in

რატომ უნდა გამოვიყენოთ ყვითელი ფერი ინტერიერში? – 19 ფოტო რეალური პროექტებიდან

ყვითელი სავსეა სახალისო განწყობით, რომელსაც მთელი სივრცის გარდაქმნის უნარი შესწევს. ეს არის ოპტიმიზმის, გამბედაობის, მხიარულების, საზაფხულო არდადეგების, მცხუნვარე მზისა და ბედნიერების ფერი, რომელიც თქვენს სახლს სიცოცხლის ენერგიით აავსებს. ქვემოთ მოცემულია მაგალითები, რომლებიც ინტერიერში ამ მხიარული ფერის გამოყენებას გაგიმარტივებთ.

ამ სასადილო ოთახში ბუხარი კაშკაშა ყვითელი ფერითაა შეღებილი, რაც შესანიშნავ კონტრასტს ქმნის ოთახის დომინანტურ მოვარდისფრო ტონებთან.

ეს კაბინეტი ეკლექტიკური დიზაინის შესანიშნავი მაგალითია. ყვითელი ფერის სიჭარბეს, ოთახის მცენარეებსა და ყვავილიან გამოსახულებებთან ერთად, სივრცეში გაზაფხულის შეგრძნება შემოაქვს.

ამ სასადილო ოთახში, დეკორატიული და პრაქტიკული ელემენტების ჭკვიანური შეხამებით, გამორჩეული, კომფორტული სივრცე იქმნება. კლასიკური ვიქტორიანული სახლის კედლებისა და კარადების გასაფორმებლად უმშვენიერესი ყვითელი ტონია გამოყენებული.

ქვემოთ ნაჩვენები სამზარეულოს კედლებისთვის გამოყენებული ყვითელი ფერი შესანიშნავ კონტრასტს ქმნის ძველ პარკეტთან.

ამ მისაღები ოთახის კედლები მოკრძალებული ყვითელი ფერითაა შეღებილი, რომელიც საუცხოოდ ერწყმის ჯონ სტეფანიდისის სავარძელს, სახელად „Victoria“.

სტოკჰოლმში მდებარე ამ პატარა ბინის სამზარეულოს კარადები ყვითლად არის შეღებილი. სივრცე მეპატრონის გემოვნებასაც წარმოაჩენს და, ამავე დროს, მცირე ტერიტორიის ეფექტურად გამოყენების მაგალითსაც იძლევა.

განახლების შემდეგ ამ სააბაზანოს ყვითელი ფერით გაფორმებული პანელური მოპირკეთება და ვინტაჟური ავეჯი დაემატა, რომელიც სივრცეს მეტ სითბოსა და მყუდროებას ჰმატებს.

სტუმრებისთვის განკუთვნილი ამ საძინებლის კედლები „მდუმარე“ ყვითელი ფერითაა შეღებილი, რაც ოთახს სიკაშკაშესა და ხალისს ანიჭებს, ამასთან, შესანიშნავად ერწყმის სივრცის სხვა ელემენტებსაც.

ეს საძინებელი მთლიანად ყვითლადაა შეღებილი. კედლებისა და ჭერისთვის ერთი და იმავე საღებავის გამოყენებით საოცრად მყუდრო გარემო იქმნება.

მთავარი საძინებლის სააბაზანო ტრადიციული და თანამედროვე სტილების საუცხოო ტანდემია. მდოგვისფერი აბაზანა მნახველის ყურადღებას მაშინვე იპყრობს.

ეს მთავარი საძინებელი იმით გამოირჩევა, რომ პარკეტი იატაკიდან კედლებამდე ადის და ქმნის საწოლის თავს, რომლის საშუალებითაც ელექტრობა ოსტატურადაა დამალული. მდიდარ ყვითელ ტონში გადაწყვეტილი კედლები ხის ტექსტურას შესანიშნავად ერწყმის.

ყვითელი საღებავის დახვეწილი ალტერნატივა, შესაძლოა, იმავე ფერის შპალერი იყოს. ქვემოთ ნაჩვენები მისაღები ოთახი ამის თვალსაჩინო მაგალითია.

ეს ჰოლანდიური ფერმის სახლი სავსეა მარტივი ავეჯით, რუსტიკული კერამიკით, მწვანე, ლურჯი და ყვითელი ტონებით, რაც საერთო ჯამში, საუცხოო კომბინაციას ქმნის.

თუ მთელი ოთახის ყვითლად შეღებვა მეტისმეტი გეჩვენებათ, ეს ფერი მხოლოდ სამზარეულოს კარადებისთვის გამოიყენეთ. ქვემოთ მოცემული ფოტო ნამდვილად შთაგაგონებთ.

ედინბურგში მდებარე ბინის ამ სამზარეულოში ინტერიერის დიზაინერმა ყვითელი საღებავისა და ღია ლურჯი კარადების ბრწყინვალე კომბინაცია გამოიყენა. მაგიდის გადასაფარებელს ოთახში მეტი სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს.

ამ მისაღები ოთახის კედლები ხალისიანი ყვითელი ფერითაა შეღებილი. სივრცეში სითბო უამრავ ნიმუშიან ქსოვილს შემოაქვს.

ამ ფერმის სახლის მდოგვისფერი კედლები საკმარისად კაშკაშაა იმისთვის, რომ სივრცეში თანამედროვეობა შემოიტანოს, მაგრამ არც ისე მყვირალა საიმისოდ, რომ ტრადიციულ ავეჯს არ მოუხდეს.

კაშკაშა ყვითელი ფერი სითბოსა და სინათლეს ჰმატებს ამ საძინებელს, რომელიც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ბნელი და მოსაწყენი ყოფილიყო.

სხვენის კედელში განთავსებული საწოლის გარშემო გამოყენებული ყვითელი ფერი ისედაც უჩვეულო საძინებელს კიდევ უფრო ჯადოსნურ შტრიხებს ჰმატებს.

 

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ორთქლის ღუმელი Miele-სგან – 5 მიზეზი მის ასარჩევად

მომხიბვლელი ბინა სხვენში სტოკჰოლმის ისტორიულ შენობაში